ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა

0
342
24 Views

– ბატონო ვახტანგ, ხერსონის დიდი ნაწილი დაიბრუნეს უკრაინელებმა, მაგრამ რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ? მოდით, ასე ვთქვათ, როგორ აიღეს ხერსონი?

– მე რამდენჯერმე ვთქვი თქვენთან, ქართულ და უკრაინულ ტელევიზიებში, რომ დეკემბრის დასაწყისამდე უკრაინელები გაათავისუფლებდნენ ხერსონს. დაახლოებით, 2 კვირის წინ „ალიას“ განვუცხადე, რომ ხერსონი დღე-დღეზე დაეცემოდა და ასეც მოხდა. უკრაინელი ექსპერტები და ჟურნალისტები ჩემს ამ პროგნოზს ეჭვის თვალით უყურებდნენ,  ძალიან თამამ განცხადებად აღიქვამდნენ, ახლა კი მადლობას მეუბნებიან. ხერსონზე წარმატებულ შეტევაზე, ამ  სამხედრო ოპერციაზე, რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. თავის დროზე, ხერსონის აღება არც რუსებს გასჭირვებიათ. ხერსონის დაცვა ძალიან რთულია,  რადგან არამთაგორიაინი, სტეპური მდებარეობა აქვს. გაშლილ ველზეა ეს ქალაქი აშენებული. რუსებს გაუჭირდათ მისი დაცვა. ხერსონის მიმართულებით შეტევის განხორციელება შედარებით იოლია, თუმცა ეს არ აკნინებს უკრაინის არმიის ამ გამარჯვებას. მეორეც, უკრაინელებმა მოახერხეს ორი საარმიო დაჯგუფების შექმნა -ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისა. ამ ორ დაჯგუფებაში გაერთიანებული იყო 14 მოტორიზებული ბრიგადა. ფაქტობრივად, ეს იყო ერთიანი  საარმიო ჯგუფი, რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი. დააახლოებით ოცამდე სამხედრო ბრიგადა შედიოდა ამ ორივე დაჯგუფებაში და ეს დაახლოებით 50000 მებრძოლია. ამ რაოდენობის საარმიო ჯგუფის კონცენტრაცია სერიოზული საფრთხე იყო რუსეთის არმიისთვის. ასევე,  უკრაინელებმა მოახდინეს მათ ხელთ არსებული შემტევი საარტილერიო-საზენიტო კომპლექსების კონცენტრაცია. რუსეთს გაუნადგურეს მომარაგების მთავარი საშუალება, ანტონოვკის ხიდი. ამის მერე რუსებს სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნათ. რუსებმა მოხსნეს და ხერსონში  გადაისროლეს სტრატეგიული რეზერვი, 49-ე არმია, რომელიც კრასნოდარის მხარეშია განთავსებული. 49-ე არმია მოიაზრებოდა საქართველოში სავარაუდო სამხედრო აგრესიის მთავარ დამრტყმელ ძალად, ჩვენზე იყო მობჯენილი. ხერსონის მიმართულებით აამოქმედეს ანექსირებულ ყირიმში განთავსებული  42-ე საარმიო კორპუსი და გამოვიდა, ამ სტრატეგიულმა რეზერვმაც ვერ უშველა რუსებს, რომ დაეცვათ  მდინარე  დნეპრის მარჯვენა სანაპირო და  უკრაინელებს გაასწრეს მარცხენა სანაპიროზე. რუსი სამხედროები, ვინც გადარჩნენ, ორი კვირა ქაოტურად გარბოდნენ ხერსონიდან. აღსანიშნავია, რომ ანტონოვკის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსებმა ვერ შეძლეს მდინარე დნეპრის გამოყენება ხერსონში  ჯარის მოსამარაგებლად. შესაბამისად, მოუწიათ ორგანიზებული უკან დახევა. ხერსონის დიდი ნაწილი, ქალაქის 50% გათავისუფლებულია და რაც მთავარია, ქალაქის ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები უკრაინელთა ხელშია. ეს იყო უკრანული არმიის გეო-სტრატეგიული წარმატება. აქვე ვიტყვი, უკრაინის ჩრდილოეთის საარმიო დაჯგუფება, ახლა უტევს ნოვა კახოვკას, რომელიც მეორე საყრდენი წერტილია. აქ არის დიდი ჰიდროელექტრო სადგური, დიდი დამბა, რომლის მეშვეობითაც ყირიმს მიეწოდება წყალი. ახლა არის საშიშროება, ეს დამბა დაკარგონ რუსებმა და ყირიმი დარჩეს წყლის გარეშე. აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვნელობამ ბრწყინვალედ დაგეგმა და განახორციელა ხერსონის აღების ოპერაცია. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ, უკრაინელი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთაც ეს გეგმა უნაკლოდ შეასრულეს.

– თუ ნოვა კახოვკა აიღეს უკრაინელებმა თავის დამბიანად და გააკონტროლეს, ყირიმი  დარჩება წყლის გარეშე და მისი დაცვა ამ მიზეზით კიდევ უფრო გაუჭირდებათ რუსებს, არა?

– შეიძლება ასეც ითქვას. ხერსონის გათავისუფლებით ყირიმის დაფარვის ზონა 80 კილომეტრია და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, ყირიმსაც მისწვდნენ და საარტილერიო-სარაკეტო დარტყმები მიაყენონ ყირიმში განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებს და ადმინისტრაციულ ობიექტებს. ეს უკვე მოსალოდნელია, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხდა, რომ უკრაინის არმიის შემდეგი სამიზნე ყირიმია. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, როდესაც ამას აცხადებს, ეს უკვე უნდა მივიღოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების უახლოეს გეგმად.

– ყირიმის გარდა, სხვა რომელი მიმართულებით შეიძლება განახორციელონ შეტევა უკრაინელებმა?

– შესაძლოა, მოხდეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გადასვლა და ხერსონის სრულად გათავისუფლება. ღრმა, ფლანგური შემოვლითაც შეიძლება ამ ამოცანის გადაჭრა. ხერსონის სრულად გათავისუფლებისთვის რომ იბრძოლებენ უკრაინელები, ეს უტყუარია. უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მარიუპოლის გათავისუფლება, რომელსაც დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. ასევე, მარიუპოლის აღებით, უკრაინა დაიბრუნებს აზოვის ზღვის ქვეყნის სტატუსს. არ უნდა დავივიწყოთ ზაპოროჟიე, რომელიც რუსებს აქვთ ოკუპირებული. თუმცა, საბოლოდ რას გადაწყვეტს უკრაინის გენშტაბი, მალე გამოჩნდება. თუმცა, მხოლოდ უკრაინელთა სურვილზე არ არის დამოკიდებული, რომელ ოკუპირებულ ტერიტორიას შეუტევენ. ცხადია, ეს რუსეთის ჯარზე, მის აქტივობაზეც არის დამოკიდებული.

– რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელისუფლება აცხადებს, რომ ხერსონი არ დაუთმიათ, რუსეთის ჯარმა ტაქტიკური უკან დახევა განახორციელა და მდინარე  დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გადაიყვანა ჯარი, რადგან უკრაინელები ნოვა კახოვკის დამბის აფეთქებას აპირებდნენ და ჯარი გადაარჩინესო.

– სხვას რას იტყვიან? ნოვა კახოვკა თავის დამბიანად რუსების ხელშია და უკრაინელები როგორ და რატომ ააფეთქებდნენ ამ დამბას? რატომ გაიმეტებდნენ საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას?  პირიქით, რუსეთი იმუქრებოდა, თუ ხერსონზე შეტევას განახორციელებს უკრაინის ჯარი, დამბას ავაფეთქებთ და დავტბორავთ ხერსონის დიდ ნაწილს, ათეულობით დასახლებული პუნქტი დაიტბორება და ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპებაო. ნოვა კახოვკის დამბის აფეთქებით, იქით აშანტაჟებდნენ უკრაინელებს. დასავლეთმა მუქარით ააღებინა ხელი ამაზე რუსეთის ხელისუფლებას. უკრაინელები, პირიქით, ცდილობენ, ისე დაიკავონ ნოვა კახოვკა, რომ  დამბას ზიანი არ მოადგეს, ეს დასახლება არა მარტო სამხედრო-სტრატეგიული, ეკონომიკური  მნიშვნელობითაც სჭირდებათ. უკრაინელებს დამბის აფეთქება რომ სდომებოდათ, პრობლემა არ ჰქონდათ, რამდენიმე „ჰაიმარესს“ ესროდნენ დამბას და ამით მიწასთან გაასწორებდნენ. „ჰაიმარსის“ იმ სიშორის ჭურვები კი აქვთ უკრაინელებს, რომ ნოვა კახოვკას დამბა დაებომბათ. სიმართლე ის არის, რომ  რუსები ცოცხალი თავით არ ამბობენ, რომ ხერსონი ბრძოლაში დათმეს, უკრაინის ჯართან რუსეთის ჯართან სტრატეგიული მნიშვნელობის  ბრძოლა წააგო. არ აღიარებენ, რომ უკრაინის არმიამ რუსეთს ამხელა მარცხი აგემა. ეს არც რუს პოლიტიკოსებს აწყობთ, არც რუსეთის სამხედრო ელიტას. ვითომ სიმართლეს უმალავენ ხალხს და ამ დროს, სოციალურ ქსელებში  რუსეთის მოქალაქეები თავად აღიარებენ, რომ ხერსონის დაკარგვა იყო რუსეთი არმიის სტრატეგიული მარცხი. მერე, როდის იყო, სტრატეგიული უკან დახევის დროს, მტერს უამრავ სამხედრო ქონებას უტოვებდნენ? რუსი ჯარისკაცების ნაწილმა ორგანიზებულად დაიხია უკან, ნაწილი გაიქცა ქალაქიდან. შეიძლება ითქვას, უკანმოუხედავად გაიქცნენ, რადგან საარტილერიო ჭურვები, სხვა მასალა დაუტოვეს მტერს. იმ ლოკაციების დანაღმვა და აფეთქებაც ვერ მოასწრეს, სადაც ეს სამხედრო მასალები ჰქონდათ განთავსებული. ხერსონის დაკარგვამ, რუსეთის არმიის მოტივაციის ფონი კიდევ უფრო გააუარესა. აქვე იმას ვიტყვი, რომ რუსეთს, ჯერჯერობით, ვერ უშველა ნაწილობრივმა მობილიზაციამ. უკვე  40 000 რუსი მობილიზებულია და გადასროლილია უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე ასეა. აქვე ვიტყვი, რუსეთს  აქვს სერიოზული პოტენციალი და შეიძლება დაიბრუნონ სტრატეგიული ინიციატივა. დონეცკის ფრონტზე რუსებს აქვთ ძლიერი ოპერატიული ინიციატივა და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს. თუ რუსეთმა გაარღვია ბახმუტი-ავდეევკა-მარიენკას თავდაცვითი ხაზი, დონეცკის ოლქის მთლიან ოკუპაციას მოახდენენ, შეეძლებათ სწრაფი მანევრის განვითარება და დაარტყან ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებით. თუ ეს წარმატებით  მოახერხეს, მერე კი შეეძლებათ სერიოზული პლაცდარმის შექმნა, რათა დაიძრნენ  ნიკოლაევი-ოდესის მიმართულებით.

არ დაგიმალავთ ჩემს კმაყოფილებას, როგორც სამხედრო ანალიტიკოსი და „ალიასთან“ სისტემატიურად მოთანამშრომლე  ექსპერტი და, გეტყვით: ჩემი სამი ძირითადი და მთავარი პროგნოზი გამართლდა და უკრაინელებს მივეცი სწორი მიმართულება. ვთქვი, რუსეთი სამხედრო ძალები ხარკოვის მიმართულებით დაიძვრებიან-მეთქი და ეს გამართლდა. გავაკეთე პროგნოზი, რომ  წელს ბელარუსი არ ჩაერთვებოდა კონფლიქტში და ესეც გამართლდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა დაადასტურა. თავად უკრაინელებისგან ვიცი, ბუდანოვმა ეს რომ განაცხდა, სხვა და სხვა დახურულ და ღია წყაროებს დაეყრდნო და ერთ-ერთი მათგანი ჩემი პროგნოზი იყო. ამისთვის მადლობაც მივიღე უკრაინული მხარისგან. ბოლოს კი გამართლდა ჩემი პროგნოზი, რომ დეკემბრის დასაწყისამდე ხერსონს აიღებდნენ უკრაინელები. ამ პროგნოზს ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი არ ეთანხმებოდა, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზია და ცდებიო, პირდაპირ მეუბნებოდნენ.

– ზელენსკი აქამდე ხომ უარზე იყო რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე და ახლა, ხერსონის დაბრუნების შემდეგ, ეს ვარიანტი საერთოდ გამოირიცხა?

– ეს თავისთავად ცხადია. დიდი მოლოდინი იყო, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, 15-16 ნოემბერს, ზელენსკის და პუტინს შეახვედრებდნენ ერთმანეთს და მოლაპარაკებები დაიწყებოდა. ახლა რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი არ გაემგზავრება ინდონეზიის კურორტ ბალიზე, სადაც სამიტი უნდა გაიმართოს. შესაბამისად, მოლაპარაკებებიც არ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, პუტინი, რომ ჩასულიყო ბალიზე, მოლაპარაკებები  მაინც არ შედგებოდა. მართალი ხართ, ხერსონის დაბრუნების მერე ზელენსკი არანაირ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება. პუტინი კი იმიტომ არ ჩადის ინდონეზიაში, რადგან წინასწარ იცოდა, რომ  სამიტი ანტირუსულ, ანტიპუტინურ გარემოში ჩაივლიდა.

Cesko