33 წელი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან – აქცია პარლამენტთან და გონჩარენკოს მიმართვა ქართველებს

April 9, 19:01
0
624

საქართველოს პარლამენტთან „დროას“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ერთიანობა“.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 33 წლის შემდეგაც ქვეყანა ისევ რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშაა და საჭიროა გაერთიანება, რათა მტერს ჩვენი სიმტკიცე ვუჩვენოთ.

აქციაზე სიტყვით გამოდიან სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. შეკრებილებს მიმართა უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა ალექსეი გონჩარენკომ.

როგორც „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, 9 აპრილის ყველაზე დიდი გაკვეთილი არის ერთობა.

„დღეს ჩვენ იგივე შემართებით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. დღევანდელი აქცია არ არის პარტიული აქცია, უბრალოდ, ჩვენი ინიციატივა იყო. მე საერთოდ არ ვაპირებ გამოსვლას, მაგრამ გამომსვლელთა შორის იქნება დევნილი, რომელმაც გამოიარა ჭუბერი, ასევე იქნებიან იმ თაობის ადამიანები, ვინც აქ იდგნენ. იქნება ჩართვა ჩვენი მეგობრებისა, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში, მათ შორის იქნება გონჩარენკო. გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ერთობას, რომელიც დღეს არის საქართველოსა და უკრაინის ამოცანებს შორის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.„ქართველო ძმებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის სიტყვით გამოსვლა. 33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას. ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით…. გავიდა 33 წელი, საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო. ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელორუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ და დავამარცხებთ ბორტების იმპერიას. ჩვენი თავისუფლებისთვის, Слава Україні, საქართველოს გაუმარჯოს”, – აღნიშნა გონჩარენკომ.

Cesko