„ერთი კვირის განმავლობაში აკვიატებული მქონდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ავარიის ხმებიც კი ჩამესმოდა“ – რას ჰყვება ნანუკა გულუა?

0
123
16 Views

ნანუკა გულუამ, საზოგადოების სიყვარული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” პირველივე გამოჩენისას დაიმსახურა და მისი გმირის, დოჩის, ფრაზებს, ბევრი დღესაც ხშირად იმეორებს. მას წარმატების მისაღწევად, იღბლიანობის გარდა, ბევრი შრომა და მოთმინება დასჭირდა.

“ზოგადად, კარში თითიც რომ მომყვეს, ისეთი ადამიანი ვარ, ვიწყებ ფიქრს, ნეტავ, რა დავაშავე და რა გავაკეთე ან გავიფიქრე ცუდად და არასწორად, რომ ასეთი რაღაც დამემართა-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში ყველა ცუდ მოვლენას რაღაც ახსნა აქვს. ზოდიაქოთი მორიელი ვარ და იცით, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან განვითარებული აქვთ წინათგრძნობის შეგრძნება. ავარიამდე ერთი კვირის განმავლობაში აკვიატებული მქონდა აზრი და ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ავარიის ხმებიც კი ჩამესმოდა. მოკლედ, ეს შეგრძნება ახლოს იყო. ვფიქრობდი, ნეტავ ავარიაში ხომ არ უნდა მოვყვე-მეთქი. თორმეტი წელია, საჭესთან ვზივარ, სისწრაფეს გავუთამამდი, თუმცა, მაინც ფრთხილი ვარ. ეს აკვიატებული შიში კი ზუსტად ვიცი, რატომაც დამეწყო. მოკლედ, ჩემი შვილი, ნინა, აღარ ჯდება ბავშვის სამგზავრო უსაფრთხო სავარძელში და სულ მქონდა შიში, ბავშვი ასე დაუცველად რომ დამყავს, რამე არ მოხდეს-მეთქი. მერე მივეჩვიე და ამ შიშმაც გადამიარა. სწორედ ამას რომ მივეჩვე, მოხდა ავარია, ანუ მიმანიშნა ღმერთმა, რომ შენ ახლა მარტო ხარ, ხომ ხედავ, მოულოდნელად რა დაგემართა და დაფიქრდი, ახლა შენ გვერდით ბავშვი რომ მჯდარიყო, რა იქნებოდა, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით იარე, შენ, შტერო ქალოო. ნამდვილად ასე იყო ეს ამბავი (იცინის). ახლა კი ვიცინი, მაგრამ სასწაულად გადავრჩი. სიზმარი ვნახე: მამა მოვიდა ჩემთან, არადა, მამა მაშინ მესიზმრება, როცა რაიმეზე ღელავს, ნერვიულობს და მაფრთხილებს. სხვათა შორის, ორივე საკეისრო რომ გავიკეთე, მაშინაც მოდიოდა სიზმრად. ანუ, როცა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაც ხდება, მამა იმქვეყნად ფორიაქობს და სიზმრად მოდის. მოკლედ, ავარიის დღეს, დილით რომ გავიღვიძე, დედას მოვუყევი სიზმარი, როგორ მოვიდა მამა და ვუთხარი კიდეც, ცუდად მენიშნა-მეთქი. მერე ყავა დავისხი და ჭიქა შუაზე გაიბზარა. იმ დღეს სასწაული მინიშნებები მქონდა, ვხვდებოდი, რაღაც ვერ იქნებოდა კარგად. მოკლედ, მოხდა ასე: მივდიოდი დასაშვები სიჩქარით, ცალმხრივ გზაზე, ჩემ წინ დიდი მანქანა მიდიოდა, რომელიც უცებ გადაიწია სავალი ნაწილიდან, ხედვის ზონა არ მქონდა წინ და შუა გზაზე ჩემ წინ გაჩერებულ მანქანას შევეჯახე, ისე, რომ ვერც მუხრუჭი მოვასწარი, ვერც რამის გააზრება. ამიტომ, ყველა მძღოლს, გამოცდილს თუ გამოუცდელს მინდა, ვთხოვო, იარეთ დიდი დისტანციის დაცვით, წინ რა საფრთხეა, არასოდეს, არავინ იცის. მით უფრო, ხედვითი ზონა როცა არ არის. ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი: ჩემ მაგივრად შუმახერი რომ ყოფილიყო საჭესთან, ისიც ვერ მოასწრებდა დამუხრუჭებას, ისეთი სიტუაცია შეიქმნა-მეთქი. წარმოიდგინეთ, სრულიად დაფშვნილი მანქანიდან, უნაკაწროდ გადმოვედი, საღ-სალამათი, აბსოლუტურად არანაირი დაზიანება არ მქონდა. არადა, იმ მანქანიდან, ასეთი დაუზიანებელი გადმოსვლა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუ ამაში ღმერთის ხელი არ ერია.” – ამბობს ნანუკა გულუა.

Cesko