თინათინ მღვდლიაშვილი: ,,ქმარმა მიღალატა უღირს ქალთან და უღალატა ჩემს ღირებულებებს”

February 20, 17:44
0
1009

თინათინ მღვდლიაშვილი, როგორც პოეტი, 1989 წლის 25 თებერვალს დაიბადა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ აქციაზე ლექსი ,,დავით აღმაშენებელი” წაიკითხა. ეროვნული მოძრაობის აბობოქრების წლებში მისი პატრიოტული ლექსები ყველგან ისმოდა – ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო”, ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება”, ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო”. მის პოეზიას საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, დიდ შეფასებას აძლევდა.

პოეტს სამშობლოს სიყვარული და კანონიერი ხელისუფლების ერთგულება ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ათი დღე სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გაატარა, დახვრეტის ინსცენირებაც მოუწყვეს და მჟავით გაქრობითაც ემუქრებოდნენ. გაუძლო, ღირსება შეინარჩუნა, დამცირებული და შიშისგან გალაჩრებული არ უნახავთ.

დრამატულად წარიმართა მისი პირადი ცხოვრებაც. ამის შესახებ მან ,,სარკეს” უამბო:

-ჩვენ დიდი სიყვარულით შევუღლდით. მისი მკაცრი და უხეში ხასიათის მიუხედავად, ძალიან მიყვარდა. ნიჭიერი მხატვარი იყო, რატომღაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული და აღარ ხატავდა. ყველა პირობა შევუქმენი, რომ ხელოვნებას დაბრუნებოდა. ხმაურიანი, მხიარული და შემოქმედებითი ბუდე გვქონდა, საინტერესო ადამიანები იკრიბებოდნენ ჩვენთან. მას არ უყვარდა ჩემი გარეთ გასვლა.

მერე მოხდა გამოუსწორებელი რამ, ალბათ ამაში უშიშროების ხელიც ერია – ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები გაიყო. მან ერთდროულად მიღალატა უღირს ქალთან და უღალატა ჩემთვის ფასეულ ღირებულებებს. ამით ჩემი ღირსება შეილახა. ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მაინც წამოვედი, დავბრუნდი ჩემს მშობლიურ სახლში, – ყვება ,,სარკესთან” ქალბატონი თინათინი.

მერე იყო უმძიმესი დღეები, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მთავრობის ერთგულებისთვის დაპატიმრება, დახვრეტის მუქარა და წამება.

-როგორც სამხედრო დამნაშავე, კომენდატურის ჰაუპტვახტში ჩამაგდეს. დახვრეტის იმიტაციაც მომიწყვეს… ერთ დღეს გამომიძახეს საკნიდან. ჩემ წინ ყოფილი მეუღლე იდგა, რომელსაც მაშინ დიდი გავლენა ჰქონდა. ჩავეხუტე და ავტირდი. მან დამიხსნა ამ ჯოჯოხეთიდან. ეტყობა, ჩვენი სიყვარული მასში ცოცხლობდა და სასიკვდილოდ ვერ გამიმეტა.

Cesko