იწვევს თუ არა კორონავირუსის დროა მაღალი სიცხე თავის ტვინის დაზიანებას? – საყურადღებო დასკვნები ექიმისაგან

0
760
37 Views

კორონავირუსის ყველაზე აქტიური შტამი „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და მაღალი ტემპერატურით ვლინდება. ბავშვებში და არამარტო, სიცხე 40 გრადუსს აღწევს. იწვევს თუ არა ეს თავის ტვინის დაზიანებას – ამასთან დაკავშირებით პედიატრი თაკო ანდრიაძე თავის მოსაზრებას აქვეყნებს

რადგან კოვიდის ახალი ვარიანტი მაღალი და შეუპოვარი სიცხით მიმდინარეობს, დასამშვიდებელი პოსტით მოგესალმებით. მითები და ფაქტები ცხელებასთან დაკავშირებით:

მითი: მაღალი სიცხე >40 ზე თავის ტვინის დაზიანებას იწვევს.

ფაქტი: ცხელება, რომელიც გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, თავის ტვინის დაზიანებას არ იწვევს. თუ ბავშვს უყურადღებოდ დავტოვებთ ისეთ გარემოში, სადაც ტემპერატურა ძალიან მაღალია და ეს სივრცე დახურულია, შეიძლება სერიოზული პრობლემა ამ შემთხვევაში გამოვიწვიოთ და არა ვირუსული ან სხვა ინფექციის თანმხლები მაღალის სიცხის დროს.

მითი: ყველა ბავშვს, ცხელების დროს შესაძლოა განუვითარდეს გულყრა. („კრუნჩხვა“).

ფაქტი: ფებრილური გულყრა აღენიშნება 5 წლამდე ასაკის ბავშვთა მხოლოდ 2-4% -ს.

მითი: ფებრილური გულყრა („კრუნჩხვა“, რომელიც ვითარდება მაღალი სიცხის დროს) ძალიან საშიშია.

ფაქტი: ფებრილური გულყრა, ძალიან არასასიამოვნო და მშობლისთვის სტრესული მდგომარეობაა, თუმცა მაქსიმუმ, 5 წუთში გულყრა თვითნებურად სრულდება. ის არ იწვევს ხანგრძლივ პრობლემებს, არ ზრდის ნევროლოგიური პრობლემების, არაფებრილური გულყრის, განვითარების პრობლემების რისკს.

რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს მაღალი სიცხის დროს:

იმ შემთხვევაში, თუ ცხელება იწვევს დისკომფორტს, ბავშვთა ასაკში, შესაძლებელია „იბუპროფენის“ ან „პარაცეტამოლის“ შემცველი საშუალებების გამოყენება.

ოთახში შეეცადეთ იყოს სიგრილე, ისე, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ჩააცვით თხელი და კომფორტული ტანსაცმელი. შესთავაზეთ დიდი რაოდენობით სითხეები, დასაშვებია ელექტროლიტის მიღებაც, გაუწყლოების თავიდან აცილების მიზნით.

რა არ უნდა გავაკეთოთ:

არ გამოვიყენოთ ასპირინი სიცხის დასაწევად.

არ არის სასურველი ცივი ღრუბლით აქტიური დაზელა, რადგან ასეთ დროს შეიძლება გავაძლიეროთ კუნთების აქტიური შეკუმშვა ანუ „კანკალი“, რაც თავის მხრივ სიცხეს კიდევ უფრო მოუმატებს.

არასდროს!! გამოიყენოთ სპირტით ან ალკოჰოლით დასველებული საფენი გაგრილების მიზნით, ეს, ძალიან საშიშია რადგან კანიდან ძალიან სწრაფად და დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი ამ ნივთიერებების შეწოვა რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს“, – წერს პედიატრი.

Cesko