ნინო მუმლაძე: გიორგის სრულიად თბილისი ურეკავდა და ეკითხებოდა, მართლა შენგან არის ნინო ორსულადო

0
996
46 Views

მსახიობმა ნინო მუმლაძემ 15 წლიდან დაიწყო მუშაობა და დამოუკიდებელი გოგო გახდა. წლების განმავლობაში არაერთი სამსახური გამოიცვალა, 22 წელია, საკუთარი შემოსავალი აქვს და ამბობს, რომ ადრეული ასაკიდან დასაქმება ადამიანს არა მარტო ფინანსურად ხდის დამოუკიდებელს, არამედ ფსიქიკურადაც.

ნინო მუმლაძე: პირველი სამსახური რომ დავიწყე, 15 წლის ვიყავი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ ასაკში ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდი და ოჯახის დახმარება არ მჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პატარა სურვილებისთვის ფული მქონდა და მყოფნიდა. მოკლედ, საჯარო სკოლაში გავაკეთე აერობიკა-ცეკვის სტუდია-ჯგუფი, სადაც ბავშვები დადიოდნენ. ახლა იტყვიან: ნინო და ცეკვაო? რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, იმ პერიოდში აქტიურად და კარგად ვცეკვავდი. მოკლედ, გავაერთიანე ცეკვისა და აერობიკის ელემენტები, ვარჯიშები და ჩამოვაყალიბე 15 წლის არაპროფესიონალმა ბავშვმა სტუდია. მეც იმ სკოლაში ვსწავლობდი და დედაც იქ მუშაობდა. დედა რომ კონცერტებს აწყობდა, მეც ვეხმარებოდი, ამიტომ მოსწავლეები და მათი მშობლები კარგად მიცნობდნენ. სტუდიას „აერობიკის წრე“ დავარქვი და რამდენიმე წელი გამაჯანსაღებელი აერობიკის პედაგოგი ვიყავი. სხვათა შორის, ეს ამბავი არსად მომიყოლია და რომ ვიხსენებ, მეღიმება. მოკლედ, ეს იყო ჩემი პირველი სამსახური.

– თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

– სიმართლე გითხრათ, თავიდან ათი ბავშვი დადიოდა. ხელფასი რამდენი ავიღე, დამავიწყდა, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რაში დავხარჯე. პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე იმ ასაკში, გოგონები რომ პრანჭვას იწყებენ. დედისა და დეიდის კოსმეტიკას ვეპარებოდი ხოლმე. მათ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამდი და სახეს ვიხატავდი. ახლა კი მეზარება, მაგრამ მაშინ ძალიან მიყვარდა პრანჭვა. მოკლედ, ძალიან მინდოდა, ჩემი, საკუთარი კოსმეტიკა მქონოდა. წავედი და პირველი ხელფასით თვალის ჩრდილების „ნაბორი“ შევიძინე. არასოდეს დამავიწყდება ის დღე (იცინის). არ დავმალავ და გაჭირვების ჟამს ფლაერებიც დამირიგებია ქუჩაში, მაღაზიაში სარეკლამო აქციებშიც მიმიღია მონაწილეობა. სულ ვცდილობდი, ჩემი ორი კაპიკი მქონოდა.

– თქვი, ადრე ვცეკვავდიო. მაშინ გამხდარი გოგო იყავი?

– დიახ, მაშინ ბევრად გამხდარი ვიყავი, თუმცა ოდნავ სრული. არასოდეს ვყოფილვარ ზედმეტად გამხდარი. სხვათა შორის, ბავშვობაში ოთხი წელი ბალეტზეც დავდიოდი. მართალია, ბალერინისთვის საჭირო ვიზუალი არ მქონდა – პუტკუნა ვიყავი, მაგრამ მოქნილი და პლასტიკური, თან ძალიან მინდოდა და შემიყვანეს. ჩემი ოცნება იყო ბალერინა გამოვსულიყავი, 4 წლის ასაკში არ იღებდნენ ამ სტუდიაში, მაგრამ ბაბუის გავლენებით და იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ვიცოდი წერა-კითხვა და ასაკთან შედარებით განვითარებული ვიყავი, მიმიღეს. მართალია, ოცნება ბალერინა გამოვსულიყავი, ოცნებად დამრჩა, მაგრამ სამაგიეროდ, მაქვს ფოტოები, სადაც „პაჩკა“ და პუანტები მაცვია და უზომოდ ბედნიერი სახე მაქვს (იცინის). თან, სხვა ბავშვები, ასაკით დიდები იყვნენ და მათთან შედარებით, მოკლე და მრგვალი ვჩანვარ (იცინის). თუმცა, ვინდომებდი, პლასტიკურიც ვიყავი და ყველაფერს ვასრულებდი, რასაც მავალებდნენ, მაგრამ ახლა რომ ფოტოებს ვუყურებ, ძალიან სასაცილო ვარ. რვა წლის ასაკში მივხვდი, რომ ბალეტი მთლად ჩემი არ იყო და მშობლებმა დელიკატურად შემაპარეს: მოდი, სხვა რამეზე გადავერთოთო (იცინის). სხვათა შორის, დღემდე სწორი ზურგით და გამართული რომ დავდივარ, სწორედ ბალეტის დამსახურებაა. რვა წლიდან გარდატეხის ასაკამდე, ცოტა მოვიმატე, სრული ვიყავი და მერე ისევ დავიკელი.

– ქართულ ცეკვებზე არ გივლია?

– არა, ქართულ ცეკვებზე არ მივლია, თუმცა, ქართული ცეკვის ელემენტები თეატრალურ სტუდია „ბერიკებში“ ვისწავლე. მახსოვს, ქართულ ცეკვაზე ძალიან პატარა ასაკში მიმიყვანეს და პედაგოგმა უხეშად მომმართა. როგორც კი დავინახე იმ კაცის სიუხეშე, ვთქვი, მე აქ მეორედ არ მოვალ-მეთქი. ასე რომ, სულ ერთი დღე ვიარე ცეკვაზე და დღემდე ვხუმრობ: იმ მკაცრი და უხეში კაცის დამსახურებაა, დღეს „სუხიშვილებში“ რომ არ ვცეკვავ-მეთქი (იცინის). შემდეგ თეატრალურში ჩავაბარე, მესამე კურსზე რომ გადავედი, დავით დოიაშვილმა და კოტე ფურცელაძემ შექმნეს ცეკვის თეატრი, სადაც ამიყვანეს. პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად, დადგმას ექვსი სტუდენტი ვაფორმებდით თეატრალურად, ვცეკვავდით კიდეც და ამ ჯგუფთან ერთად გვქონდა გამოსვლები და გასტროლები. საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მქონდა. შემდეგ, დასრულდა სტუდენტობა და იმ წელს „თეატრალურმა სარდაფმა“ გამოაცხადა ქასტინგი და გამიმართლა. უბედნიერესი ვიყავი. ბევრი რამ მასწავლა ოთარ ეგაძემ და მისი მუდამ მადლიერი ვიქნები.

– სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობდი. მახსოვს, ბევრი გაიგივებდა გმირთან, რომელსაც თამაშობ. ზოგი გლანძღავდა, ზოგსაც ეცოდებოდი. ჭორიც კი დადიოდა, თითქოს მართლა ორსულად იყავი და შვილიც გააჩინე.

– დიახ, უამრავი ჭორი დადიოდა და ზოგი მაწყნარებდა: ხალხს ნუ უსმენო (იცინის). როცა ორსულს ვთამაშობდი, გარე გადაღების დროს ხელოვნური მუცლით მიწევდა აქეთ-იქით ბოდიალი და დაიძრა ჭორი: მართლა ორსულად ყოფილაო. არადა, არც მაშინ და არც ახლა, ჩემს გარშემო მამაკაცის ჭაჭანება რომ არ არის, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ისევ ააგორეს ჭორი: ორსულად გაგლოევისგან იქნებაო. აბა, მაგის მეტი, სხვა კაცი, ჩემ გვერდით არავინ უნახავთ (იცინის). სხვათა შორის, გიორგის სრულიად თბილისი ურეკავდა და ეკითხებოდა: ნინო მართლა შენგან არის ორსულადო? გაგლო ამაზე იცინოდა, მაგრამ ბოლოს, თეატრალურის პედაგოგმა რომ დაურეკა, იქ გაგიჟდა (იცინის). ერთხელ კი ჟურნალისტმა დამიბარა ინტერვიუზე, ვიდეოგადაღება გვქონდა კაფეში. რომ შევედი, გამარჯობის მაგივრად მკითხა: რა, ორსულად არ ხარო? საიდან მოიტანეთ-მეთქი. რა საიდან, დანამდვილებით ვიცი, გიორგი გაგლოევისგან ხარ ორსულად და მაგ თემაზე უნდა გამეკეთებინა გადაცემაო (იცინის). გამეცინა და ვუპასუხე: რა ნამდვილად, სანთელი გეჭირა-მეთქი (იცინის). ეგონა, ორსული ნინო მუმლაძე გამოვიჭირე, სკანდალსა და ექსკლუზივს დავდებო და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა (იცინის). ახლა რომ ვაკვირდები, პოპულარობა სერიალმა „ბიჭებმა და გოგონებმა“ მომიტანა, ჭორები კი – „ჩემი ცოლის დაქალებმა (იცინის). ძალიან მიყვარს კამერა და გამიჭირდება თქმა – თეატრი მირჩევნია თუ სცენა. ზოგადად, მსახიობებს ფინანსურად გვიჭირს და ამიტომ ვცდილობთ, სხვა სამსახურიც შევითავსოთ. ასევე, ვიყავი ტელეგადაცემისა და რადიოგადაცემის წამყვანი და ეს ძალიან მეხმარებოდა ფინანსურად. სამწუხაროდ, დღეს აღარ მაქვს ეს სამსახურები. მოზარდ მაყურებელთა თეატრში კი ვარ, მაგრამ ფინანსურმა სიდუხჭირემ მიბიძგა, ამის პარალელურად რაღაც გამეკეთებინა და მე და ჩემმა ჟურნალისტმა მეგობარმა, ნონიკა ვაშაყმაძემ საბავშვო ტელე-კინოაკადემია – „ინოვატორი“ დავაფუძნეთ. ცოტა მეშინოდა, რისკიანიც არ ვარ და ჩემმა მეგობარმა დამაჯერა. ჯერ დამწყებები ვართ, პანდემიაც დაგვემთხვა, თუმცა რისკმა გაამართლა.

Cesko