„რატომ ვარ ახლა უფრო იმედიანად, ვიდრე როდისმე 2012 წლის შემდეგ“ – მიხეილ სააკაშვილი

February 20, 08:58
0
791

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსთავის ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომლის აუდიო ვერსია „TV პირველის“ ეთერში გასაჯაროვდა.

სააკაშვილი წერილში საუბრობს, თუ რატომ არის ახლა უფრო იმედიანად, ვიდრე ოდესმე 2012 წლის შემდეგ. ის ამის ასახსნელად 6 საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ახლა აღარ აქვს ილუზია, რომ ცალკე გამარჯვებას შეძლებს და საჭიროა ერთობა.

„რატომ ვარ ახლა უფრო იმედიანად, ვიდრე როდისმე 2012 წლის შემდეგ. ჯერ ერთი, ივანიშვილმა, დიდი ალბათობით, წააგო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ნამდვილად წააგო 2021 წლის საპარლამენტო და 2022 წლის ადგილობრივი არჩევნები. ოპოზიციამ ვერ შეძლო გაყალბებების და მიტაცებების შეჩერება, მაგრამ ზედიზედ 3 არჩევნებზე ასეთი შედეგი, შეუცნობლად აჩვენებს ჩვენი ხალხის დამოკიდებულებას და ესაა მთავარი.

მეორე, თვითონ ოპოზიციაში ბევრად ნაკლებია ახლა ილუზია, რომ ცალკე ვინმე გამარჯვებას შეძლებს, განსხვავებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან. თითქმის ყველა ხვდება, რომ მაფიოზური კარტელის დამარცხება მხოლოდ ერთი დიდი ერთობით შეიძლება. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ კლებულობს და პირიქით – იზრდება.

მესამე, მე დამხვდა ბევრად უფრო გაზრდილი საზოგადოება, ვიდრე დავტოვე. ხალხმა დაიწყო სწორი დიაგნოზების დასმა. ჩემი მთავარი იმედი თვითდასაქმებული ხალხია, რომელსაც მარტო თავის იმედი აქვს და მარტო ერთს ითხოვს, რომ ხელი არ შეუშალონ. ამ ხალხმა ნებისმიერ საშუალო პოლიტიკოსზე უკეთესად ისწავლა თავისი აზრების გამოხატვა და უფლებების დაცვა. საზოგადოების კონსოლიდაცია და თვითორგანიზება ძალიან კარგად გამოჩნდა შარშან ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად წარმოებული კამპანიის დროსაც და ასევე, იმით, რომ ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე რეკორდულად მრავალრიცხოვანი მიტინგი.

მეოთხე, რამდენიმე სხვა ქალაქში გაჩნდა ისეთივე ან მეტი აქტივიზმი, ვიდრე თბილისში. ადრე კი ეს მხოლოდ თბილისსა და ეპიზოდურად ბათუმში შეიმჩნეოდა.

მეხუთე, ფულის გარეცხვის დიდ მაფიოზურ კარტელს, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება საქართველოში, ჰქონდა მთავარი მიზანი – პოლიტიკა და პოლიტიკოსები გაექრო. აი, როგორც ბელორუსშია. სინამდვილეში, მან გააქრო პოლიტიკოსები საკუთარ რიგებში და დაიტოვა მარტო მოლაპარაკე თავიანი რობოტები. მაგრამ, როგორც არასდროს, გააჩინა ახალი პოლიტიკოსები ოპოზიციაში. ამით ივანიშვილმა პრაქტიკულად საკუთარ ფეხში გაისროლა.

და ბოლოს, უკრაინის სიტუაციაში ივანიშვილმა ფსონი პუტინის ყოვლისშემძლეობაზე დადო და მაგრად გაფარჩაკდა. ამის შედეგად, ის უფრო იზოლირებულია დასავლეთისგან, ვიდრე ოდესმე და მისი ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორება დიდი შვების მომტანი იქნება ყველა დასავლურ დიდ ქალაქში, მათ შორის ისეთებშიც, სადაც ადრე სტატუს კვოს ამჯობინებდნენ. დიდ იმედს მაძლევს დასავლეთის არნახული კონსოლიდაცია.  ეს სრულად ცვლის სიტუაციას ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამავე დროს, ამ ყველაფერთან უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში არის უკიდურესად საშიში სიტუაცია, ვინაიდან ივანიშვილმა პრაქტიკულად ჩაგვითრია უიარაღო სამოქალაქო ომში. ახლა სანგრები გადის მედიაში, პარლამენტში, საკრებულოებში, სამსახურებსა და ოჯახებში.

არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო მედიის საღი ნაწილით. ასეთი მაღალი შეგნების და სამოქალაქო პოზიციის თავისუფლების მოყვარე ჟურნალისტები არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მინახავს. თქვენი დამსახურებით ბევრი მითი დაიმსხვრა და ხალხმა სიმართლის დანახვა დაიწყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Cesko