,,როცა ვუთხარი, მივდიოდი, მაიას არ სწყენია და არც უნდა სწყენოდა” – ნიკოლოზ ხაჩიძე

March 30, 23:54
0
905

ჟურნალისტი ნიკოლოზ ხაჩიძე დაახლოებით 9 წლის განმავლობაში თოქ შოუ ,,პროფილის” პროდიუსერი იყო. თავადაც მიჰყავდა გადაცემა ,,უხერხული კითხვები”. ,,პროფილის” შემდეგ კი ნიკოლოზ ხაჩიძე ,,სხვა კითხვებით” ,,რუსთავი 2″-ზე დაბრუნა. კარიერაში ახალ ეტაპზე ნიკოლოზ ხაჩიძე ,,სარკეს” პასუხობს.

ნიკოლოზ ხაჩიძე: ,,პროფილიდან” სექტემბერში წამოვედი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ გადაცემაში. ასე დიდხანს არსად მიმუშავია და ეს იმ ფანტასტიკური გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეშიც მაია ასათიანი იყო.

მაიასთან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტი გახლდათ. ბევრ რამეს სწავლობდი, ბევრ რამეს იგებდი… რაც მთავარია, ყველაფერს ითვალისწინებდა და იყო სრული ჰარმონია. ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი. მერე კი მივხვდი, რომ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო.

მაია არა მხოლოდ ტელეწამყვანია, პროდიუსინგში, იდეებში – ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, სადაც უნდა იყოს, მაინც წარმატებული იქნება.

– მაია ასათიანი თქვენზე ნაწყენი არ დარჩა?

– არა! იმდენი წელი გავატარეთ ერთად და ისე ვმეგობრობდით… იმდენად შეგნებული და საქმის პროფესიონალია, რომ, როდესაც ვუთხარი, მივდივარ-მეთქი, არ სწყენია და არც უნდა სწყენოდა. ყველას კარგად გვესმის, რომ სამუდამო არაფერია. ზუსტად ვიცი, რომ უნდა, წარმატებული ვიყო. მეც ვიცი, რომ თვითონაც წარმატებული იქნება. საკუთარ თავს კიდევ ბევრჯერ ანახებს მაყურებელს ეკრანზე თუ ეკრანის მიღმა და ნახავთ, რა შეუძლია.

არანაირი განხეთქილება და კონფლიქტი ჩვენ შორის არ ყოფილა. პირიქით, ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც მრავალი წლის კოლეგებსა და მეგობრებს შეეფერებათ. ბუნებრივია, გული დასწყდებოდა, მაგრამ ესეც არ გამოუხატავს, გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს.

Cesko