მსახიობი ანი ტყებუჩავა საკმაოდ დიდი ხანია, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და წარმატებული კარიერის პარალელურად, ულამაზესი ოჯახი აქვს. საინტერესოა, მეტწილად რა არის მისი წარმატების მიზეზი – იღბალი თუ შრომისმოყვარეობა?
ანი ტყებუჩავა: ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ხუთოსანი არ ვყოფილვარ, უფრო ოთხოსანი (იცინის). წერაში მყავდა ხოლმე დაბალი ნიშანი – 3 ან 4. გაფანტული გონებით ვწერდი, ალბათ, სულ სადღაც მეჩქარებოდა (იცინის). მათემატიკით თავიდანვე არ მოვიხიბლე. სამწუხაროდ, მისი მნიშვნელობა არ მესმოდა, მეგონა, რომ არ იყო საჭირო. მაშინაც მსახიობობა მინდოდა და მხატვრული კითხვა, ლიტერატურა მიტაცებდა. რაც არ მეზარებოდა, ეს იყო ცეკვა, სპექტაკლები, სასკოლო ღონისძიებებზე გამოსვლა და ასე შემდეგ. საერთო ჯამში, გინდ ყოფილა და გინდ არა – ასეთი მოსწავლე ვიყავი, არც ცუდი და არც გამორჩეულად კარგი (იცინის).
ისე ცოტა განსხვავებული ბავშვი ვიყავი, თავი განსაკუთრებული მეგონა. ჭკვიანური აზრები და კარგი ლოგიკა მქონდა. ბავშვური ბავშვი არ ვყოფილვარ, უფრო დიდი ადამიანის აზრები მქონდა და უფროსებთან ვურთიერთობდი. თითქოს, თავიდანვე ვიცოდი, რა იყო სწორი და რა არასწორი, მაგრამ თავი გენიოსი არასდროს მგონებია (იცინის). მშობლების დარიგებების მჯეროდა და არა მხოლოდ მათი, ვფიქრობდი, რომ რასაც მეუბნებოდნენ, ყველაფერი სწორი იყო. მერე ჩემი მეგობრები იცინოდნენ ჩემზე, რადგან რომ გავიზარდე, ერთ დღეს გამოვაცხადე, მე შრომისმოყვარე კი არა, მგონი, მიამიტი ვარ-მეთქი. ძალიან მჯეროდა ყველასი. ვინც მარიგებდა. ყველას ვეთანხმებოდი, ალბათ, მინდოდა, ყველას ეთქვა, რა ჭკვიანი ბავშვიაო (იცინის). ერთი მხრივ, ასეთი ვიყავი და მეორე მხრივ, ძალიან თავნება და დამოუკიდებელიც გახლდით (იცინის). შემეძლო, „თავი დამედო“ და დედაჩემის უკითხავად წავსულიყავი სადმე, რაზედაც დედაჩემს გული უსკდებოდა. ერთხელ სოფელში მოკლე გზით გადავედი მეზობელთან. იმისთვის, რომ გზა შემემოკლებინა, უშველებელ ხრამში ჩავედი და მეზობელს დავადექი თავზე, ძალიან პატარა ვიყავი. დედა დღემდე ემოციურად იხსენებს ამ ამბავს. მე კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა პრობლემა იყო ამაში ან რა იყო საშიში?!
– ამ ხასიათის გამო, ხიფათებს არ გადაჰყრიხართ?
– აი, ასეთი წასვლების შემდეგ სახლში რომ მოვიდოდი, ხომ წარმოგიდგენიათ, დედა როგორ მხვდებოდა. ერთხელ, სკოლიდან მეგობართან გამოვიარე, გავერთე და დრო გამეპარა. არ ვიყავი იმხელა, რომ მშობლები მშვიდად შეხვედროდნენ ჩემს დაგვიანებას, მაშინ არც ტელეფონები იყო და თურმე, მამაჩემს მთელი ქალაქი მოუვლია. მე ამ დროს მშვიდად ვატარებდი დროს მეგობართან. საღამოს მეგობრისგან რომ წამოვედი, ისეთი შებინდებული იყო, მამამისმა გამომაცილა. სახლში რომ მოვედი, დედა და ძმა გარეთ დამხვდნენ, დედა ძალიან შეშინებული იყო. თავიდან ძალიან გამიკვირდა, რა იყო აქ განსაკუთრებული, მაგრამ მერე მეც ძალიან ვინერვიულე, რომ ასე მოვიქეცი და ბევრი ბოდიში მოვიხადე. დედამ მითხრა, მამა მთელი დღე მანქანით დარბის, გამწარებული გეძებს, ცოცხალი აღარ გვეგონე. საერთოდ, ხვდები, რას აკეთებო?! მე მეგონა, უკვე დიდი ვიყავი, ეს დრო მე მეკუთვნოდა და აზრადაც არ მომსვლია, რომ ვინმე ინერვიულებდა.
– დღეს სად უფრო იღბლიანი ხარ – პირად ცხოვრებაში თუ პროფესიაში?
– შეიძლება, თანაბრად. ოჯახს რაც შეეხება, მშობლობა და დიასახლისობა, ისევე, როგორც ყველასთვის, ძალიან დაუფასებელია ჩემთვისაც. მართლა 24 საათი ყველაფერს აკეთებ და ამის დაფასება ის არის, რომ შენი შვილი ცოტათი მაინც კარგი ადამიანი გაიზარდოს. როცა შვილს გიქებენ, ალბათ, ამაზე მეტი სიამაყე არ არსებობს. სამსახურში, ალბათ, უფრო გიფრთხილდებიან, გაფასებენ და პატივს გცემენ, როგორც კოლეგას. არ ვიცი, შეიძლება თანაბრად და შეიძლება რაღაც მხრივ, უფრო პროფესიაში.
– იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, რომელმა უფრო განსაზღვრა პროფესიული წარმატება?
– ალბათ, ყველა პროფესიაში უნდა გაგიმართლოს. შანსი უნდა მოგეცეს და მერე გამოიყენო. საქართველოში ბევრი ჭკვიანი და მონდომებული ადამიანია, მაგრამ ზოგჯერ სხვა თვისებები გადაწონის და ვერ ეწყობა საქმე კარგად. მე ძალიან დამთმობი ხასიათი მაქვს. თუ ძალიან არ შეეწინააღმდეგებიან ჩემთვის ძვირფას პრინციპებს, ვცდილობ, რომ დამთმობი და უკონფლიქტო ვიყო. საერთო ჯამში, მაინც ორივე ერთად. დაუღალავი შრომა, ძალიან ბევრი მსხვერპლი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი თავის მუდმივი ოპონირებაა საჭირო. შექება რამდენადაც მნიშვნელოვანია, იმდენად დამღუპველია. წარმატება საკმაოდ საშიშია, რადგან მერე ადამიანი კმაყოფილებას ეძლევი. საკუთარ წამატებაში მოკალათდები და აღარაფრის კეთება აღარ გინდა. ადრე შესაძლოა, იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ დღესაც, როგორც პატარა გოგო, ყოველ ჯერზე ვცდილობ, თავიდან დავამტკიცო ჩემი პროფესიონალიზმი იმ ადამიანების წინაშე, ვინც მე კონკრეტული საქმე მანდეს. ვცდილობ, ხარისხის გარანტი ვიყო და ეს ჩემი სტაბილური მოცემულობა გახდეს.
–გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანი როლი გაქვს სერიალში, რომელიც წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალბათ, მაყურებელს აქვს იმის განცდა, რომ საკმაოდ მაღალშემოსავლიანი მსახიობი ხარ, როგორია რეალობა, ფინანსური თვალსაზრისით რამდენად გაუმართლეთ იმედები საკუთარ თავს?
– მე სულ ვამბობდი, ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, თუ მისით რეალიზების ფუფუნება მექნება, ელემენტარული ჰონორარით დავკმაყოფილდები-მეთქი. მაშინ არ მქონდა ოჯახი და შესაბამისად – პასუხისმგებლობები შვილების წინაშე. როცა ეს არის, მერე მოთხოვნებიც იზრდება და ხარჯებიც. სულაც არ არის ისე, როგორც წარმოუდგენიათ. დღეს საქართველოში არ არის ბევრი ფული, თუმცა ადამიანებს შეიძლება, ჰგონიათ, რომ ათი წელია, სერიალში ხარ და დიდი ანაზღაურებაც გაქვს. თურქულ სერიალში რომ ვმონაწილეობდე, ალბათ, მილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ მე მხოლოდ საშუალო ფენას ვეკუთვნი (იცინის). სერიალი მიყვარს და აქ რაღაცების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ხელფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ არ ვარ მარტო ხელფასის გამო. საერთოდ, ვცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ მიწევს. მხოლოდ ჰონონარის გამო შეიძლება, რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ეს ჰონორარი ისეთი უნდა იყოს, ოდნავ მაინც შეეძლოს რაღაცის შეცვლა, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იქნები მსახიობი, რომელიც მაღალ ჰონორარებს ითხოვს.
– ფინანსებთან ურთიერთობაში როგორი ხართ?
– არ ვარ ხელმომჭირნე. როცა საშუალება მაქვს, მივდივარ, რაღაცებს ვყიდულობ. წლების შემდეგ საკუთარი თავის დაჯილდოებაც ვისწავლე. არ არის აუცილებელი, რაღაც დიდი ვიყიდო, წვრილმანებიც ძალიან მახარებს. თუმცა, ეს ყველაფერი მთავარი პასუხისმგებლობების დაფარვის შემდეგ. როცა საქმე გადასახადებს ეხება, თუ დამატებითი შემოსავალი ჩნდება, მირჩევნია, ყველაფერი წინსწრებით დავფარო, რადგან არ მაქვს სტაბილურობის განცდა, არ ვიცი, ხვალ რა იქნება. ამის შემდეგ რაც დარჩება, ვცდილობ, სწორად გადავანაწილო საჭიროებებზე და თუ მერეც დამრჩება თანხა, მერე შეიძლება, თავიც გავანებივრო. რაშიც თავის შეკავება მიჭირს, ბავშვების ტანსაცმელია. ფასდაკლებაზე შემიძლია, ჩემი შვილის ასაკისაზე ორი წლით უფროსი ბავშვის ქურთუკი ან ფეხსაცმელი ვიყიდო. მერე შეიძლება, დრო ან თანხა არ მქონდეს ან ასეთი კარგი ვარიანტი ვეღარ ვნახო. ასეთ დროს ბოლო კაპიკებიც გადამიხდია და მერე მშვიდად ვარ ხოლმე (იცინის). თუმცა, პანდემიის დროს მივხვდი, რომ ასეთი სიგიჟეც არ ვარგა. სკოლისთვის ბავშვს ყველაფერი წინასწარ ვუყიდე, მაგრამ, ამ კოვიდის გადამკიდე, არაფერი დასჭირვებია. ამიტომ ვისწავლე, რომ ძალიან წინ ხედვაც და წლებით ადრე რაღაცებზე ზრუნვა არ არის საჭირო.
– მეორე ნახევარში რამდენად გაგიმართლათ ხელშეწყობის თვალსაზრისით?
– ჩემს მეუღლეს არასდროს უსაყვედურია სამსახურის გამო. როგორც ჩემი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, ძალიან დიდი გამართლებაა, როცა ამ მხრივ, მეუღლე გვერდით გიდგას. ახალ წელს ბაკურიანში ვიყავი რამდენიმე დღე და ბავშვები ლევანს ჰყავდა. ერთხელ სადილის გაკეთება დამავიწყდა და გადაღებაზე წავედი, გვიანობამდე გაგრძელდა და ლევანმა მომწერა, როდის მოხვალო, თან მოაყოლა, რომ მოხვალ, მომიყევი, რით უნდა გვესადილაო (იცინის). შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ამისგან პრობლემას არ ვქმნით.
–მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გადაღებები დილიდან საღამომდე გაგრძელდეს, ახერხებთ ოჯახშიც ყველაფერი თავის ადგილზე იყოს?
– კი, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს: სახლიც დალაგებული, საკვებიც გამზადებული და ასე შემდეგ. ათიდან ცხრა შემთხვევაში მაინც ასე უნდა იყოს, რომ გადაღებაზე მშვიდად წავიდე და ჩემი საქმე ფორიაქის გარეშე გავაკეთო. ახლა ბავშვები ცოტა გაიზარდნენ და შეიძლება, ლევანმა საჭმელი გამოიძახოს და იმით დანაყრდნენ, მაგრამ უფრო პატარები რომ იყვნენ, საჭმელი შუაღამისასაც გამიკეთებია. ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც საჭიროა და მგონია, რომ ნორმალურად გამომდის.