რამდენად არის დამოკიდებული მსოფლიო რუსულ ნავთობსა და გაზზე?

March 10, 12:25
0
369

უკრაინამ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვით გააფართოვონ.

თავის მხრივ, რუსეთმა გააფრთხილა მსოფლიო, რომ თუ ასეთი აკრძალვა ძალაში შევა, მას შეუძლია ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. რა დოზით არის დასავლეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებული? ეს BBC-მ გაარკვია.

რა გადაწყვიტეს აშშ-მ და ევროპამ?

8 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთიდან ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე აკრძალვის შესახებ განაცხადა. ჯო ბაიდენის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ამერიკელებმა პუტინის მმართველობას მორიგი ძლიერი დარტყმა მიაყენეს. „ჩვენ პუტინის ომის სუბსიდირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს 2022 წლის ბოლოსთვის ეტაპობრივად შეწყვეტს. საჭირო იქნება გარდამავალი პერიოდი, რათა ბაზრებსა და ბიზნესს ახალ რეალობასთან შესაგუებლად და რუსული ნავთობისთვის (რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში მოხმარების 8%-ს შეადგენს) შემცვლელის საპოვნელად დრო მიეცეს.

რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირების გეგმა ევროკავშირმაც გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ამ მიმართულებით არსებული მოთხოვნა ორი მესამედით შემცირდება. იმავდროულად, პრეზიდენტმა ბაიდენმა აღიარა, რომ ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც რუსული გაზის მიწოდებაზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი, ენერგიის რუსულ წყაროებზე აკრძალვას ვერ შეუერთდებიან. იქამდე, 7 მარტს, გერმანიამ და ნიდერლანდებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის წინანადებაზე უარი თქვეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსულ გაზზე გერმანიის დამოკიდებულება ძალიან მაღალია: მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთის ნებისმიერმა შეზღუდვამ მას შეიძლება მეტად რთული სიტუაცია შეუქმნას.

თუ დასავლეთი რუსული ნავთობის მიწოდებაზე სანქციებს დააწესებს, რუსეთი გერმანიას მთავარი გაზსადენის დახურვით დაემუქრა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან გერმანიისკენ გამავალი გაზსადენის- „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სერტიფიცირება შეჩერდა, თუმცა რუსული გაზი მთელ მსოფლიოს სხვა მარშრუტებით მაინც მიეწოდება.

რა მოცულობის ნავთობისა და გაზის ექსპორტს ახორციელებს რუსეთი?

ამერიკის შეერთებული შტატებისა (1-ლი ადგილი) და საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის მოპოვებით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საშუალოდ, რუსეთი დღე-ღამეში 4,5 მილიონ ბარელზე ოდნავ მეტი ნავთობის იმპორტს ახორციელებს. ამ მოცულობის ნახევარზე მეტი ევროპაში მიდის. აშშ  რუსულ ნავთობზე ნაკლებად არის დამოკიდებული. 2020 წელს შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობის მხოლოდ 3%-ს შეადგენდა რუსული ნავთობი. 2021 წელს „გაზპრომმა“ ექსპორტზე 185,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზზე ძლიერ არის დამოკიდებული: ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 40%-ი რუსეთზე მოდის.

შეძლებს თუ არა ევროპა რუსული გაზისა და ნავთობის გარეშე  არსებობას?

თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს, ყველაზე მეტად იტალია და გერმანია დაზარალდებიან. სწორედ ეს ქვეყნები არიან ყველაზე მეტად რუსულ გაზზე დამოკიდებული. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბრიტანეთი ენერგიის რუსულ წყაროებზე გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, რუსული ნავთობის მიწოდება მთლიანი რაოდენობის 8%-ს, ხოლო რუსული დიზელის საწვავი -18%-ს შეადგენს. აშშ რუსული გაზის იმპორტს არ ახორციელებს, მაგრამ ფასები როგორც ბრიტანეთში, ასევე – შეერთებულ შტატებში კვლავ საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზი მსოფლიოს სხვა ნაწილებში მიწოდების შეფერხებაა.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე უარის თქმას  „მსოფლიო ბაზრისთვის კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება: ერთი ბარელის ფასმა, შესაძლოა, 300 დოლარს გადააჭარბოს. ამ შემთხვევაში ქვეყნებს მოუწევთ მიწოდების უზრუნველყოფა სხვა ადგილებიდან, რაც განსაკუთრებით რთულია გაზის შემთხვევაში.

შესაძლებელია თუ არა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება?

ევროპისთვის გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა ადვილი არ არის, – ამბობს ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი ბენ მაკუილიამსი. „ნავთობის შემთხვევაში ცოტა უფრო ადვილია. მართალია, არ არის ბევრი მილსადენი, ზოგი რუსეთიდან მოდის, მაგრამ მიმწოდებლები სხვა ქვეყნებიც არიან“,- დასძენს ის. ანალიტიკური ცენტრის – Bruegel პროგნოზით, თუ რუსეთი ევროპაში მიწოდებას შეაჩერებს, მაშინ ევროპას შეუძლია აშშ-დან მეტი თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი განახორციელოს.

ახალ რეალობაში ქვეყნებს შეუძლიათ ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოხმარება გაზარდონ, თუმცა ამას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. „განახლებადი ენერგიის გამოყენებას დრო სჭირდება. ასე რომ, ეს პრობლემას მოკლევადიან პერიოდში ვერ გადაჭრის“, – ამბობს კვლევის ანალიტიკოსი სიმონა ტალიაპიეტრა. „რაც შეეხება მომავალ ზამთარს, შეიძლება სხვა ტიპის საწვავზე გადასვლამ სიტუაცია შეარბილოს. მაგალითად, ასეთია ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გახსნა, როგორც ამას იტალია და გერმანია საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში  გეგმავენ,“- დასძენს მკვლევარი.

კიდევ ერთი ვარიანტია ენერგიის მოთხოვნის შემცირება. „თუ ჩვენ აღმოვჩნდებით მსოფლიოში, სადაც რუსული ნავთობი და გაზი ევროპას არ მიეწოდება, მომხმარებლისთვის შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს“, – ამბობს ბენ მაკუილიამსი.

კიდევ საიდან შეიძლება ნავთობისა და გაზის იმპორტი?

აშშ მოპოვებული ნავთობის მოცულობის გაზრდას საუდის არაბეთს სთხოვს, თუმცა შეერთებული შტატების ადრინდელი მოთხოვნა ფასების შემცირების შესახებ, უარყოფილია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საუდის არაბეთი OPEC-ის უმსხვილესი წევრია. აღნიშნული ორგანიზაცია ნავთობის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს. ამიტომაც ნავთობის ფასების განსაზღვრაში მთავარ როლს OPEC-ი ასრულებს. რუსეთი OPEC-ის წევრი არ არის, თუმცა ამ ორგანიზაციასთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.

აშშ ვენესუელისთვის დაწესებული ნავთობის სანქციების შემსუბუქებასაც გეგმავს.  ადრე ვენესუელა აშშ-ისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო, მაგრამ ბოლო დროს ქვეყანა თავის ნავთობს ძირითადად ჩინეთზე ყიდის. ევროპამ, შესაძლოა, მიმართოს გაზის ისეთ ექსპორტიორებს, როგორებიც არიან ყატარი, ალჟირი ან ნიგერია. თუმცა ამ ქვეყნებში წარმოების სწრაფად გაფართოებისთვის პრაქტიკული ბარიერები არსებობს.

Cesko