,,მე აქეთ მაქვს კითხვა: 2008-ში ვინ დაიწყო ომი?” – თორნიკე რიჟვაძე

0
758
44 Views

აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რატომ არ უპასუხა ,,პირველის” ჟურნალისტის კითხვას – ვინ დაიწყო უკრაინაში ომი და წერს:

„…რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას! ე.წ. ჟურნალისტის რიტორიკულ-პროვოკაციულ კითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით, პასუხიც გახლდათ შესაბამისი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერასა და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის!”.

მან ასევე უპასუხა კიევის უნივერსიტეტის განცხადებას, რომ ის 2017 წელს გარიცხულია და არ დაუმთავრებია. რიჟვაძე წერს:

,,საშუალო სკოლის ბოლო აკადემიური წელი ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ პასო რობლეს სკოლაში, კალიფორნიის შტატში (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX)), სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მივიღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს; 2012-2013 წელს მივიღე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სიტის, ლონდონის უნივერსიტეტში (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივნინგის სტიპენდიის ფარგლებში); 2011-2014 წელს მივიღე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი, საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი/

P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?! მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!“

Cesko