,,ქეთინო, ჩემო სიცოცხლე, მაკოცე” – გიგა ლორთქიფანიძის უკანასკნელი პაემანი და ერთი ფოტოს სევდიანი ამბავი

February 16, 17:00
0
1166

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის და მსახიობ ქეთევან კიკნაძის უკანასკნელი პაემანის მომსწრე აღმოჩნდა მსახიობი და რეჟისორი, ლარისა ხაჭაპურიძე, რომელიც ამ სცენას კლინიკაში შეესწრო.

,,გიგას სუნთქვა უჭირდა, გონება კი ჩვეულებრივ დიდი იუმორით და სიბრძნით უჭრიდა. ისეთ ამბებს გვიყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმაციული განყოფილება ვიზუალურად ძნელი საცქერია, ჩვენ სიამოვნებით მივდიოდით…

მორიგი ვიზიტისას ცუდი ამბავი დაგვახვედრეს – ქალბატონ ქეთინოს კენჭის გავლა ჰქონდა და ისიც რეანიმაციაში წევსო.

ბატონი გიგა გამჭოლი მზერით (ისე, როგორც რეპეტიციაზე იცოდა) გვიყურებდა და გვეკითხებოდა:

– ქეთინო როგორ არის?

– სტაბილურად, – ვპასუხობდი მე.

– ვის ატყუებ შენ! სტაბილურად შეიძლება იყოს მძიმედ და ძალიან მძიმედაც.

– სტაბილურად კარგად, ბატონო გიგა…

მომდევნო დღეებში აიჩემა, თუ კარგად არის, შემოვიდეს, მნახოსო. პალატის კარი გაიღო, წითელ ხალათში გამოწყობილი ქალბატონი ქეთინო ექთანმა შემოიყვანა… უცებ ბატონ გიგას თვალები პატარა, ცელქი ბიჭივით აუციმციმდა:

– მოხვედი, ჩემო სიცოცხლე?

– მოვედი, ჩემო ლომო.

– როგორც დაჭრილი ლომი, ხომ?

– ლომი ლომია, ჩემო საყვარელო, გინდ დაჭრილი იყოს, გინდ მთელი, კურდღელი არასოდეს გახდება.

ქალბატონი ქეთინო მიუახლოვდა, ლოყებზე, შუბლზე, თავზე ეფერებოდა, ბატონი გიგას ხელებს გულში იკრავდა. ეს ისეთი სინაზით და სითბოთი ხდებოდა, რომ ყველანი ვტიროდით… ქალბატონი ქეთინო ჯერ კიდევ სუსტად იყო, თანაც ემოციებით დაიღალა, წამოდგა და საკუთარ პალატაში დაბრუნება გადაწყვიტა. ბატონმა გიგამ, როგორც პირველ პაემანზე, სთხოვა:

– ქეთინო, ჩემო სიცოცხლე, მაკოცე.

მე ვუყურებდი, არ მინდოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს იყო მათი უკანასკნელი პაემანი”, – იხსენებს ქალბატონი ლარისა.

ქალბატონმა ქეთევანმა თავისი ცხოვრების დიდი სიყვარული უკანასკნელ გზაზე 2013 წლის 13 ივნისს გააცილა.

Cesko