გუშინ პარიზის ოლიმპიადაზე ქართველ და ფრანგ ძიუდოისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე მსოფლიო მედია წერს. ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო გურამ თუშიშვილმა რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღო.
ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, რის შემდეგაც ტედის პროვოკაციულმა ჟესტმა გურამი ააღელვა. ეს არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. შედეგად, თუშიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.
ფრანგულმა მედიამ ინციდენტი თუშიშვილის ზედმეტ ამბიციურობას მიაწერა. გამოცემამ ყურადღება გურამის ქცევაზე გაამახვილა, თუმცა არაფერი დაწერა რინერის პროვოკაციულ ჟესტზე.
“თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირების კადრები. გაბრაზებული გურამ თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა და ფრანგს დაუპირისპირდა”, – წერს RMC Sport.
საბოლოოდ პარიზის 2024-ზე ძიუდოისტთა ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო ბრძოლაში ტედი რინერმა კარიერაში მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ფინალში რინერი კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელს, კიმ მინჯონგს დაუპირისპირდა და 35 წლის ათლეტმა შეხვედრა იპონით მოიგო. რინერი მსოფლიო ჩემპიონატის 11-ჯერ და ოლიმპიადის 3-ჯერ მოგების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტია, რომლის თქმითაც ის აქტიურ სპორტს ამ ოლიმპიადის შემდეგ ანებებს თავს.
გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ბევრს გაახსენდა ტედის გორში სტუმრობის ამბავი, სწორე გორელია გურამ თუშიშვილიც. 2022 წლის 26 ნოემბერს გორში ძიუდოში საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს TOP სპორტსმენებმა მიიღეს და მათ შორის, ფრანგმა ტედი რინერმა.
მაშინ ტედიმ “რუსთავი 2”-ს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
“ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ. ლამაზი ქვეყანაა და საოცარი ხალხი ცხოვრობს. გასინჯული მაქვს ქართული ღვინო და კერძებიც. ძალიან მომეწონა. ძიუდოში მოღვაწე თითქმის ყველა ადამიანი თანხმდება, რომ ქართველს მებრძოლი სული აქვს. სპორტის ყველა სახეობაში კარგები არიან, მაგრამ განსაკუთრებით ძიუდოში. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ვარლამ ლიპარტელიანთან მაქვს. დიდი ხანია ვიცნობ. გამოვარჩევდი ზაზა კედელაშვილს. ის ჩემი მენტორი იყო და ბევრი მასწავლა.
ლაშა გუჯეჯიანი იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი რომელთანაც პირველი ბრძოლა მქონდა. ყოველი დაპირისპირება მასთან საინტერესო იყო.
ახლა ის ნაკრების მთავარი მწვრთელია. რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, ნამდვილად კარგი მებრძოლია. გასულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო. თუ ასე გააგრძელებს, დიდი წარმატება ელოდება. ლაშა ბექაურზე შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი მებრძოლია. მას ყველა დიდ პატივს სცემს. ძიუდოს სამყაროში მას სამურაის ადარებენ” – ამბობდა ტედი.