„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ამბობს:
„ვისაუბრეთ არაერთ თემაზე, დაწყებული ქვეყნის ამ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიდან. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზეც იყო საუბარი. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას და რეპრესიებს. ეს სია უნდა გახდეს ცნობადი მთელი ქვეყნისთვის, იქნას მიმართული საელჩოებისთვის, რათა მათ შეეზღუდოთ ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფალი გადაადგილება.
უამრავი სიუჟეტი ვნახეთ მათი ცხოვრების შესახებ და თავს გრძნობენ დაუსჯელად. უნდა იყოს სანქციები ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის თუ პოლიციელის მიმართ, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში და უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში.
უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის, მით უმეტეს, ზედაპირზე არის ბევრი საკითხი. შემდეგ ეს სია უნდა გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. ისინი ქვეყანაში თავს არ უნდა გრძნობდნენ არხეინად და არ უნდა დადიოდნენ ევროპაში თუ ამერიკაში, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არის მთავარი პრინციპი. ისინი მათი ქმედებით ქვეყანაში დემოკრატიას უთხრიან ძირს და უქმნიან საფრთხეს“