,,ერთი ხელის თითები მეყოფა ჩამოსათვლელად, თუ რამდენჯერ ვიყავი ბედნიერი: როცა დედა ცოცხალი მყავდა, ჩემი პირველი შვილი რომ დაიბადა და მისი ტირილი გავიგონე. სემინარიაში სწავლის დროს და როცა პატრიარქმა პოეტი მიწოდა”, – ამბობდა წლების წინ ,,სარკესთან” საუბრის დროს თბილისის ჯვრის მამის ეკლესიის დეკანოზი, მამა თავმას ჩოხელი.
ინტერვიუსთვის როცა ხელახლა ვესტუმრეთ, სევდიანი ჩანდა, თქვა, რომ ღიმილს გადაეჩვია, თუმცა საკუთარი ოჯახის, მრევლისა და ქვეყნის დარდების შემგროვებელი მოძღვარი, მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, მაინც სიყვარულის საგალობლებს წერს, მის ამღერებულ ლექსებს კი სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა და მოწონება აქვს. კაცს სიმღერა გაჭირვებას უადვილებსო, ამბობს მამა თავმასი, რომელსაც სიყვარულის მოძღვარი დაარქვეს.
– მამაო, რთული პერიოდია ქვეყანაში – დაძაბული პოლიტიკური ფონი, პანდემია, ეკლესიისა და სასულიერო პირებზე თავდასხმა… როგორ გავლენას ახდენს ეს სიტუაცია ეკლესიის ცხოვრებაზე?
– ადამიანებმა არ იცინიან, რამდენად საშიშია ეკლესიის აუგად მოხსენიება, სასულიერო პირების განკითხვა. თუ მათ ჰკითხავ, ანთებულ ცეცხლში შევლენ თუ არა, გიპასუხებენ – არაო, ცხოვრების წესით კი ამას აკეთებენ. ჩემო შვილებო, მოძღვარი რაც უნდა ცოდვილი იყოს, ის ღვთიური ცეცხლის მატარებელია და ძალიან საშიშია მისი აუგად მოხსენიება. ყველა საკუთარ ცოდვებზე აგებს პასუხს, ერიცა და ბერიც, მაგრამ თქვენ ნუ დაბრკოლდებით, ნუ დაიმძიმებთ ცოდვებით სულს. ეკლესიამ ორი ათასი წლის განმავლობაში ბევრი ბრძოლა გამოიარა, მაგრამ ღვთის ძალით მოაღწია ჩვენამდე და იქნება სამარადისოდ.
ჩემი აზრით, მოძღვრის ცხოვრების ერთი წელი ჩვეულებრივი ადმიანის ცხოვრების ორ წელს უდრის. იქნებ არ ჩანს, მაგრამ რთულია სულიერი მამის მოღვაწეობა. რწმენა, პირველ რიგში, პასუხისმგბლობაა, გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ჩვენ უკან ეკლესიაა.
მეოთხედი საუკუნეა, რაც მოძღვარი ვარ. მოძღვრის 25 წელი, ჩემი აზრით, ერისკაცის 50 წელს უდრის. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, არ მივცე ადამიანებს განკითხვის მიზეზი. ქუჩაში ბოთლით წყალსაც არ დავლევ. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ყველაზე ნაკლებად ცოდვილი ვარ, მაგრამ, როგორც ქრისტიანი, ვცდილობ, კარგად მოვიქცე, რომ ჩემი საქციელით სხვა არ დავაბრკოლო.
მძიმე ჟამი უდგას ქვეყანას, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. დავფიქრდეთ, ბოლოს როდის დავესწარით ლოცვას, შვილები როდის ვაზიარეთ, ღვთისთვის სათნო კეთილი საქმე როდის გავაკეთეთ. ჩემს ბავშვობაში ვხედავდი, უცხო ადამიანები ერთმანეთს კეთილ საქმეს როგორ უკეთებდნენ. დღეს კი ეს იშვიათი გახდა. მუდმივი და დაუსრულებელი მხოლოდ სიკეთეა, ვერ დავეხმარებით ადამიანს მატერიალურად? კეთილი სიტყვა მაინც უნდა ვუთხრათ. გავიხსენოთ, ბოლოს როდის გავჩერდით ადამიანთან, რომელიც მოწყალებას ითხოვს და როდის გამოველაპარაკეთ.
– თქვენი შემოქმედების მთავარი თემა ქალვაჟური სიყვარულია…
– ჩვენს გენსა და გონებაში არის ტრადიციული ქალვაჟური სიყვარული, რომელსაც მოჰყვება ოჯახის შექმნა და ერის გამრავლება. ეს ღვთისგან ნაკურთხი კავშირია, ეს არის გზა, რომელიც ქართველმა აირჩია და აქედან გამომდინარეობს ჩემი ლექსებიც, რომლებიც იწერება სიყვარულზე, მხოლოდ სიყვარულზე და სხვა არაფერზე, სიყვარულის გარდა.
– სასულიერო პირები როგორ უყურებენ თქვენს შემოქმედებას?
– პატრიარქს მოსწონს ჩემი ამღერებული ლექსები. ერთხელ იყო ბედნიერი დღე, ტრაპეზზე პატრიარქთან ვიყავი. მან მკითხა ჩემს ამღერებულ ლექსებზე. ვუთხარი, გუშინ სიმღერის პრემიერა იყო-მეთქი. ჩანაწერი მოვასმენინე – ,,მიყვარხარ, მაგ ღიმილს მოგტაცებ, ცხოვრება დავიწყოთ თავიდან…”. უწმინდესმა მოუსმინა და მკითხა, შენი მეუღლე რას გეუბნება, სიყვარულზე ლექსებს რომ წერო. ვუპასუხე, ცოლმა მკითხა, რა ხდებაო. პატრიარქს გაეცინა, დაწერე, დაწერეო, მითხრა…
მას შემდეგ ვწერ და ვწერ. 70-მდე ლექსი მაქვს და იქიდან 62 ამღერებულია. ერთხელ გზად მიმავალი ვფიქრობდი, როდის იქნება, მანქანა რომ გაივლის და გავიგონებ, ჩემს სიმღერას როგორ უსმენენ-მეთქი. ეს ფიქრი არ მქონდა დამთავრებული, გვერდით ჩამიარა ავტომობილმა, რომლის მძღოლსაც ჩემი სიმღერა ჰქონდა ჩართული. ,,ამაყო გუდამაყრელო” ჩემი პირველი ამღერებული ლექსია და ყოველგვარი რეკლამის გარშე ადვილად გაიკვლია გზა ადამიანების გულებამდე.
ეს მაბედნიერებს. ვცდილობ, ხშირად ვიარო ჩოხში, გუდამაყარში. იქ ხატობის დღესასწაულზე მიწაზე არის ხოლმე სუფრები გაშლილი. ერთხელ, იქ ყოფნის დროს, ჩემი თეთრი ანაფორის დამსახურებით, შორიდან შემამჩნიეს მუსიკოსებმა და ჩემი ამღერებული ლექსით მომიახლოვდნენ, თითო ჭიქა დაილიეს, დაილოცნენ. მითხრეს, შენ და შენს სიმღერებს ვენაცვალეთო. ჩამეხუტნენ და წავიდნენ. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უზარმაზარი გასამრჯელო ამეღოს ამ ლექსის დაწერისთვის. ეს იყო ჩემი შრომის ანაზღაურება.
– თქვენ, სხვა სასულიერო პირებისგან განსხვავებით, სულ თეთრი ანაფორით დადიხართ. რატომ?
– ბავშვობიდან თეთრი პერანგების ჩაცმა მიყვარდა, რაც სასულიერო ცხოვრების დაწყების შემდეგ კაბაში გარდაიქმნა. ჩვენი კანონის მიხედვით, შეუძლია მოძღვარს, ღია ფერის სამოსი ჩაიცვას. ღია ფერის კაბა ჩემს განწყობასთან უფრო ახლოსაა.
– თქვენი ცნობილი შვიდი ,,იავნანიდან” ერთ-ერთი ჯერ არდაბადებულ შვილიშვილს მიუძღვენით. ჩანს გეჩქარებათ, რომ პაპა გახდეთ.
– მე ემოციური ვარ. ჩემს პატარა გაბრიელს, რომელიც 5 წლისაა, ვეუბნები, მამას ხომ უყვარს შვილი, მე იმაზე მეტად მიყვარხარ-მეთქი. როცა გაბრიელი დაიბადა, 48 წლის ვიყავი. ასაკში სულ სხვანაირია ეს განცდა, ის გაახალგაზრდავებს და განსხვავებულად ბედნიერი ხარ. ძალიან მიყვარს ჩემი შვილები და ჯერ დაუბადებელი შვილიშვილიც მიყვარს. პაპის ,,იავნანა” მივუძღვენი სხვის დაბადებულ და ჩემს ჯერ დაუბადებელ შვილიშვილს. ვისურვებდი, ბედნიერები იყვნენ.
ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს, ბევრ სევდას დავატარებთ გულითა და გონებით. დღეს, როცა ძნელბედობის ჟამი უდგას ქვეყანას, ღიმილს გადავეჩვიე. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ჩემს ბავშვობაზე, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ხალხი ლაღი და მხრებში გაშლილი დადიოდა.
– ბავშვობიდან რა გენატრებათ?
– იცით, რომ მკითხოთ, სად ვისურვებდი დასვენებას, გიპასუხებთ – ჩემს ბავშვობაში დავბრუნდებოდი და იმ გაღიმებული ადამიანების გარემოცვაში გავატარებდი დღეებს, იებსა და იასამნებში. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება იყო, იას და იასამანს მთელი წელი ეყვავილათ. სამწუხაროდ, ეს ოცნება არ ამიხდა.
ფოტოზე მამა თავმასი შვილთან ერთად
“სარკე”