ამბობენ, ცხოვრება კიბეა, ზოგი ადის, ზოგი ჩადისო. 38 წლის მეგი მექერიშვილს ამ კიბეზე ასვლა-ჩასვლა რამდენიმეჯერ მოუწია, თუმცა, იმედი არასოდეს დაუკარგავს და მიზნის მისაღწევად ყოველთვის შემართებით იბრძვის. მეგი საქართველოში ტრაილერის ერთადერთი მძღოლი ქალია. ამ პროფესიამდე კი ის ჯერ ემიგრანტი, შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნებული, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო. ეს ადამიანი ერთგვარი მისაბაძი მაგალითია, როგორ არ უნდა დანებდე წარუმატებლობას, კრახს, წინაღობას და იბრძოლო პრობლემის დასაძლევად.
მეგი მექერიშვილი: ბავშვობაში ჩუმი, წყნარი და მოწესრიგებული ვიყავი. მიყვარდა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში, ველოსიპედები, მანქანები. მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოდან ვარ. 13 წლის ვიყავი, მამამ გერმანიაში რომ დაიწყო სიარული. მანქანები ჩამოჰყავდა, ბიზნესი ჰქონდა. იმ პერიოდში დედას ძალიან სჭირდებოდა მანქანით გადაადგილება. ხან სხვა სოფელში იყო წასასვლელი, ხან ჩვენი პატარა მაღაზიისთვის პროდუქტი ჰქონდა მოსამარაგებელი. თავად ვერ აუღო საჭეს ალღო და მე მომიწია მანქანის ტარება. ასე რომ, 13 წლის ასაკში უკვე გამართულად ვმართავდი მამას „ჟიგულის“ ფირმის ავტომობილს. ბიძამ და ბიძაშვილმა მასწავლეს ტარება. არ დამავიწყდება, უკუსვლით უნდა გავსულიყავი, საკმაოდ ვიწრო ადგილას და მამამ მითხრა: თუ აქ ისე გახვალ, მანქანას არ გაკაწრავ, მანქანის გასაღებს გჩუქნიო. ისე გავედი, მანქანას მართლაც არაფერი დაზიანებია და მამამ, დანაპირები შეასრულა – 13 წლისას მანქანა მაჩუქა. სხვათა შორის, ჩემს პატარა ძმასაც ვასწავლე მართვა, მაშინ რვა წლის იყო (იცინის). 16 წლის გავხდი თუ არა, მართვის მოწმობა ავიღე – B და C კატეგორია.
– როგორც ვიცი, C კატეგორია სატვირთო მანქანის მართვის უფლებას გაძლევს და 18 წლის ასაკში რატომ მოგინდა მისი აღება?
– ბიძაჩემს დიდი მანქანა „კამაზი“, კომბაინი და ტრაქტორი ჰყავდა. მიტაცებდა ამ ტექნიკის ტარება და ვეხვეწებოდი, დამსვი-მეთქი. გამოცდის ჩასაბარებლად რომ მივედი და ვთქვი C კატეგორიაც მინდა ავიღო-მეთქი, პოლიციაში ალმაცერად შემომხედეს – ფარატინა გოგოს ეს რად უნდაო (იცინის). მითხრეს: „კამაზი“ დგას ეზოში, თუ დაქოქავ და გაატარებ, მართვის მოწმობას მოგცემთო. რა თქმა უნდა, დავქოქე კიდევაც, წავიყვანე, მოვიყვანე და აღარ ვაჩერებდი. მიყვიროდნენ: გააჩერე, ჩამოდი, გაძლევთ მართვის უფლებასო (იცინის). გაოგნებულები დარჩნენ, ჩემგან მსგავს მანევრებს არ მოელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის მძღოლი ვარ და იმდენად ფრთხილი ვარ, არასოდეს გადავდივარ დაწესებულ სიჩქარის ზღვარს, გამორიცხულია. ამიტომ, ავარიაც არასოდეს მომსვლია. მირჩევნია, დანიშნულ ადგილას გვიან, მაგრამ მშვიდად მივიდე. მობილიზებული ვარ გზაზე და ჩემს საქმეზე. რთულია მამაკაცური საქმის კეთება, თუმცა, შეუძლებელი არაფერია. 38 წლის ვარ და იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს, ვისვამ ტონალურს. შეიძლება, წელიწადში ორჯერ მნახოთ გამოპრანჭული. პრანჭვა ჩემს სტილში არ ჯდება.
– ემიგრაციის რთული გზაც შენს თავზე გამოცადე და საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარე.
– 90-იან წლებში გავთხოვდი, გავაჩინე შვილი და თან, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან დევნილი იყო, საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობდნენ და ემიგრაციაში, სამუშაოდ წასვლა მომიწია. მამის ნაჩუქარი მანქანა გავყიდე და წავედი საქართველოდან. 19 წლის გავთხოვდი, 1 წლის ბავშვი დავტოვე საქართველოში და 21 წლის საბერძნეთში გავხდი. საკმაოდ რთული გზა გავიარე – შიმშილი, უყველაფრობა, სტრესი, მონატრება. ჯოჯოხეთი გავიარე, ოჯახი რომ მერჩინა. ათი წელი გახლდით ემიგრაციაში, პირველი შვილი წავიყვანე და მეორე ბავშვიც გავაჩინე. მეორე ბავშვზე ორსულად რომ ვიყავი, ერთ-ერთი ორგანიზაცია დამიკავშირდა, რომელსაც „წითელი ჯვრის“ ფუნქციები აქვს შეთავსებული. მითხრეს: ახალგაზრდა დედებს ხელს ვუწყობთ განვითარებაში, სულ დამლაგებელი და მომვლელი ხომ არ იქნები, რაც გაინტერესებს იმ კუთხით ცოდნას მოგცემთ და დაგაფინანსებთო. მოკლედ გამიმართლა, ავირჩიე კულინარია, კერძოდ, ფრანგული სამზარეულო, თავისი კერძებითა და დესერტებით. ორი წელი ვსწავლობდი და შემდეგ, საკმაოდ პრესტიჟულ სასტუმროში „ჰილტონში“ ვმუშაობდი. ფაქტობრივად, კონკიას ზღაპარი გავიარე (იცინის). ექვსი თვე ვიმუშავე იქ, შემდეგ კი დაბრუნება მომიწია. არ ვფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ სამწუხაროდ, ახალგაზრდა მაზლი გარდამეცვალა ლეიკემიით, დედამთილიც შეუძლოდ იყო, ჩვენ გარდა პატრონი არ ჰყავდა და სხვა გზა არ გვქონდა, უნდა დავბრუნებულიყავით. პრაქტიკულად, ისევ თავიდან, ნულიდან, დავიწყე ცხოვრება და უკვე – მეორედ. თუმცა, ეს არ იყო ცხოვრების ნულიდან დაწყების საბოლოო ვერსია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თავის დამკვიდრება ძალიან გამიჭირდა. დავიწყე ჩემი სპეციალობით სამსახურის ძებნა, თუმცა, სადაც მივედი სამზარეულოში, ყველგან ხაჭაპურის, ლობიანისა და ხინკლის ცომის ცოდნა მომთხოვეს. ვიფიქრე, ვისწავლი, სხვა გზა არ არის-მეთქი და ისევ თავიდან დავიწყე სწავლა. 6 თვე ვიმუშავე სამზარეულოში და მერე წამოვედი. მოკლედ, ჩემი შვილები დაპატიჟეს გასართობ ცენტრში დაბადების დღეზე. წავიყვანე და იქ გამიჩნდა იდეა, მსგავსი მეც მეცადა. იდეა 2013 წელს დავისახე და სულ მალე გასართობი ცენტრის – „მინიონების“, დამფუძნებელი გავხდი. საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ავაწყვე, რაშიც დედა დამეხმარა – ჩვენი პირადი ქონება ჩავდეთ და ბანკიდან თანხა გამოვიტანეთ. სულ მალე „მინიონების“ ექვსი ფილიალი გვქონდა და 200 კაცზე მეტი დავასაქმეთ. 8 წელი იარსება წარმატებულად, თუმცა, პანდემიაც დაიწყო და დღეს აღარ ვარსებობთ. ბანკმა ჩამოგვართვა, აწყობილი ბიზნესი ერთი ხელის მოსმით დავკარგე და აღმოჩნდა, რომ ცხოვრება ისევ თავიდან, მესამედ უნდა დამეწყო.
– დღეს ერთადერთი გოგო ხარ საქართველოში, რომელიც ტრაილერის საჭეს მართავ. წარმატებული ბიზნესის მერე ეს აზრი საიდან გაგიჩნდა?
– ჩემი მეგობარი გოგო არის ამერიკაში და იქ იწყებს ტრაილერის მართვის სწავლას. მან მომცა იდეა, სინჯე, მანდ და თუ გამოგივა, მერე ჩამოდი, რასაც მანდ წვალობ, აქ არ იწვალებ, ადამიანური ცხოვრება გექნებაო. ჭკუაში დამიჯდა, გადავწყვიტე წასვლა და მანამდე კი აქ ტრაილერის მართვის მოწმობის აღება. არადა, ტრაილერის დიდ მანქანებს რომ ვხედავდი, სულ მეშინოდა. მისი კარიც კი არ მქონდა გაღებული და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდი. ოჯახი დამიდგა გვერდით, თუმცა მამას ეშინოდა და თან, მეუბნეობდა: გამორიცხულია, ვერ ჩააბარებ, ვერ მართავ ტრაილერს, რთულია გოგოსთვის, მამაკაცური საქმეა, ქალურ საქმეს მოჰკიდე ხელიო. არადა, საჭესთან რომ ვზივარ, ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ. პირველად ტრაილერის მანქანას ჩემი ტრაილერით ტრასაზე რომ გადავუსწარი, ისეთი ადრენალინი ვიგრძენი, ენით ვერ გადმოგცემთ (იცინის). მოკლედ, ვისწავლე მართვა და რომ მივედი E კატეგორიის მართვის ჩასაბარებლად, პოლიციელები გაოგნდნენ, შენ და ტრაილერიო? (იცინის) მეშვიდე ცდაზე ჩავაბარე და ავიხდინე ოცნება. უკვე სამი თვეა, საქართველოს შიდა გადაზიდვებზე მიწევს სიარული. არ დამავიწყდება, ნომერი დამეკარგა, გავჩერდი ავტობანზე და სხვა მძღოლს ველოდებიდი, რომ ნომერი მოეტანა, დამემაგრებინა და გზა გამეგრძელებინა. პოლიციამ გამოაირა და რომ დამინახა ავარიული სანათებით გაჩერებული, თავადაც გააჩერა, მომიკაკუნა ფანჯარაზე და კარი რომ გავაღე, მკითხა: ამ მანქანის მძღოლი სად არისო? ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. თვალები შუბლზე აუვიდა (იცინის). სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა სამსახურის შოვნა – არ მიღებდნენ ტრაილერის მძღოლად, ქალი არასოდეს ჰყოლიათ და ვერ წარმოედგინათ. ერთ-ერთ კომპანიაში ქალბატონმა მაიკომ კარგ თვალზე შემომხედა, მენდო და მომცა შანსი. დიდი მადლობა მას ამისთვის. სულ გზაში ვარ, ფაქტობრივად, მანქანაში ვცხოვრობ. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენად მინდა და მომწონს მოგზაურობა, არ მღლის. 38 წლის ასაკში ტრაილერის მძღოლობაში ჩემი თავი ვიპოვე. ამხელა მანქანის საჭესთან ქალს რომ მხედავენ, მძღოლები გაოგნებული მიყურებენ. თუ სურვილია, იქ კაცისა და ქალის საქმის დაყოფა გამორიცხულია. ქალმა თუ მოინდომა, მიუღწეველი არ არსებობს, ტრაილერის წაყვანა კი არა, მთებს გადადგამს. ტრაილერის საჭესთან დაჯდომით, ბევრ ოცნებას ავიხდენ – ამ გზას გავყვები და ჩავალ ამერიკაში. ჩემი ცხოვრება ამდენი ტანჯვისა და წვალების შემდეგ კალაპოტში ჩადგება და დალაგდება. მთავარია, იქამდე ჩავაღწიო. ვიბრძვი, არ ვნებდები და მჯერა, ყველა ოცნებას აუცილებლად ავიხდენ. წარმოიდგინეთ, 38 წლის ასაკში მერამდენედ შევიცვალე პროფესია, მერამდენედ გადავლახე ბარიერი და მერამდენედ დავიწყე ცხოვრება თავიდან. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მზად ვარ, ყველანაირ განსაცდელს გავუმკლავდე, გამართულად გავიარო და მიზნამდე მივიდე.
– მხოლოდ მართვა იცი თუ ტრაილერის ტექნიკური დეტალებიც? მაგალითად, თუ რაიმე გაუფუჭდა, შეაკეთებ?
– თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, ახლა კი ვისწავლე და გავერკვიე. ჯერ კიდევ ვსწავლობ. სხვათა შორის, პატარა მინიონები, ჩემი 40 ტონიანი ტრაილერით, სულ დამაქვს და ეს ერთგვარი, ჩემი წარმატების მომტანი თილისმა გახდა. მინდა, საერთაშორისო რეისებზე გადავიდე, ეს ჩემი ოცნებაა და მიზანი კი – ამერიკაში წასვლა.
“თბილისელები”