“ამაზე უბრალოდ არ ვსაუბრობდი…”- ქართველი ჰალკი მეუღლეზე და ოჯახზე საუბრობს

0
136
21 Views

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს უპირველესი მკლავჭიდელია.

მან ეს სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, როცა თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა: ლევანმა კანადელი სპორტსმენი, დევონ ლარატი დაამარცხა და 23 აპრილს სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ჰალკს ამ გამარჯვებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე კვირის პალიტრა ესაუბრა.

– ცოტა ხნის წინ დაქორწინდით. მოგვიყევით თქვენს რჩეულზე.

– სინამდვილეში, მე და ლელა უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ერთად ვართ, უბრალოდ, ამაზე ჟურნალისტებთან არ ვსაუბრობდი. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ, მშობლები კი – ცალკე არიან. როგორც შეუძლიათ, ყველანაირად მეხმარებიან, რომ კარგად ვივარჯიშო. ჩემი მეუღლეც ასეთია: ყველაფერს მისრულებს და განსაკუთრებით მხარში მიდგას, როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები. საერთოდ, მკლავჭიდელებს ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს, განსაკუთრებული მენიუ გვესაჭიროება. როცა ასპარეზობისთვის ვემზადები, სპეციალური კვებაა საჭირო. სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ბევრი მიმართულებით მჭირდება მომზადება. სპორტსმენის ყოველდღიური ცხოვრება რთულია. როცა პროფესიულ სპორტში ხარ, დიდი სტრესი და ფსიქოლოგიური დატვირთვა გიწევს, რაც შენს ოჯახსა და მეორე ნახევარზეც გადადის. ამ გზის გავლა ერთად გვიწევს და ჩემი მეუღლე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი შემიმსუბუქოს.

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით 15 წელია. თავიდანვე მომეწონა, რადგან ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა, პირველად მისი თვალები მომეწონა. მერე თანდათან, მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, კარგა ხანს პაუზაც გვქონდა, მაგრამ სოციალური ქსელით მაინც ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. იგი პროფესიით ფინანსისტია, მუშაობაც უნდა, მაგრამ მე უარს ვეუბნები: სახლში იმდენ რამეს აკეთებს და ისე მეხმარება, რომ მის გარეშე გამიჭირდება. ამიტომ ძირითადად, მე მეხმარება. სხვათა შორის, პრესასა და მედიასთან ურთიერთობა არ უყვარს, ამიტომ, მეც არ მინდა მასზე ბევრი ვილაპარაკო.

– ალბათ, შვილის გაჩენაზეც გიფიქრიათ, პირველი გოგონა გირჩევნიათ თუ ბიჭი, როგორც ტრადიციულ ოჯახებშია მიღებული?

– მაგას არა აქვს მნიშვნელობა, პირიქით, მე უფრო გოგო მინდა, რადგან და არ მყავს და ჩვენს სანათესავოში სულ ბიჭები არიან (იღიმის). მოკლედ, გოგოც ძალიან გამახარებს და ბიჭიც.

– როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად?

– ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი: მთავარი ფინანსური სტაბილურობაა. როცა კაცს შეუძლია ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოს, მაშინ ყველაფერი მარტივია.

– 26 მარტს მთელი საქართველო ჩვენი ნაკრების გამარჯვებას რომ ზეიმობდა, თქვენც სტადიონზე იყავით?

– რა თქმა უნდა. მე არც ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას არ ვტოვებ და სპორტის ბევრი სახეობა მაინტერესებს. 26 მარტს მეც სტადიონზე ვიყავი და სხვების მსგავსად, სიხარულის ცრემლები მეც წამომივიდა, ხმაც ჩამიწყდა და მერე, ქუჩაში გამოსულებსაც შევუერთდი. ყველა ერთად ვიყავით, ყველას ერთი რამ გვიხაროდა და ეს შეუდარებელი განცდა იყო. ასეთი ერთობა და დადებითი განწყობა მე არ მახსოვს! მხოლოდ სპორტს შეუძლია მთელი ქვეყანა ასე გაახაროს და გააერთიანოს, განსაკუთრებით ფეხბურთს, რომელიც სულ სხვა, განსაკუთრებული მოვლენაა.

წყარო: kvirispalitra.ge

 

Cesko