შეუდარებელი დედა იყო…ბავშვთა სახლში გაიზარდა… – რას ამბობენ ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის შესახებ რუსუდანის ნაცნობები

January 31, 22:21
0
884

გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ, მთელი საქართველო შეძრა. ორი ახალგაზრდა და მათი სამი არასრულწლოვანი შვილი CO-ს ინტოქსიკაციამ იმსხვერპლა.

„პრაიმტაიმმა“ ახალი დეტალები გაარკვია. როგორც რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ახლობელი გვიყვება, ახალგაზრდა ქალი ბავშვთა სახლში გაიზარდა. პირველი ქორწინება მისთვის უიღბლო აღმოჩნდა. სიდუხჭირის გამო სოციალურ შემწეობას იღებდა. მერე მეორე ოჯახი შექმნა და…

„მე და რუსუდანმა ერთმანეთი წლების წინ „მომავლის სახლში“ გავიცანით. ის თავის უფროს შვილთან ერთად ცხოვრობდა. იქვე მუშაობდა და გარკვეული შემოსავალიც ჰქონდა. მერე რამდენჯერმე კიდევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. სოციალური დახმარების მისაღებად დაკვალიანება სჭირდებოდა და მხარში ამოუდექი. ძალიან უთქმელი, წესიერი და კეთილი იყო.

წლების შემდეგ როცა შვილი სკოლაში პირველ კლასში შევიყვანე, ჩემი და რუსუდანის ბიჭი ერთ კლასში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დავახლოვდით. რამდენიმე წლის წინ როცა მეორე ოჯახი შექმნა, პატარა შვილი გარდაეცვალა. ამ დიდ ტრაგედიას ძალიან განიცდიდა… არ იყო აქტიური მშობელი, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა თავისი შვილების კეთილდღეობისთვის.

საშინელება მოხდა, ყველა მშობელი და ბავშვი ძალიან განვიცდით ამ ოჯახის ტრაგედიას.“ – ამბობს რუსუდანის ახლობელი.

როცა პირველი ოჯახი დაენგრა, წასასვლელი არსად ჰქონდა, კეთილი ადამიანების რჩევით, ქველმოქმედთა სახლში, „მომავლის სახლში“ მივიდა. ორი წელი იცხოვრა.

„ქალბატონი რუსუდანი, შვილთან ერთად, დაახლოებით ორი წელი ჩვენს სახლში ცხოვრობდა. იქვე დავასაქმეთ, ძიძის დამხმარედ. როგორც მახსოვს, ჩვენი სახლიდან წასვლის შემდეგ ახლობელს შეეკედლა. ამის შემდეგ კიდევ ორი წლის განმავლობაში ჩვენგან საკვები და პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები მიჰქონდა.

უწყინარი ქალბატონი გახლდათ, ცოტა ემოციურიც, თუმცა შეუდარებელი დედა იყო. ბოლო რამდენიმე წელი საერთოდ აღარ გამოჩენილა. როცა ეს ტრაგედია დატრიალდა მაშინ გავიგე, რომ მეორე ოჯახი შეუქმნია და სხვა შვილებიც ჰყოლია.“- ამბობს ქველმოქმედთა სახლის „მომავლის სახლის“ დირექტორი დავით კინწურაშვილი.

შეგახსენებთ, ტრაგედიის შედეგად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან: 32 წლის ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი – 6 წლის მა­რი­ამ შა­ნი­ძე, 5 წლის და­რე­ჯან შა­ნი­ძე და 12 წლის და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი.

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრი ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსული იყო.
ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.ახლობლების ცნობით, ცხედრებს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სოფელში მამის სახლში გადაასვენებენ.

Cesko