ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი, ისრაელისა და ღაზას კონფლიქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. პოსტი მან “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.
“ისევე, როგორც მილიონობით ადამიანმა მთელ მსოფლიოში, ბოლო კვირები მეც გავატარე გაბრაზებულმა ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის, ამდენი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო და ვფიქრობ, თუ რა არის საუკეთესო გზა მათ დასახმარებლად.
ვლოცულობ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ, უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის და იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საყვარელი ადამიანი მოუკლეს და წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიან”, – წერს ანჯელინა და დასძენს, რომ “ჰამასის” ტერორისტული თავდასხმა “ვერ გაამართლებს ღაზაში უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს”.
“რაც მოხდა ისრაელში, ტერორისტული აქტია, მაგრამ ამით შეუძლებელია გამართლდეს ღაზაში უდანაშაულო ადამიანების დახოცვა”, – წერს ანჯელინა.
- მსახიობი აღნიშნავს, რომ ღაზას მოსახლეობას “არსად აქვს წასასვლელი, არ აქვს წვდომა საკვებსა და წყალზე, არ აქვს ევაკუაციის შესაძლებლობა და არც ადამიანის ძირითადი უფლება, გადაკვეთოს საზღვარი თავშესაფრის საძიებლად”.
ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად მუშაობდა და ამ პერიოდში ლტოლვილების საკითხი იყო მისი მუშაობის მთავარი მიმართულება, აღნიშნავს, რომ “ის ფოკუსირებულია ძალადობის გამო დევნილ ადამიანებზე და არ აქვს მნიშვნელობა კონტექსტს”.
მსახიობმა ასევე მიუთითა ჰუმანიტარული დახმარების სიმცირეზე, რომელიც ღაზაში ეგვიპტის საზღვრიდან შევიდა.
“მწირი რაოდენობა ღაზაში შესული სატვირთო მანქანების, არის საჭიროების მცირე ნაწილი. დაბომბვა კი გრძელდება და ყოველდღიურად იწვევს ახალ ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ხალხი კოლექტიურად ისჯება ჰუმანიტარული დახმარების სიმწირის გამო”, – წერს ჯოლი.
მსახიობი მოუწოდებს, მათ ვის კომპეტენციაშიც შედის, ყველაფერი გააკეთონ ადამიანების გადასარჩენად და თავიდან აიცილონ მსხვერპლი მშვიდობიან მომსახლეობაში.
წყარო: ambebi.ge