ბიზნესმენი,  ნოდარ მელაძეს სასამართლოში უჩივის და საბანკო ანგარიშის დაყადაღებას ითხოვს

0
2015
54 Views

ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილი „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილს სასამართლოში უჩივის.

სარჩელის მიხედვით, დავის არსს წარმოადგენს „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენლების, გიორგი და ელენე ქიშმარიების მტკიცებით, არის მცდარი ფაქტების შემცველი, მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური.

მოსარჩელის ადვოკატები მოითხოვენ, ცილისწამებად აღიაარონ სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები.

მორალური და რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელე ნოდარ მელაძის და ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილისგან დიდი ოდენობის თანხას მოითხოვს, სასამართლო გადაწყვეტილებამდე კი, მოთხოვნილი თანხის უზრუნველსაყოფად, მათი პირადი ანგარიშების დაყადაღებას.
ნოდარ მელაძის განცხადებით, სიუჟეტი ინფორმაციის გადამოწმების უმაღლესი სტანდარტითაა გაკეთებული.

მისი თქმით, ჟურნალისტმა მაკა ანდრონიკაშვილმა საქმის ყველა ფიგურანტთან ჩაწერა ინტერვიუ. მისი მტკიცებით, რეპორტაჟი მყარ მტკიცებულებებს ეფუძნება.
ნოდარ მელაძე საქმის წამოწყებას კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის მორიგ მცდელობასა და პრემიერის პირად შურისძიებას უკავშირებს.
„გადაწყვიტეს, ჩვენზე დაიწყოს პერსონალური თავდასხმა, პრაქტიკა დაიწყეს, რომ დაიწყონ ბევრი სასამართლო დავა ჟურნალისტების წინააღმდეგ ისე, რომ კანონს აუარონ გვერდი. კანონი გვეუბნება, რომ ჟურნალისტი მოპასუხე არ შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტი. სასამართლო ცდილობს, კანონს გვერდ აუაროს. კანონში წერია, რომ მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს, რომ მოპასუხემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა პირდაპირი განზრახვით, რაც რთულია“, – განაცხადა მელაძემ „TV პირველის“ ეთერში.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორის, ნათია კაპანაძის შეფასებით, ეს შემთხვევა მედიის მიმართ გამოვლენილ ტენდენციებს შორის ყველაზე საშიშია.

“ეს შუამდგომლობა ეხება არამხოლოდ ჟურნალისტს, როგორც მოპასუხეს, მეორე საკითხია ის, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა პირადი ცხოვრების და ქონების დაყადაღების. როდესაც საქმე შეეხება პირად უსაფრთხოებას, ქონებრივ უსაფრთხოებას, რაზეც ჟურნალისტების და მათი ოჯახის რჩენაა დამოკიდებული, არის მათი მიმართულებით უსამართლო. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს ცენზურის და თვითცენზურის გაღვივება, რათა ჟურნალისტმა იგრძნოს, რომ მისი მუშაობის ტენდენციები, შესაძლებელია, მის ოჯახზე აისახოს“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ „TV პირველის“ ეთერში.

Cesko