“რას გააკეთებს პუტინი ახლა, როცა 170 000 რუსი ჯარისკაცი, მიადგა უკრაინას და კიევზე დამიზნებულია SS-26 Iskander, რომლის ჩამოგდება უკრაინას არ შეუძლია” – დათო გამცემლიძე

0
1371
31 Views

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს:

“აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ისეთი გამოვა, როგორიც გამოვა ეს შეჭრა.
ანუ თუ ღრმა გამოვა ეს შეჭრა, დასავლეთის რეაქციაც ერთი გამოვა, თუ გამოვა მსუბუქი შეჭრა, მაშინ დასავლეთის რეაქციაც სხვანაირი გამოვაო.
მსუბუქ შეჭრაში უეჭველად იმას გულისხმობდა, რომ რუსეთი იმოქმედებს არა საკუთარი არმიით, არამედ დონბასურით….ვითომ. თუმცა ეს ვითომ გააპრავებს იმას რაც გამოვა რეაქცია.

(ბოდიში, ჩემმა მკითხველმა იცის, რომ მუდამ ვცდილობ წერის კულტურა დავიცვა, მაგრამ ამჯერად იძულებული ვარ მოვე-ტონს მივმართო, რათა ზუსტად გადმოვცე რაც თქვა.
სხვანაირად ყველა შუქ-ჩრდილს ვერ მოვიცავდი. გარეშე ამგვარი ტაფტოლოგიებისა.)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სიტუაცია უკრაინის გარშემო იმ ზღვარს ანუ უკანმოუბრუნებლობის წერტილს უახლოვდება, როცა ან რაღაც უნდა დაიწყოს, ან რაღაც უნდა შეწყდეს, ან გაირკვეს, ნათელი გახდეს, მოხერხდეს, ჩაიშალოს,ცხადი გახდესდა ა.შ. ჯერ-ჯერობით კი არანაირი სიცხადე არ არის, რადგან........ყველას აქვს ნათელი და მკაფიო პასუხი მხოლოდ იმ კითხვაზე, თურა უნდა პუტინს`.

რა თქმა უნდა, პუტინს უნდა უკრაინის სახელმწიფოს წაქცევა, მისი შემდგომი დაჩაჩანაკება, ახალი ტერიტორიების წართმევა, შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს სრული გაუქმება-განადგურება და დიდი იმპერიის აღდგენა ყოფილი სსრკ 1945 წლის საზღვრებში მინუს ბალტიის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი)

ანუ, საერთოდ აღარავინ დავობს იმაზე, რა უნდა პუტინს. თუმცა, აბსოლუტურად არავინ იცის პასუხი მეორე, უფრო მნიშვნელოვან კითხვაზე: რას აპირებს პუტინი?! ანუ რა უნდა გასაგებია, თუმცა რას გეგმავს კონკრეტულად? რას აპირებს კონკრეტულად? რას გააკეთებს ხვალ-ზეგ პუტინი აქ და ახლა, როცა 170 000 კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი, უახლესი სამხედრო ტექნიკით მიადგა უკრაინის საზღვრებს და კიევზე, ასევე უკრაინის სხვა ქალაქებზე დამიზნებულია უახლესი რუსული რაკეტები SS-26 Iskander, რომლის ჩამოგდება, სამწუხაროდ, უკრაინას არ შეუძლია.
ამერიკას შეეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიაზე განალაგებს ანტისარაკეტო და საზენიტო სისტემებს Patriot, თუმცა ამაზე ჯერ საუბარი არ არის.

გუშინწინ ღამით, ბაიდენმა ჩაატარა წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ მან არ იცის, რას აპირებს პუტინი და შესაძლოა ეს თვითონ პუტინმაც არ იცოდესო; თუმცა (პრეზიდენტ ბაიდენის თქმით) აშშ არ გამორიცხავს და სავარაუდოდაც კი მიიჩნევს, რომ (ციტატა) პუტინი უახლოეს მომავალში შევა უკრაინაში (ციტატის დასასრული) მაგრამ ….უცნობია რა სიღრმეზე და რამდენად შორს შევაო.

იგულისხმება, რომ პუტინი შეიძლება შეიჭრას ვთქვათ ქალაქ მარიუპოლამდე და უფრო შორს არ წავიდეს; შეიძლება წავიდეს ქალაქ დნეპრამდე (ყოფილი დნეპროპეტროვსკი), მაგრამ შეიძლება წავიდეს ყირიმამდე, რათა გაჭრას სახმელეთო გზა 2014 წელს დაპყრობილი ნახევარკუნძულისკენ , მერე უფრო შორს, ოდესამდე და მთელი სამხრეთი დაიპყროს, უკრაინა ზღვას მოწყვიტოს, უკიდურეს შემთხვევაში კიევიც აიღოს და ა.შ.
ეს ყოველივე ბაიდენს არ უთქვამს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ზუსტად არავინ იცის რამდენად შორს წავა პუტინი, თუმცა მაინც მიანიშნა (და ეს ძალიან ცუდია უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც), რომ დასავლური სანქციების სიღრმეც იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შორს წავა რუსული არმია. ანუ თუ მხოლოდ პირველ სტადიას დასჯერდება, სანქციები არ იქნება ისეთი ღრმა და ყოვლისმომცველი, როგორც კიევის დაპყრობის შემთხვევაში იქნებოდა.

ერთ-ერთი მიზეზი ბაიდენმა პრეს-კონფერენციაზევე გაახმოვანა: მან თქვა, რომ ამერიკასა და ევროპას შორის არ არსებობს სრული თანხმობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ და რა სიღრმის სანქციები უნდა შემოიღონ პუტინის აგრესიის შემთხვევაში.
რატომ? იმიტომ, რომ პუტინს აქვს უძლიერესი ბერკეტები: გუშინწინ, მოსკოვში დემონსტრაციული ვიზიტით ჩავიდა ირანის პრეზიდენტი რაისი. პუტინმა სპეციალურად მიიწვია ის კრემლში და ამით დასაველთს უთხრა, რომ თუ ხელს შეუშლიან უკრაინის საკითხში, მაშინ რუსეთი გავა ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან და სტრატეგიულ ბალისტიკურ რაკეტებს ასევე ბირთვულ ტექნოლოგიებს მიაწვდის ირანს.
სიგიჟეა?
მერედა და ვინ თქვა, რომ რუსეთის უკვე კარგა ხანშიშესული დიქტატორი დალაგებულია ანუ არის ჯერ კიდევ საღ აზრზე? მაქსიმალურად სწევს ფსონებს და სამწუხაროდ, გარკვეულ შედეგსაც აღწევს.

მაგალითად, პრეს-კონფერენციაზე ბაიდენი იძულებული გახდა ეთქვა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ვერ გაწევრდება ნატოში. რა თქმა უნდა ეს ფაქტია, რადგან უკრაინა არ შეესაბამება ალიანსის სტანდარტებს, – ვერ აკონტროლებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს! ამ მხრივ არის არშემდგარი სახელმწიფო, ხოლო ნატოში მხოლოდ შემდგარ სახელმწიფოებს იღებენ. ეს არის წესი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე

საუბედუროდ, ამ კონტექსტში, ამ სიტუაციაში, ამ ფრაზამ პუტინის დასამშვიდებლად გაიჟღერა და შესაძლოა ისე მოხდეს, რომ კი არ დაამშვიდოს, არამედ კიდევ უფრო აგრესიული გახადოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბაიდენის ეს ფრაზა უკრაინის შესახებ (უახლოეს მომავალში უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი) ძალიან ჰგავს პრეზიდენტ ობამას განცხადებას, რომსაქართველო არ დგას იმ ბილიკზე, რომელიც ნატოში მიდის`.

პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელმა განცხადებებმა უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. უკრაინის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ამერიკელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინელები შოკირებულნი არიან, როცა ამერიკის პრეზიდენტი განასხვავებს შეჭრასა და შეჭრასანუ მიანიშნებს, რომ მცირე შეჭრა არ გამოიწვევს მძიმე სანქციებს:
„ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს, რომ უკრაინაში თავისი შეხედულებისამებრ შევიდეს“, დასძინა უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მანამდე არასდროს სმენია მსგავსი ნიუანსი აშშ-ს ადმინისტრაციისგან. „კიევი გაოგნებულია“, – თქვა მან

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა ამ ფრაზას უძლიერესი განცხადებით.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ბაიდენი გულისხმობდა სულ სხვა რამეს: შეჭრაც არის და შეჭრაც. ანუ ერთია, თუ პუტინი დაკმაყოფილდება მხოლოდ კიბერ შეტევებით და დონბასელ სეპარატისტთა გააქტიურებით, ანუ დონბასელი სეპარატისტების შეტევით და მეორეა, თუ რუსული რეგულარული არმია გადალახაბს საზღვარს და შევა უკრაინაში.
თუმცა ამ განმარტებამ უკრაინა რა თქმა უნდა ვერ დაამშვიდა: რა მნიშვნელობა აქვს თვითონ რუსები შევლენ ოფიციალური სტატუსით, როგორც რუსული რეგულარული არმია თუ დონბასელ სეპარატისტებად გადაცმული იგივე რუსული არმია შევა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სიტუაციას აქვს უშუალო საზრისული კავშირი 2008 წლის მოვლენებთან. იმიტომ, რომ გამოდის, თუ ოსებად გადაცმული რუსები იმოქმედებდნენ მაშინ საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო რუსული რეგულარული არმია არ გამოჩნდებოდა ღიად, დასავლეთის რეაქცია ერთი იქნებოდა (უფრო ზუსტად, ჩვენს შემთხვევაში საერთოდ არ იქნებოდა, როგორც 1993 წელს, როცა მოქმედებდნენ აფხაზებად გადაცმული რუსები), ხოლო დასავლური რეაქცია, თუნდაც სუსტი, თუნდაც სიმბოლური იმიტომ გამოვიდა 2008 წელს, რომ რუსეთი იძულებული გახდა (!) ღიად ემოქმედა თავისი არმიით საქართველოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც…… ქართულმა არტილერიამ (გენერალმა დევი ჭანკოტაძემ) რუსული ბაზა დაბომბა ცხინვალში და მოსკოვს აღარ შეეძლო ჩრდილში დარჩენა.

რომ არ დაბომბილიყო ის ბაზა, რუსებს რასაკვირველია ერჩივნათ ჩრდილში დარჩენილიყვნენ ქართულ-ოსურ კონფლიქტში (როგორც ქართულ - აფხაზურ კონფლიქტში იყვნენ) და ყველაფერი გადაცმული ოსების ხელით ეკეთებინათ.

რომ არ დაგვებომბა ის ბაზა, პირველი ვარიანტი (ოსებად გადაცმული რუსებისხელით მოქმედებისა) მოსკოვისთვის ბევრად კომფორტული იქნებოდა რასაკვირველია. იმავე შედეგით ოღონდ დროში გაწელილად დასავლეთის მხრების აჩეჩვის ფონზე

ისევე, როგორც ახლა იქნება ბევრად კომფორტული იმოქმედოს დონბასელ სეპარატისტებად გადაცმული რუსების და არა რეგულარული არმიის სახით, ხელით და სტატუსით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბაიდენმა ისიც აღიარა გუშინწინდელ პრეს-კონფერენციაზე, რომ პუტინმა თავი ჩაიყენა იმგვარ მდგომარეობაში, როცა რაღაც უნდა გააკეთოს, თუკი ამდენი თვის განმავლობაში ძაბავდა სიტუაციას, თუკი ამ ხნის მანძილზე ასიათასობით ჯარისკაცი მიაყენა უკრაინის საზღვარს, თუკი გააჩინა მოლოდინები იმპერიულად და ანტიუკრაინულად განწყობილ რუსებში.
ანუ ბაიდენი გულისხმობს: თუ ახლა, ამდენი აურზაურის შემდეგ პუტინი საერთოდ არაფერს გააკეთებს, ეს უმოქმედობა მისი ქვეყნის შიგნით იქნება აღქმული, როგორც უკან დახევა და მარცხი.

ოღონდ ვაშინგტონში, ჩემი ზრით, არ ითვალისწინებენ თანამედროვე რუსეთის იმ თავისებურებას (რითაც იგი კატეგორიულად განსხვავდება ამერიკისგან) რომ პუტინმა ტელევიზიები აქცია პროპაგანდის იარაღად, ხოლო ხალხი…..რასაც ტელევიზიები ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ერთი ქართული გამოთქმის შესაბამისად.
ანუ……. ეტყვიან გავიმარჯვეთო და ისიც დაიჯერებს, რომ არშეჭრა დიდი გამარჯვება იყო თუნდაც იმიტომ, რომ ბაიდენმა ნამდვილად თქვა უახლოეს მომავალში უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდებაო.

ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ძალიან თავდაჭერილად იქცევა, ცდილობს თანამემამულეები დაამშვიდოს:
„ჩვენს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მოხუცებს, ეს უნდა ესმოდეთ: ყველამ უნდა ამოისუნთქოს. დამშვიდდით. ნუ გარბიხართ სასწრაფო დახმარებისთვის, როგორიცაა წიწიბურა და ასანთი. ყველა მედიას: დარჩით პასუხისმგებელ მედიად, ნუ იქცევით ისტერიის წყაროდ. ნუ დაეხმარებით მტერს აჟიოტაჟის და პანიკის შექმნაში`
“რა არის აქ ახალი? განა ეს არ არის რეალობა ბოლო რვა წლის განმავლობაში? განა რუსული შეჭრა არ დაიწყო 2014 წელს? ომის საფრთხე ახლაღა გაჩნდა?” -რიტორიკულად კითხულობს ზელენსკი. “პანიკის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რვა წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ამ პანიკის გავლენის ქვეშ ვართ”, – დასძინა მან.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ახლა “აქტიურად ესხმის თავს უკრაინელთა ნერვებს და არა ჩვენს სახელმწიფოს, რათა მუდმივი პანიკის განცდა გვქონდეს”.
აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა.

ამავე დროს, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთმა უკვე საბოლოოდ დაასრულა სახმელეთო ჯარების მობილიზაცია და მზად არის ნებისმიერ მომენტში შეტევის დასაწყებად.
დასავლეთი ახლა სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას. კერძოდ, მრავალი წლის მერე მოიხსნა არაფორმალური ემბარგო და უკრაინამ მიიღო ინგლისისგან, ამერიკისგან და კანადისგან თავდაცვითი, ტანკსაწინააღდმეგო იარაღი. ჯაველინის კლასის ინდივიდუალური სროლის რაკეტები.
და აღარც არავინ მალავს, რომ ამერიკა უკრაინას ეხმარება ასევე კოსმოსური სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით მტრის (რუსეთის) შეიარაღებულ ქვედანაყოფთა კონცენტრაციისა და გადაადგილების შესახებ.
არადა, ომის დროს ამ ინფორმაციას სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

უბედურება ისაა, რომ რა გმირული სულისკვეთებაც არ უნდა გმოავლინონ უკრაინელებმა, რუსული არმადის შეტევას ერთდროულად ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, შავი ზღვიდან ოდესასთან დესანტირებით, ბელორუსეთიდან და დონბასიდან უკრაინული არმია დიდხანს ვერ გაუძლებს.
სავარაუდოა, რომ მდინარე დნეპრამდე (როგორც მინიმუმ) რუსული არმია სერიოზული წინააღდმეგობის გარეშე მივა.

მე თუ ვინმე მკითხავს, რას გეგმავს პუტინი ალბათობის ხარისხით, ვეტყვი, რომ პუტინი, 70% ალბათობით გეგმავს იმას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი გულისხმობდა მსუბუქ შეჭრაში და 30% ალბათობით ფრთომასშტაბურ ომს.

(Minor Incursion contra Major Invasion – მე ნუ დამიწყებთ ზოგიერთები ახლა დამუნათებას: ეს, დიახაც, დასავლური ტერმინია და ზუსტად ეს თქვა აშშ პრეზიდენტმა)

არადა, შედეგი, უკრაინული სახელმწიფოსთვის ორივე შემთხვევაში იქნება იგივე: ჩ ა მ ო შ ლ ა!
აი ამას ვერაფრის დიდებით ვერ აუხსნით ჩვენს დასავლელ მეგობრებს იმიტომ, რომ…….ვერასდროს ვერაფრით აუხსნით იმას, რაც არ აწყობთ გაიგონ და……. ა ი ხ ს ნ ა ნ\

ვენაცვალე დედა-ენას – რა აზრსა თუ საზრისულ შუქ-ჩრდილს არ გამოგათქმევინებს თუნდაც არაბუნებრივი და არალიტერატურული ობერტონებით და რა გენიალურად აღწერა ეს ჩვენი ერთადერთი ნამდვილი ნიჭი დიდმა ქართველმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა….თუმცა რაღა დროს ესაა…”

Cesko