,,ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს იმ იდუმალებასთან, რასაც ღმერთი ჰქვია. მჯერა, რომ ის არსებობს და რაც უფრო შევდივარ ასაკში, უფრო და უფრო ვრწმუნდები”, – უთხრა მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა ,,სარკეს” და ერთ უჩვეულო ამბავს მოუყვა, რომელიც ბავშვობაში შეემთხვა.
ლაურა რეხვიაშვილი: თელაველი ვარ. ჩვენი სკოლის პიონერხელმძღვანელმა გადაწყვიტა, ლაშქრობაში წავეყვანეთ და ალავერდის ტაძარი მოგვენახულებინა. წინა დღეს მეზობლმა მითხრა, ალავერდში იესო ქრისტეს ხატია, მარჯვნივ რომ წახვალ, გიყურებს, მარცხნივ წახვალ, გიყურებსო.
მასწავლებელმა ტაძარი მოგვატარა, შემდეგ გვითხრა, გარეთ გავიდეთო. მე დავრჩი. იესო ქრისტეს ხატის წინ დავდექი, წავედი მარჯვნივ – მიყურებს. წავედი მარცხვნივ – მიყურებს. ცენტრში დავდექი და ისევ მიყურებს.ისევ მარჯვნივ წავედი და… ფეხი გადამიბრუნდა. დავიხედე ძირს და საშუალო ზომის ქვა ეგდო. გამწარებულმა ავიღე და ხატს პირდაპირ თვალში გავარტყი ისე, რომ საღებავი ჩამოიშალა.
ვიგრძენი, თითქოს მარწუხები შემომეჭირა. ტყვიასავით გავვარდი გარეთ. სახლში დაღლილ-დაქანცული მივედი. მეორე დღეს უცებ ცუდად გავხდი, დღემდე არ ვიცი, რა დამემართა. არაფერი მტკიოდა, უბრალოდ გავშეშდი. გამიშეშდა ხელი, სკამიდან გადმოვვარდი…
აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება და ერთი წელი გაგრძელდა. ყოველ საღამოს ცუდად ვხდებოდი, გონება საღი მქონდა და სხეული მეთიშებოდა. ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებდი. ერთადერთი, რისი საშუალებაც მეძლეოდა, იყო ის, რომ თავს კედლისკენ ვატრიალებდი და ქალს ვხედავდი. ალბათ ის ქალი დედა ღვთისმშობელი გახლდათ…
– ექიმები რას ამბობდნენ?
– თბილისში ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. დახვრეტას გადარჩენილი იყო. ამბობდა, ნეტავ, ღმერთმა რატომ გადამარჩინა, შვილის ასეთ გამწარებას აღარ ვნახავდიო. მეზობელის რჩევით დედამ მლოცველთან მიმიყვანა – ჩვენს სოფელში იყო თინათინი, რომელმაც ლოცვები იცოდა.
თინათინმა თითისტარზე ფთილა შემოახვია და ერთმანეთში გადასკვნა. საქართველოს სალოცავებს ასახელებდა და ევედრებოდა ჩემს გამოჯანმრთელებას. ალავერდის ტაძარი რომ ახსენა, ფთილა გაიხსნა და ჩამოვარდა. თინათინმა მკითხა, ალავერდში ბოლოს როდის იყავიო. დავიწყე იმ ამბის მოყოლა და ვხვდებოდი, რომ მარწუხებისგან ვთავისუფლდებოდი.
დედამ მეორე დღესვე ალავერდში წამიყვანა. ტაძრის გარშემო მუხლებით იხოხა, თან ლოცულობდა. იმ დღის შემდეგ მე ცუდად აღარ გავმხდარვარ.