მძიმე ისტორიის დეტალები: ქართველი პროფესორი და გაუჩინარებული 33 ახალგაზრდა (VIDEO)

0
4656
40 Views

რეზო ბაქრაძე თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის რელიგიის ლექტორი იყო. 1994 წლის ზაფხულში მან 33 სტუდენტთან (22 გოგო და 11 ბიჭი) ერთად საქართველო დატოვა. ისინი ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში გადავიდნენ, როგორც ცნობილია ამჟამად ტორონტოში იმყოფებიან. კანადაში გადასვლის შემდეგ ყველა მათგანმა შეიცვალა სოციალური სტატუსი და გვარ-სახელი. მაგალითად, რეზო ბაქრაძე გახდა თეოფილე მალაქია, რომელსაც საკუთარი საიტიც აქვს – „გზა ქრისტესკენ“ და ქადაგებს. უკვე თექვსმეტი წელია, მშობლებმა ზუსტად არ იციან, რატომ გაჰყვნენ მათი შვილები უცხოეთში ჩუმად საკუთარ ლექტორს, რატომ არ კონტაქტობს დღემდე მათი დიდი ნაწილი ოჯახებთან და უშლის თუ არა ამას საკუთარი ლექტორი.

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია რამდენიმე წლის წინ კანადაში ქართველი ახალგაზრდების უცნაური გადაყვანის თემაზე მუშაობდა. მის მიერ მომზადებულ ფილმს კანადიდან გამოხმაურებაც კი მოჰყვა. იქ წასული ახალგაზრდები თავგამოდებით იცავდნენ რეზო ბაქრაძეს, რომელსაც თავიანთ სულიერ მამად მოიხსენიებდნენ.
გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი:
– პირველ წლებში ოჯახში იშვიათად მაინც რეკავდნენ, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტეს კონტაქტი. მშობლები, რომლებიც ჩემს ფილმში იყვნენ ნაჩვენები, სწორედ ამას ჩიოდნენ, დაგვიკავშირდნენო. მათი არც ფული უნდათ და არც რაიმე სახის დახმარება. უბრალოდ, აინტერესებდათ, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ბაქრაძეს ვერც ერთი ქვეყნის პოლიცია ვერ ედავება, რადგან ეს სტუდენტები მას ნებაყოფლობით წაჰყვნენ. თუმცა თავად რამდენიმე მათგანი ყვება, რომ ბაქრაძეს აქვს ზემოქმედების საოცარი უნარი. ამას ისინი ამბობენ, რომლებიც თავის დროზე აპირებდნენ მასთან ერთად წასვლას და ბოლოს გადაიფიქრეს. შეუძლია თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს ადამიანი. კანადაში გადასვლის შემდეგ ყველა მათგანმა შეიცვალა სოციალური სტატუსი და გვარ-სახელი. მაგალითად, რეზო ბაქრაძე გახდა თეოფილე მალაქია, რომელსაც აქვს საკუთარი საიტიც – „გზა ქრისტესკენ“ და ქადაგებს.
– რას საქმიანობს ეს ჯგუფი ტორონტოში?
– ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რას საქმიანობენ. მე არ მომეცა არც რეზოსთან და არც რომელიმე მათგანთან უშუალო საუბრის საშუალება. მათ გადმომიგზავნეს გამოხმაურება, მაგრამ მე კითხვა ვერ დავსვი. ისინი მშობლებზე გაბრაზებულები არიან და მათთან კონტაქტი არ სურთ. ერთ-ერთმა მშობელმა ინტერნეტში ნახა თავისი შვილი, რომელიც ბიზნესმენებს მოუწოდებდა, დაგვაფინანსეთო, რადგან ჩვენ ვაშენებთ ევანგელისტურ ეკლესიასო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი ევანგელისტები არიან.
რა პრინციპით შეარჩია თავის დროზე ბაქრაძემ ეს სტუდენტები? რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან?
– მათ საერთო ის აქვთ, რომ ყველა მათგანი არის ძალიან განათლებული და ნიჭიერი. ფლობენ რამდენიმე ენას. მაგალითად, ნათია კუციამ საკუთარი ნაწარმოებების ბროშურებიც კი გამოუშვა. ყველა სადღაც მუშაობს და აქვთ შემოსავალი, რასაც თავიანთ გამოხმაურებაშიც არ უარყოფენ. ყველა მუშაობს, მაგრამ არსებობს საერთო ყულაბა, რომელსაც უშუალოდ რეზო ბაქრაძე განკარგავს.

ვინ არის რეზო ბაქრაძე, რას ემსახურება მისი რელიგია და როგორ მოახერხა მან კანადაში წასვლა? ამ ამბების ერთ-ერთი მთავარი მოწმე მისი ყოფილი სტუდენტი დალი ყარაულაშვილია. ბაქრაძის სტუდენტის სკანდალური აღიარება, რომლითაც ის ბოდიშს უხდის 33 სტუდენტის მშობელს, რადგან სწორედ ის დაეხმარა თავის დროზე ბაქრაძეს და მის ჯგუფს თურქეთიდან კანადაში წასვლაში.
დალი ყარაულაშვილი:

– დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ორიოდ სიტყვა მეთქვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქალაქ სტამბულში პირველმა მე შევიფარე და დახმარების ხელი გავუწოდე. მინდა საკუთარ სულში ჩავახედო და იქნებ ამით შევძლო, დავანახო მათ სიმართლე. მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც რეზო ბაქრაძეს, ანუ ეგრეთწოდებულ თეოფილე მალაქიას იცნობდა და იჯდა იმ აუდიტორიაში, სადაც ის „ბრწყინვალე აზრებს“ აფრქვევდა. მთელი სამი წლის მანძილზე ვუსმენდი მის შეხედულებებს სამყაროზე, სექსზე, საქართველოზე და ასე შემდეგ.

რეზო მართლა განათლებული და ერუდირებული ადამიანი იყო, მის ლექციებზე დასასწრებად სხვადასხვა სასწავლებლებიდან მოდიოდნენ, ლექციებზე სტუდენტებს აზრის გამოთქმის სრული თავისუფლება ჰქონდათ და თვითონაც ძირითადად ისეთ თემებზე საუბრობდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. ის კარგად ერკვეოდა ყველა რელიგიაში და იქიდან ის მთავარი თემები ჰქონდა ამოღებული, რაც მას მოსწონდა. მაგალითად, უშვებდა მრავალცოლიანობას (ჯობია ერთ კარგ კაცს ბევრი ცოლი ჰყავდესო), სექსის თავისუფლებას (სტუდენტებმა იქონიეთ ერთმანეთში სექსუალური ურთიერთობებიო) და ასე შემდეგ. ის თვლიდა, რომ მან შექმნა ახალი და განსხვავებული რელიგია. ლექციებზე ის პირდაპირ ქადაგებდა, რომ არაფერი ქართული არ ვარგა, რომ საქართველოში ცხოვრება მძიმეა და ასე შემდეგ. მე მოგიყვებით, თუ რას ასწავლიდა და რას ქადაგებდა ის ლექციებზე.

გავიხსენებ ისტორიას, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ეხება და იმას, თუ რა შეფასებას აძლევდა ცნობილი ლექტორი ამ ფაქტს. მე ბოდიშს ვუხდი ამ ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახებს, მაგრამ ამ ფაქტით ნათელი გახდება რეზო ბაქრაძის ფსიქოპორტრეტი, დასკვნა კი მკითხველმა თავად გამოიტანოს.

9 აპრილის მესამე დღეს მან, როცა ამ თემაზე საუბარი დაიწყო, თქვა, რომ ხალხი პატრიარქის მოწოდებას დაშლასთან დაკავშირებით უნდა დამორჩილებოდა, თუმცა დიდი დრო დაუთმო მოშიმშილეების თემას. ნეტავ, რატომ სხედან ცივ ქვაზე საშიმშილოდ ქალებიო, როცა შეიძლება უფრო სერიოზული საქმით დაკავდნენო. მაგალითად, დაწვნენ კაცებთან და ისიამოვნონო, ქალი ხომ იმისთვის არის გაჩენილი, რომ კაცმა… მოკლედ, ამ სიტყვებს შედარებით კულტურულად გამოვთქვამ. რეზო კი, რომელიც განსხვავებულად აზროვნებდა, ყველაფერს თავის სახელს არქმევდა და ლექციაზე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ბილწსიტყვაობდა.

ბატონი რეზო ქართულ მწერლობასა და მთლიანად მწერლებს აუგად იხსენიებდა, ლანძღავდა ირგვლივ ყველასა და ყველაფერს; რომ ქართული ენა იყო ყარტაყურტა ენა; რომ რა უბედურებაა ისეთი ასოები, როგორიცაა ყ, ჭ, წ და ასე შემდეგ; ვერ იტანდა ილია ჭავჭავაძეს და ამბობდა, რომ რატომ უნდა წაიკითხოს ვინმემ მისი ეგრეთწოდებული ნაწარმოებები. მაგალითად, მთელი ლექცია მიუძღვნა „ოთარაანთ ქვრივს“, ის გვასწავლიდა, რომ ოთარაანთ ქვრივი ფროიდის პაციენტიაო, რადგან ქმრის გარდაცვალების შემდეგ სექსუალური ენერგიები სუბლიმაციაში გაუშვა და მასში ქალი მამაკაცი ჩამოყალიბდაო. როცა წინააღმდეგობას ვუწევდი, ამბობდა, რომ ის მასტურბაციით მაინც უნდა დაკავებულიყო და ჩვენც, სტუდენტ გოგონებს, ამასვე გვირჩევდა. რელიგიის ლექტორი ძირითადად სექსისა და რელიგიის თავისუფლებაზე გვესაუბრებოდა და ეს 18-20 წლის გოგო-ბიჭებს მოსწონდათ, და თან საბჭოთა პერიოდში, როცა ამაზე არათუ ხმამაღლა, ჩუმად არავინ საუბრობდა.

მახსოვს, ერთხელ, მასთან სახლში მოულოდნელად სტუმრად მივედი, საღამო ხანი იქნებოდა, მისი სამუშაო ოთახი ჩაბნელებული იყო. რომ შევედი, ხმები მომესმა და სიბნელეშივე გამოვაცხადე, ვინ ვიყავი და შუქი ავანთე, რეზო ამაზე გაგიჟდა. ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, ზოგი რეზოს ფეხზე იყო მიყრდნობილი, ზოგი – მუცელზე, ზოგი თავზე ხელსაც უსვამდა „მომავალ მესიას“, თავი ჰარამხანაში მეგონა, ბიჭები კი ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი – იატაკზე, ზოგიც კედელზე იყო მიყრდნობილი. როგორც ჩანს, ლექტორი ქალებთან სიახლოვის დროს უკეთესად ქადაგებდა, თანაც სიბნელეში.

რეზო ბაქრაძე ქადაგებდა, რომ მან მიაგნო ჭეშმარიტებას და მხოლოდ ის იყო ამქვეყნად უცოდველი, ერთხელ ლექციაზე მან ასეთი რამ თქვა, რომ ვიცოდე, რომ ახლა ჩემი შვილი გარეთ გავა და მას მოკლავენ, არ გადავეღობები, რადგან ეს ღმერთს უნდა ასეო. მე მაშინ კატეგორიული წინააღმდეგობა გავუწიე და მისი აზრები ისეთი სიტყვებით მოვიხსენიე, როგორითაც ის საუბრობდა ხოლმე და ამის გამო მან წყლით სავსე ჭიქა მესროლა, ერთი კვირა ლექციაზე არ მივლია, დამირეკა და მთხოვა, მოდი ლექციებზეო. ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ, რაც მეტ წინააღმდეგობას ვუწევდი, მით უფრო ქადაგების ეშხში შედიოდა. მივედი და აუდიტორიაში ბოლო მაგიდასთან დავჯექი. უცებ დაფასთან გამომიძახა და მოულოდნელად მეკითხება:

– ყარაულაშვილი, აბრძანდი და მიპასუხე, ღმერთი თუ გწამსო.

– კი, მწამს-მეთქი, – ვუპასუხე.

– თუ გწამს, გამოაღე ფანჯარა და გადახტი, ანგელოზები დაგიჭერენო.

დავიბენი, ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი.

– არ გეხუმრები, გადახტი და ანგელოზები დაგიჭერენო.

ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ხუთი წუთის მანძილზე ერთსა და იმავეს მიმეორებდა. იცით, რა მოხდა? სურვილი გამიჩნდა, გადავმხტარიყავი და დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მომივიდოდა, დავიძარი და ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე სართულის ფანჯრიდან ვხტებოდი, შემაჩერა და მაკვირდებოდა, ამით მან ექსპერიმენტი ჩაატარა, დამიმორჩილებდა თუ არა და მოახდენდა თუ არა ჩემზე ზემოქმედებას.

რეზო ბაქრაძემ, დღეს კი კანადაში მცხოვრებმა თეოფილე მალაქიამ, წლების განმავლობაში ამ მეთოდებით დაიმორჩილა და დააზომბირა 33 სტუდენტი, რომელთაც ცხვრებს ეძახდა და ამბობდა, ისინი იმას გააკეთებენ, რასაც ვუბრძანებ, თუ ვეტყვი, კლდიდან გადახტი, გადახტებიანო და ასე შემდეგ. არ მინდა ისედაც გაღიზიანებული მშობლების აღშფოთება გამოვიწვიო და მე მათ ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ეს ხალხმა უნდა იცოდეს. სხვათა შორის, მე ეს ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ რეზოს მის ხუთ სტუდენტ გოგონასთან თითო შვილი ჰყავს.
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა ქვეყანა აირია, კერძო ბიზნესი დავიწყე და ჩემს დისშვილთან, დათო შიუკაშვილთან ერთად, თურქეთის ქალაქ სტამბულში ოფისი გავხსენი, სავაჭრო ურთიერთობები მქონდა იალტასთან და ნოვოროსიისკთან და გემებს ვატანტი ტვირთებს, რომელიც ამ ქვეყნებს სჭირდებოდა. 1994 წლის ივლისში რეზო ბაქრაძემ დამირეკა თურქეთში და მითხრა, რომ ოჯახთან ერთად უნდოდა ჩამოსვლა და მე, რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარი არ მითქვამს. ერთ კვირაში სასტუმროს პერსონალი მატყობინებს, შენ გკითხულობენო. ჩავედი და სასტუმროს წინ საბჭოური ტიპის წითელი ავტობუსიდან რეზო ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა, მომესალმა. ვკითხე, მეუღლე და შვილი სად არიან-მეთქი. მიპასუხა, ავტობუსში არიანო. ვუთხარი, ჩამოვიდნენ და ავტობუსი გაუშვი-მეთქი და გაეღიმა, მარტო არა ვართო. ავტობუსში რომ ავედი, შოკში ჩავვარდი, ავტობუსში 33 სტუდენტი იჯდა, რა ხდება-მეთქი, ვკითხე რეზოს და მითხრა, კანადაში გვინდა გასვლა და უნდა დაგვეხმაროო… 36 ადამიანი ჩემს სასტუმროში დავაბინავე.

სულ ეს არის რა ინფორმაციაც ინტერნეტში მოიპოვება. უკვე წლებია ეს ისტორია ბურუსით მოცული რჩება.

სხვა ახალი ამბები:

 

ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Cesko