5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ნიკა ქაცარიძის მეუღლემ ნინო ბერიძემ მისი ცხოვრების მომხდარი უმძიმესი დღე გაიხსენა და თქვა, რომ მამის სიკვდილს მისი მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ.
„მოუწია სასმლის დალევა, თუმცა ეს დიდი რაოდენობით არ იყო. ჩვეულებრივად დაიძინა, ადრე დაწვა, რადგან მეორე დღეს რეპეტიცია ჰქონდა. ბავშვები მასთან დაწვნენ. პატარა ბიჭი ჩაუწვა საწოლში, აღარ შორდებოდა და ასე ჩაეძინა. ღამე გამომეღვიძა, 3 საათზე და ლაზარე ცხელი მომეჩვენა და რომ ავიყვანე და გაუზომე სიცხე, ამ დროს ნიკამ გაიღვიძა, მკითხა, რა ხდებაო? ვუთხარი, რომ ლაზარეს დაბალი სიცხე ჰქონდა. წყალი დამალევინეო, დალია წყალი, ამის შემდეგ ჩვეულებრივად დაიძინა.
ძილში მომესმა არანორმალური სუნთქვა მისი, გამეღვიძა და ვეძახი, ნიკა… გადმოვატრიალე და დაასრულა სუნთქვა. ვერც დავიჯერებდი მაშინ, რომ ეს იყო მისი ბოლო ამოსუნთქვა. ამ დროს ორივე ბავშვმა გაიღვიძა. ამის შემდეგ დედაჩემი გავაღვიძე. სასწრაფოშიც დავრეკე, მოვიდნენ ძალიან სწრაფად, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.
ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი, მძიმე ახალი წელი. ფაქტობრივად, ბავშებს მამა თვალწინ მოუკვდათ. მარიტა 5 წლის არის, ლაზარე – 2 წლის. მარიტა დღემდე არ შემოდის იმ ოთახში, სადაც ნიკამ დალია სული. გუშინ ლაზარემ მითხრა, დედა ეს არის შავი ოთახიო. იმ ოთახში არც ერთს არ უნდა დაძინება. მარიტამ დაინახა მისი ამოსუნთქვა” – აღნიშნა ნინო ბერიძემ “ნანუკას შოუში” სტუმრობისას.