მიუხედავად პრობლემებისა, უბედნიერესი სამი თვე იყო – სალომე ფაჟავასა და რატი გაჩეჩილაძის განვილი გზა ცეკვავენ ვარსკვლავებში

0
593
25 Views

წელს მეგა-შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ საიუბილეო მეათე სეზონი იმართება. ხვალ 14 იანვარს პროექტის საფინალო დღეა. ფინალში სამი წყვყილი იცეკვებს – სალომე ფაჟავა და რატი გაჩეჩილაძე, თი მაჭავარიანი და ერეკლე გირგვლიანი და გიგა კვეტენაძე და ირა კვიტინსკაია. პროექტის გამარჯვებული მაყურებლების მიერ გაკეთებული ზარებით გამოვლინდება.

მეტრონომი გთავაზობთ ინტერვიუს სალომე ფაჟავასთან და რატი გაჩეჩილაძესთან, წყვილთან, რომელიც პირველივე დღიდან მეგა-შოუს ფავორიტად ითვლება.

მეტრონომი: სალომე, ვინ შემოგთავაზა თავდაპირველად პროექტში მონაწილეობა და ადვილად მიიღე თუ არა ეს გადაწყვეტილება?

სალომე ფაჟავა: ვიყავი პრაიმშოუს ჩაწერაზე და რომ დამთავრდა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობა. მაგ მომენტში ვიცოდი, რომ სპორტულ კარიერას ვასრულებდი და მქონდა დრო. აქამდე რომ ყოფილიყო შემოთავაზება, თავისთავად უარს ვიტყოდი. მე დავთანხმდი და თვენახევრის შემდეგ ნოე დამიკავშირდა და მითხრა, რომ პროექტში ვიქნებოდი. მაშინაც ვფიქრობდი მიმეღო თუ არა მონაწილეობა და დავთანხმდი. ჩემთვის ეს სიახლე იყო და მინდოდა სპორტის შემდეგ რაღაც ახალი გამომეცადა. პირველად, რომ დაგვაწყვილეს, რატის ვუთხარი ყველაფერს გავაკეთებ-თქო და როგორც დავიწყე, ისე მივყვები.

მეტრონომი: რატი, როგორ შეიცვალა სალომე პირველი დღიდან დღემდე?

რატი გაჩეჩილაძე: სპორტული ჟინი როგორიც ქონდა, უფრო უკეთესი აქვს. რაც შეეხება როგორც მოცეკვავე, ბევრად გაუმჯობესებულია. დაახლოებით 14 ცეკვა აქვს შესრულებული და გამოცდილება აქვს. პირველი ლაივიდა დღემდე, შედარება არ არის როგორ მოუმატა.

მეტრონომი: ცეკვა რომელიც ყველაზე ახლოს იყო თქვენთან და ცეკვა, რომელიც ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?

სალომე ფაჟავა: ჩემთან ყველაზე ახლოს იყოს პასა დობლე და ტანგო, ვერ ავარჩევ რომელი. ყველაზე მეტად გამიჭირდა, როდესაც რატი არ იყო, ვენური ტრიო რომ ვიცეკვეთ, ვენური ვალსი.

რატი გაჩეჩილაძე: სამი ცეკვა იყო ჩემთვის, რომ იტყვიან ყველაზე გემრიელი – იყო პასა დობლე, ტანგო და რუმბა. ერთი რომ გამოგიყო, ძნელია, სამივე სხვადასხვაა.

მეტრონომი: რატი, შეადარე სხვა პარტნიორებს სალომე….

რატი გაჩეჩილაძე: ოთხი სეზონია ვიღებ მონაწილეობას. სალომეს ვერავის შევადარებ, ასე ადვილად და კარგად არც ერთ მეწყვილესთან ვყოფილვარ. დანარჩენი მეწყვილეებიც ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ ეს მაინც გიჟია.

მეტრონომი: სალომე, გაგიადვილა სპორტსმენობამ ცეკვების ათვისება და პროექტში მონაწილეობა?

სალომე ფაჟავა: რაღაც წვლილი მიუძღვის სპორტს, რაღაც მომენტებში ცოტა მიშლიდა, მაგრამ უმეტესად დამეხმარა.

რატი გაჩეჩილაძე: უმეტესად დაეხმარა, რადგან თვითონ გაძლება ამ პროექტში ძნელია. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად. მეორე რიგში, ფიზიკურად. ფიზიკურად ნაკლები პრობლემა ქონდა, ფსიქოლოგიურად, მაგალითად, ნახევარფინალში ორი ცეკვა რომ ვიცცეკვეთ, მაგ კვირას პიკი ქონდა სალომეს, ფსიქოლოგიურად მძიმედ იყო საქმე.

სალომე ფაჟავა: ეგ კვირა ჩემთვის იყო ძალიან ძნელია, ყველაზე რთული, რაც კი დაიწყო პროექტი და მაგ დროს ვითვლიდი, როდის იქნებოდა ბოლო დღე. თუმცა, კონკურსიდან წასვლა არ მომდომებია.

მეტრონომი: თქვენ აუტსაიდერიც ყოფილხართ. გიფიქრიათ, რომ დატოვებდით პროექტს?

სალომე ფაჟავა: აუტსაიდერის ადგილას ორჯერ ვიდექით. ბოლომდე მჯეროდა რომ გადავიდოდით, რაღაც მომენტში გაიელვა, რომ შეიძლებოდა, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ არა…

მეტრონომი: პროექტის მოგებაზე თუ გიფიქრიათ?

სალომე ფაჟავა: ყოველთვის ვფიქრობდით კონკრეტულ ცეკვაზე და არ მიფიქრია, რომ მე ყველა ვარიანტში იქ უნდა ვიყო. ფინალში ახლა ყველა ფავორიტია, ყველას აქვს შანსი.

მეტრონომი: სალომე, გიფიქრია თუ არა კარიერის გაგრძელება ცეკვის მიმართულებით ან შემოთავაზება ხომ არ გქონია ამ კუთხით?

სალომე ფაჟავა: ჯერ არ ვიცი.

რატი გაჩეჩილაძე: შესთავაზე. მე ვფიქრობ, უნდა გააგრძელოს, მართლა აქვს ტალანტი სამეჯლისო ცეკვებში.

მეტრონომი: რა მოგცათ ცეკვავენ ვარსკვლავებმა?

სალომე ფაჟავა: პირველ რიგში ის, რომ ასეთი ადამიანი გავიცანი. საოცარი მეწყვილეა და სულ ვიძახი, რომ რატი რომ არა მე ვერ ვიცეკვებდი ესე. რატი საოცარი მასწავლებელია, მიღეჭავს და თავის მოსწავლედ მიმიჩნევს. ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის, უბედნიერესი სამი თვე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიღლებოდი, იყო პრობლემები, მაგრამ ჯამში ჩემთვის ძალიან სასიამოვნო.

მეტრონომი: რომ არა თქვენ, ვის უგულშემატკივრებდით?

რატი გაჩეჩილაძე: მე სიმართლე გითხრათ თავიდან ვამბობდი ამ სამეულს ფინალში ვინც ვართ. თუ ჩვენ გამოვვარდებოდით ვისაც ფინალში ჩავსვამდი იქნებოდა ანა ამილახვარი და ირაკლი ძაძამია. ისინი გაიმარჯვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს თიმ ამოქაჩა კარგად.

სალომე ფაჟავა: ყველაზე მეტად მეწყინა ანას და ირაკლის გავარდნა.

მეტრონომი: პროექტის დროს თუ ყოფილა შიდა დაძაბულობა?

რატი გაჩეჩილაძე: ჟიურისგან არასდროს მიგვრძნია, რომ უსამართლოდ დაეწერათ ქულები. წყვილებს შორის დაძაბულობა არ არის. მე როცა დავინახავ ახლა გინდ გიგას, გინდ თის, რომ არასწორად აკეთებენ ტექნიკურად, ეგრევე ვეუბნები, რომ ესა და ეს შეასწორეთ-თქო. ეგ კი არა გენერალური რეპეტიციის მერე გინდ გიგა და გინდ თი მოდიან და მეკითხებიან რა გამოვასწოროთო. მე მათ გულწრფელად ვპასუხობ.

მეტრონომი: რას ეტყოდით მაყურებელს?

რატი გაჩეჩილაძე: ცოტა უხერხულადაა და ეგრეა ეს პროექტი. ფინალი დარჩა და დაგვირეკონ, დაგვიმესიჯონ, თითო ზარსაც მნიშვნელობა აქვს და თუ უნდათ დაგვინახონ როგორც გამარჯვებულები გვნახონ, ფინალში ეგ არის მთავარი გადამწყვეტი.

მეტრონომი წარმატებას უსურვებს სალომე ფაჟავასა და რატი გაჩეჩილაძეს.

წყარო: https://metronome.ge/

Cesko