წარმოშობით იაპონელი მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში ტოკოს სახელითაა ცნობილი, მთელი ცხოვრება ძაღლად გადაქცევაზე ოცნებობდა.
ტოკოს კოლის ჯიშის ძაღლი ჰყავს. მან 14 000 დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ თავისი ძაღლის მსგავსი კოსტიუმი დაემზადებინათ. ასე აისრულა მამაკაცმა დიდი ხნის ოცნება, ძაღლის ფორმაში გამოეწყო და ტოკიოს ქუჩებში გაისეირნა კიდეც.
ამ კადრების ამსახველი ვიდეო ინტერნეტსენსაცია გახდა. ამ დროისთვის ვიდეოს 3.7 მილიონი ნახვა აქვს.
ქუჩაში ძაღლის კოსტუმით პირველი გასვლის ვიდეოში ვხედავთ, როგორი აღფრთოვანებულები იყვნენ გამვლელები მისით და მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ის არაფრით განსხვავდებოდა ნამდვილი ძაღლისგან, სხვა ოთხფეხა მეგობრები ტოკოს ეჭვის თვალით უყურებდნენ და ზოგიერთი მათგანი შიშითაც კი ეკვროდა პატრონს.
ტოკომ აღიარა, რომ საზოგადოებაში გასვლისას ძალიან ნერვიულობდა და ეშინოდა კიდეც.
“გახსოვთ თქვენი ბავშვობის დროინდელი ოცნებები? ალბათ, გინდოდათ, გმირი ან ჯადოქარი გამხდარიყავით. მახსოვს, ჩემი სკოლის გამოსაშვებ ალბომში დავწერე, რომ მსურდა, ძაღლი ვყოფილიყავი და გარეთ გამესეირნა”,- ამბობს ტოკო..
ტოკოსთვის კოლის კოსტიუმი კომპანია Zeppet-მა შექმნა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მის შექმნას 40 დღე დასჭირდა და ის 2 მილიონი იენი დაჯდა, რაც $14 161-ის ექვივალენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ტოკო თავისი ოცნებების ერთგულია, მამაკაცი ამჯობინებს, რომ მისი უჩვეულო სურვილების შესახებ ახლობლებთან არ ისაუბროს.
“ამაზე მეგობრებს იშვიათად ვესაუბრები, რადგან მეშინია, რომ გამაკრიტიკებენ და იფიქრებენ, რომ უცნაური ვარ”, – ამბობს იაპონელი, რომელიც ჯერჯერობით საზოგადოებასთან არ ჩნდება.