SOS: ,,აღარ დამიტოვეთ სხვა გზა… იმედია, ჩემს შვილს უდედობას არ აგრძნობინებთ” – ქართველი დედის სასოწარკვეთილი წერილი

0
596
23 Views
ქართველი ახალგაზრდა დედა, ანა ანესაშვილი წერს, რომ ამდენ გაჭირვებას ვეღარ უძლებს, სიცოცხლე აღარ სურს, თავის 13 წლის შვილს კი კეთილი ადამიანების იმედად ტოვებს. სასოწარკვეთილი მარტოხელა დედის ამოძახილს გულგრილად ნუ აუვლით გვერდს, ვისაც რითი შეგვიძლია, ნიკუშას დედას გვერდით დავუდგეთ.
საქმე ის არის, რომ ანა შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მეპატრონემ კი ბინის სასწრაფოდ დაცლა მოსთხოვა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ რუსეთიდან შემოსულმა ადამიანებმა ბევრად მეტი ფული შესთავაზეს.
ანა ფეიბსუქში წერს:
,,თანახმა ვარ, რუსები შემოვიდნენ საქართველოში და საუკუნოდ ჩაგისახლდნენ სახლებში. რატომ? ახლავე ავხსნი! მე ის გოგო ვარ, რომელიც განგებამ არაერთ ავ ცეცხლში გამოატარა; ის გოგო ვარ, რომელიც თვეების ბავშვს თავშესაფრიდან თავშესაფარში დაათრევდა, რადგან გახდა ძალადობის მსხვერპლი; მე ის გოგო ვარ, რომელიც ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდა შვილის გამო, რადგან მისთვის სიცოცხლე არ წაერთმია; ის გოგო ვარ, რომელიც 13 წელი დამოუკიდებლად იბრძვის, რომ თავის შვილს არ შესცივდეს, მშიერი არ იყოს და სწავლა-განათლება თავისი გადაგლეჯილი ხელებით ნაშოვნი ფულის საფასურით მისცეს, ბინის ქირაც იხადოს, კომუნალურებიც და ბავშვი მშიერი არ ჰყავდეს…
ასეთ მომავალზე არასოდეს მიოცნებია, რადგან პირველი ვიყავი, ვინც პირველი ჩაირიცხა უნივერსიტეტში და საკმაოდ წარმატებული სტუდენტი და სტიპენდიანტი ვიყავი…
ომის დაწყების დღიდან მზად ვიყავი, უანგაროდ შემომეშვა ის გაყინული და მშიერი, უცხო ხალხი სახლში, მაგრამ ამასობაში მე ვრჩები ქუჩაში მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე თვის ქირის ფულის სანაცვლოდ, რომელსაც ოკუპანტი ერი სთავაზობენ საკუთარი ქვეყნის ერის შვილს, გარეთ ისტუმრებენ მცირეწლოვან შვილთან ერთად… რა მაგარი ერი ვართ, უცხო ხალხი შევიფარეთ თუნდაც უანგაროდ და საკუთარს ვერ ვუფრთხილდებით…
დიდი ხანი არ არის გასული, დევნილი რომ გადმოხტა სახურავიდან და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. აღარ დამიტოვეთ სხვა გზა… ბედნიერი ვიქნები, თუ მე ვიქნები ბოლო მსხვერპლი, რომ გამოფხიზლდეთ და ჯერ საკუთარი ერის შვილს დაუდგეთ გვერდით და იამაყოთ მერე ამით. ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი სიცოცხლის ხარჯზე მაინც დაუდგებით გვერდით იმ მარტოხელა დედებს, რომლებიც ღვთის ანაბარად არიან დარჩენილი…
ამაყი წავალ იმქვეყნად, თუ იმ მშიერ ბავშვებს დააპურებთ, რომლებიც მრავლად გვყავს ქვეყანაში! აღარაფერი მაქვს დასამალი, რადგან სამარცხვინოდ არასოდეს მიცხოვრია… ყველა გზა გავიარე საკუთარი თავის და შვილის გადასარჩენად… არასოდეს დავივიწყებ იმ უცხო ადამიანების გვერდში დგომას და სიკეთეს,  სასოწარკვეთილს რომ განსაცდელში არ მტოვებდით…
იქნებ ჩემს ვარსკვლავ ბიჭუნასაც გამოუჩნდეს საიმედო პატრონი, რომელიც ლუკმა-პურს არ დააყვედრის და ღირსეულ მეურვეობას გაუწევს, მე ხომ ანგელოზი გავზარდე 13 წლამდე. ხომ მზად ხართ, უცხო ქვეყნის შვილები ჩამოიყვანოთ და უპატრონოთ, საინტერესოა, საკუთარი ერის შვილზე თუ გექნებათ სურვილი, იზრუნოთ, გიყვარდეთ და გაუფრთხილდეთ… დაე, შეეწიროს ჩემი სიცოცხლე ამას, მშვიდად წავალ იმქვეყნად… მჯერა, გამოჩნდებიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც ნიკუშას უდედობას არ აგრძნობინებენ და ღირსეული ქართველი გაიზრდება. ყოველდღე ვილოცებ ამისთვის იქიდან”.
ანას მოძებნა ფეისბუქზე შეგიძლიათ (Ana Anesashvili).
Cesko