(ვიდეო) – “ასე გადაარჩინა უკრაინამ საქართველო… უკრაინელები უნდა გვიყვარდეს, ძლიერი ხალხია და ქართველები უყვართ, ამიტომ გააკეთეს ეს” – შევარდნაძე

0
956
39 Views

ჟურნალისტ, თომა ჩაგელიშვილთან ინტერვიუში, უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, ამბობს:

“ერთი ამბავი არ მითქვამს და არც საქართველომ არ იცის ეს. ძალიან შეგვავიწროვეს თავის დროზე დასავლეთ საქართველოში, ზვიადის მომხრეებმა, სენაკი, ზუგდიდი დაიკავეს, ამ დროს მე მოსკოვში ვარ, ელცინთან უკმაყოფილება მომივიდა – გადახაზა ასე – აქეთ შენ იყავი, იქეთ ის იყოს. ჩამოვედი და გავიგე, რომ ფოთი აღებულია, ფოთი დაუკავებია უკვე რუსებს, ჩეჩნებს და სხვებს… პატარა რაზმი იყო ქართული, საცოდავი ბიჭები შეშინდნენ, გაიქცნენ ტყეში და ასე გადარჩნენ.

ელცინისგან ვერაფერი მივიღე სასიკეთო. გაბრაზებულმა ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. ჩამოვფრინდი კოპიტნარში, აბაშაში იყო ჩემი ვაგონი და იმ ვაგონში, თუ რამე ჰქონდა მაშინ ხელისუფლებას კავშირგაბმულობის საშუალებები, ყველაფერი იყო. ვფიქრობ, რა გავაკეთო, ვის დავურეკო და დავურეკე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, კრავჩუკს.

ეს არ იციან საქართველოში. დავურეკე და ვუთხარი, ჩვენ მეათე-მეთერთმეტე საუკუნიდან ვმეგობრობთ,-მეთქი, ასეთია ჩვენი ისტორია-მეთქი. ფოთი დავკარგეთ, ეს რას ნიშნავს – მატარებელი ვერ შემოვა, პროდუქტები ვერ შემოვა, ყველაფერს ისინი აკონტროლებენ და ბათუმის დაკავებასაც აპირებდნენ, იმასაც დაიკავებდნენ. კრავჩუკს ვუთხარი, ჩვენი ხალხების მეგობრობის გულისთვის, თუ რამე შეგიძლია, მოგვეხმარე-მეთქი. რა შემიძლიაო? მე გეტყვი-მეთქი, ფლოტი ჰყავდა ძალიან ძლიერი, თუ შეგიძლია ფლოტი მომახმარე და როგორც კი ფლოტი მოაუახლოვდება ფოთს, ესენი აიკრავენ გუდა-ნაბადს და… იქ ჯარიც არის იმ ფლოტში, ტვიამფრქვევებიც, ზარბაზნებისც, ტანკებიც და ყველაფერი, უზარმაზარია.

მითხრა, ელცინს ხომ ვერ დაურეკავ, ხომ არ შეგიძლიაო. ვერა-მეთქი, ისეთი რამე მითხრა, ვერ დავურეკავ-მეთქი. კარგი, მე ვიღებ ჩემ თავზე და საათნახევარში დაგირეკავო. დამირეკა მართლაც საათნახევარში, მივეცი ადმირალს ბრძანება, ამ საღამოს წამოვა და ხვალ საღამოს ფოთში იქნებაო. მართლაც, მეორე დღეს დღეს ფლოტი ჩამოვიდა, ჩამოვიდა გაბრჟღვიალებული, ესენი ვინც იყვნენ, დაფრთხნენ, ფლოტი მოდის, კარგი დღე არ დაგვადგებაო და ფოთი გაათავისუფლეს. გვითხრეს მერე, ჩვენ დავიკავეთ ის პოსტები, რომელიც საჭიროა, გამოყავით ბიჭები და დაიკავეთ ქალაქი, ჭიშკარი ღია გექნებათ. 10 დღე დარჩა ის ფლოტი იქ. როცა დარწმუნდნენ რომ მაგრად ვიდექით, სენაკი ჩვენი იყო, ზუგდიდი ავიღეთ, მერე თქვეს, ახლა ბრძანება გვაქვს უნდა წავიდეთ, თქვენი ბიჭები ისე მაგრად დგანან, საფრთხე არ გემუქრებათო. ამან გადაწყვიტა საქართველოს ბედი.

შევუთვალე კრავჩუკს, დიდი მეგობრები არ ვიყავით, ახალგაცნობილი იყო, თუ მოცემ ნებას, ამ ფაქტის შესახებ დავწერო ჩემ მემუარებში, რომ უკრაინამ საქართველო მაშინ გადაარჩინა, და შემომითვალა, ბედნიერი ვარ, რომ გაგახსენდიო. ბედნიერი ვიქნები, თუკი ამ ფაქტის შესახებ იტყვიო. ეს ხომ დარჩება უკრაინის და საქართველოს ხალხების ისტორიაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა საქართველოს ცხოვრებაში.

აღარ გამოდგა ეს რუკა, რომელიც ელცინმა მაჩვენა, შუაზე გაყოფილი საქართველო, ერთ მხარეს ერთი პრეზიდენტი, მეორე მხარეს მეორე – ახალი დაშლა იყო ეს ქვეყნის.

ასე გადაარჩინა უკრაინამ საქართველო. უკრაინელები უნდა გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ, კარგი ხალხია, ძლიერები და ქართველები უყვართ, ამიტომ გააკეთეს ეს. უკრაინის გარეშე დიდი ევროპა წარმოუდგენელია, ისევე, როგორც წარმოუდგენელია საქართველოს და ჩვენი მეგობრების, აზერბაიჯანელების გარეშე. საქართველო არის ევროპის საზღვარი და ეს ის საზღვარია, რომლიც ევროპას ძალიან სჭირდება, რომ დაცული იყოს.”

შეგახსენებთ, 1991 წლის დეკემბერში ლეონიდ კრავჩუკი აირჩიეს დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პრეზიდენტად. კრავჩუკმა უკრაინის სახელით, ხელი მოაწერა ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლის შესახებ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 2020 წელს, 90 წელს მიღწეული კრავჩუკი, აცხადებდა:

“თუ რუსეთი დაიწყებს მასშტაბურ აგრესიას, ჩვენ დავიცავთ თავს, არ გვაქვს არჩევანი. პოროშენკო გააბრიყვეს – პოლიტიკაში არ შეიძლება უკან დახევა, როცა მეორე მხარე არ იხევს უკან, თორემ, ამას კაპიტულაცია ეწოდება. ომი გრძელდება. მიზეზი იგივე რჩება. სულ ვამბობ, როგორც უნდა უნდოდეს უკრაინას მშვიდობა, სანამ აშშ და ევროპა არ აიძულებს რუსეთს დატოვოს უკრაინის ტრერიტორია, არ აიძულებს რუსეთს იცხოვროს საერთაშორისო კანონებით, ომი არ დამთავრდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ როგორ გვხოცავენ და ამას ვუწოდო პროვოკაცია, ეს არის საომარი მოქმედება, რომლის შედეგადაც იღუპებიან უკრაინის მოქალაქეები. ჩვენ მხოლოდ საპასუხოდ ვისვრით. ორი წლის წინ ვუყურებდი ევროპას და ვგრძნობდი, რომ პუტინმა თავისი პროპაგანდით, დახარჯული მილიონობით დოლარით, მიაღწია იმას, რომ ევროპელებმა მართლაც დაიჯერეს, რომ ეს უკრაინის შიდა ომია. რაც იყო ამერიკაში ტრამპის დროს და რაც არის ბაიდენის დროს – ეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკაა. ამერიკის პოზიცია უკვე იცვლება., არასოდეს მსმენია ის ტრამპისგან, რასაც ბაიდენმა თქვა ერთ თვეში. არ მივცემთ რუსეთს იმის უფლებას, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს, ის უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს. უკრაინამ დაიწყო ბევრად აქტიური მუშაობა, ზელენსკიმ დაუწესა სანქციები მედვეჩუკს, დაუწესა სანქციები პროპაგანდისტულ არხებს, უკრაინამ დაიწყო მოქმედება. ყველაფერმა ერთად აღებულმა რუსეთს დაანახა რომ სიტუაცია არ არის მათ მხარეს და დაიწყეს იმის ჩვენება, რომ მათ აქვთ ძალა. მთელი ეს პერიოდი, ისინი არ წყვეტდნენ პროპაგანდას, რომ უკრაინა რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს. ჯერ კიდევ ელცინი წერდა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება რუსეთის სტრატეგიული ინტერესის სფერო. რუსეთის მადა არ დასრულდება უკრაინით. თუ წამოვლენ ღია აგრესიით, რა ვქნათ, რელიგიური პრინციპით ვიმოქმედოთ? – გაგარტყამენ მარცხენა ლოყაში და მიუშვირე მარჯვენა? უკრაინა არ დაიწყებს სამხედრო აგრესიას, მაგრამ თუ რუსეთი დაიწყებს, ჩვენ დავიცავთ თავს, არ გვექნება არჩევანი. ზელენსკიმ 1 წელიწადში და რამდენიმე თვეში გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა 5 წელიწადში პოროშენკომ. პუტინთან რომ ვისაუბრე, ის უნდა გავიდეს უკრაინიდან – ახლა ის უკრაინის მტერია და მასთნ არაფერი მაქვს სასაუბრო. პოროშენკოც ფიქრობდა, რომ მოახერხებდა რუსეთთან მოლაპრაკებას. ზელენკიც ფიქრობდა, რომ შეიძლება დისკუსიის დროს რუსეთთან მოლაპარაკება. თუმცა, მან დაინახა, რომ ცვლილება არ არის. არ შეიძლება პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა, როცა გესვრიან. მოლაპარაკების პროცესს უნდა შეუერთდეს აშშ. ასეც დაიწყო ჟენევაში მოლაპარაკებები, მაგრამ შემდეგ პუტინმა ეს მოლაპარაკებები გადაიტანა მინსკში და დაარწმუნეს პოროშენკო, რომ რუსეთი და უკრაინა თავად გამონახავენ საერთო ენას – გამონახეს? ასე გააბრიყვეს პორპშენკო. შეიძლებოდა მოლაპარაკებების გადატანა ჟენევაში, პარიზში, არ შეიძლება მინსკში იყოს მოლაპარაკებები, იქ, სადაც სრულად ემორჩილებიან რუსეთს.”

2014 წლის რუსეთის საომარი მოქმედებების დროს, კრავჩენკო, რომელიც უკვე 80 წელს იყო გადაცილებული, აცხადებდა, რომ თავადაც აიღებს იარაღს ხელში და ამბობდა, რომ პუტინს აუცილებლად ემუქრება სასამართლო იმისათვის, რასაც აკეთებს.

წყარო:https://www.alia.ge/

Cesko