,,პრაიმტაიმი” აქვეყნებს პუტინის ყოფილი მეგობრის, მილიარდერ სერგეი პუგაჩოვის ინტერვიუს, რომელიც ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა ჩაწერა. პუტინის ყოფილი ,,კასირი” რუს დიქტატორზე უცნობ დეტალებს ყვება:
-პუტინმა თავდაცვის მინისტრად ავეჯის მაღაზიის დირექტორი, ანატოლი სერდიუკოვი დანიშნა. ის ეწინააღმდეგებოდა პუტინს, ჩემთან აქვს ნათქვამი – არ მინდა მინისტრობა, ჩემგან რა მინისტრი უნდა დადგეს, მოლდოვაში 2 წელი მძღოლად ვმუშაობდიო.
პუტინს არ აინტერესებდა ჯარის ბედი. მას სურდა ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა ვაჭრობასა და ციფრებში… მან დაშალა ჯარი. მოახდინა მისი დემორალიზაცია. როგორ არის ჯარი მომზადებული ომისთვის, ეს გამოჩნდა უკრაინაში, როცა ვნახეთ, რომ ტანკები გაძარცულია და შიგნიდან ფერადი მეტალებია ამოღებული, არც რადიოსადგურები აქვს…
როცა საქართველოსთან ომი წამოიწყო, სერდიუკოვმა მითხრა: გადავარჩიეთ ტექნიკა და როცა ტანკები საქართველოსკენ დაიძრნენ, უკვე გადარჩეული ტექნიკიდან 30% არ დაიქოქა, ხოლო რაც დაიქოქა, იქიდან 50% გზაში გაჩერდაო. ახლა უფრო უარესადაა საქმე.
– წამოიწყებს თუ არა ატომურ ომს?
-გარემოცვა ამის საშუალებას არ მისცემს… ის მიწასთან გაასწორებდა ყველაფერს, როგორც ეს სირიაში გააკეთა, თუმცა გენერალიტეტი ამას არ დაუშვებს და ამას გეუბნებით სრულიად დარწმუნებით. დამიჯერეთ, შოიგუსა და გენერალიტეტს შორის გაცილებით დიდი მანძილია, ვიდრე პუტინსა და მის მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს შორის…
– როგორ ხედავთ პუტინის დასასრულს?
– პუტინი მხდალი ადამიანია, მას მედვედევის ჯგუფი მოუღებს ბოლოს. არა მედვედევის თაოსნობით, არამედ, მისი გარემოცვა. ადამიანები, რომლებიც მედვედევის დროს ადმინისტრაციაში მუშაობდნენ. პუტინი ტყვიას არ დაიხლის, რადგან ღირსება არ გააჩნია…
ის საკუთარ ტრაგედიას ვერ აცნობიერებს და ვერ ხვდება, რომ პუტინის რუსეთი აღარ არსებობს. გარდაუვალია ჯანყი სასახლეში. მისი გარემოცვა იძულებული იქნება, პუტინი აჯანყებულებს გადასცეს, რომ თავი გადაირჩინონ. მის სალანძღავ სიტყვებს უკვე ხმამაღლაც ამბობენ.