,,როდესაც პოპულარული ხარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის უნდა აკონტროლო საკუთარი თავი და ეცადო, არაფერი შეგეშალოს, მაგრამ რაც უნდა გააკეთო, ყოველთვის თან გდევს ჭორი და ათასნაირი მითქმა-მოთქმა”, – ამბობს ,,სარკესთან” მომღერალი და აღნიშნავს, რომ ჭორებმა მის ცხოვრებაზე გავლენა იქონია.
მანანა თოდაძე: რთულია, როცა უსმენ ამდენ ცრუ ბრალდებას, ჭორს და ტყუილს. სტრესში ვიყავი. მახსოვს, ერთხელ გასახდელში ვტიროდი. შემოვიდა ბუთხუზ ბასილაია და მკითხა, რა გატირებსო. ვუთხარი, ჩემზე ძალიან ცუდი რაღაცები თქვეს-მეთქი.მითხრა: ,,იცი, როდის უნდა იტირო? როცა შენზე არავინ არაფერს იტყვის. ახლა უნდა გაგიხარდეს”.
ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. რაც მთავარია, საკუთარ თავთან და უფლის წინაშე ვარ მართალი. ხშირად მსმენია, უფალს ვინც უყვარს, ყველაზე ხშირად მას სჯის და ცდისო. მე ძალიან ბევრი გამოცდა გავიარე ცხოვრებაში. სირთულეები ყოველთვის თან მდევდა, ბევრი წვალება და გაჭირვება ვნახე. აღარაფერი მიკვირს ამ ცხოვრებაში. მიკვირს მხოლოდ კარგი ადამიანების არსებობა.
– ანუ შური, მტრობა უფრო მეტი შეგხვდათ, ვიდრე სიკეთე და უანგარობა?
– რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი შური იყო, ბევრი ცუდი რაღაც, მაგრამ უფალმა მომცა ძალა, რომ ეს ჩუმად გადამეტანა, ზიანი არავისთვის მიმეყენებინა. მივხვდი, რომ საკუთარი შრომით უნდა დაუმტკიცო ყველას, ვინ ხარ და არა – ლანძღვით. ჩემს პირად ცხოვრებაზე აისახა ბევრი რამ, მაგრამ იმით ვარ ბედნიერი, რომ უფალმა მომცა საშუალება, ,,ივერიაში” მოვხვედრილიყავი. სადაც არც შური იყო და არც მსგავსი რამ.