“საშინელება იყო” – ოზურგეთის თეატრში ბავშვებს სექსუალური სცენები აყურებინეს

0
575
33 Views

ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი სკანდალში ეხვევა. 23 მარტს სპექტაკლზე “რესპუბლიკა გურია” ოზურგეთის სხვადასხვა სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები მიიყვანეს და სპექტაკლს, რომელიც უხვად არის გაჯერებული ძალადობისა და სექსუალური სცენებით, აყურებინეს.

როგორც ,,ტვ პირველს” უყვებიან, სცენები იმდენად უხამსი იყო, რომ პედაგოგებმა და მშობლებმა პროტესტის ნიშნად სპექტაკლი დატოვეს.

ბილეთი გვაყიდინეს, კარგი სპექტაკლიაო. მეორე კლასელი ბავშვი მიმაყვანინეს და სირცხვილისგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ძალადობის, გაუპატიურების საშინელი სცენები იყო. წარმოუდგენელი რამ მოხდა – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
იგივეს უდასტურებენ ,,ტვ პირველს” სკოლის პედაგოგები, რომლებიც არ მალავენ, რომ სპექტაკლი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოზურგეთის თეატრში ამბობენ, რომ სპექტაკლი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ნამდვილად არ არის, თუმცა უარყოფენ, რომ ბავშვებს ძალადობის სცენები აჩვენეს.

ბავშვების გამო ეგ სცენები ამოღებული იყო. სპექტაკლი რუსის ძალადობას ეხება და სხვას არაფერს. გეთანხმებით, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ეს არ უნდა ნახონ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა სკოლებს ეკისრება, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგოძე.
მომხდარის გამო მასწავლებლები და მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და საჯარო განმარტებას ითხოვენ.

Cesko