ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პუტინს ირეალური ძალების ძალიან სჯერა. იმასაც ამბობენ, რომ ყველა ომს იწყებს განსაკუთრებული თარიღების დროს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში იღებს. სოციალური ქსელების ჯგუფებში ძალიან სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ პუტინს თავისი შამანები ჰყავს, რომლებიც მას რიტუალებს უტარებენ. თუნდაც რამდენიმე თვის წინ შეიძლება ამ ინფორმაციაზე ბევრს გასცინებოდა, მაგრამ ახლა ყველა ხედავს მენტალური პრობლემების მქონე მანიაკს, რომელიც პარანოიით არის შეპყრობილი და არავინ იცის, მის თავში რა ტრიალებს.
3 წლის წინ მთელი მსოფლიო დასცინოდა ირკუტსკელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, რომელიც ამბობდა, რომ პუტინისგან დემონები უნდა განედევნა, მაგრამ ეს სასაცილო სულაც არ აღმოჩნდა თავად პუტინისთვის. გაბიშევის დასაკავებლად სპეცრაზმი გაგზავნა. ბანაკს, სადაც შამანი ღამეს ათევდა, ნიღბიანებმა ალყა შემოარტყეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
-ტრასა სპეცდანიშნულების რაზმს ჰქონდა გადაკეტილი. იარაღით იდგნენ. მოგვაწმყვდიეს ალყაში,- აცხადებდა მაშინ შამანის მომხრე.
თვითმხილველების თქმით, 40 ნიღბიანს ხელში იარაღი და ფანრები ეჭირა. მობილური ქსელიც ჩაახშვეს. ვინც კითხვებს სვამდა, სახით მიწაზე აწვენდნენ. მოგვიანებით თავად იაკუტიის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ,,პაციენტს გამოუვლინდა პათოლოგიები”, რის გამოც მას ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა ემკურნალა.
შამანი გაბიშევი აცხადებდა, რომ ,,რუსეთის პრეზიდენტი ბნელი ძალების პირმშოა” და მხოლოდ ის თუ გაუმკლავდებოდა. მან ჩიტაში მიტინგიც ჩაატარა, რომელსაც 700 ადამიანი ესწრებოდა. ,,დაიმახსოვრეთ, პუტინი თქვენთვის განაჩენი არ არის”, – განაცხადა გაბიშევმა აქციაზე.
ის მოსკოვისკენ ფეხით მიდიოდა, გზა და გზა ვიდეოებს წერდა, რომლებსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა. საკუთარ თავზე შამანი ყვებოდა:
-მე ვარ იაკუტსკიდან, 51 წლის. სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სპეციალობით არ მიმუშავია… დემოკრატია შიშის გარეშე უნდა იყოს. დღეს ხალხს ლაპარაკის ეშინია, რადგან ხელფასს არ მისცემენ. ჩვენთან პუტინის, სახელმწიფოს ძალა შეუზღუდავია, დემონურია. ხალხი ხელოვნურ დეპრესიაშია ჩავარდნილი. ჩემთვის პუტინის წასვლა იქნება გამარჯვება. მთავარია, დემონი დავამარცხო, ხალხი კი ერთმანეთთან მოაგვარებს საქმეს. სეჩინებსა და მედვედევებზე ჭკვიანები გამოჩნდებიან. სხვა პარტიები აღდგებიან, გამოჩნდებიან.