„რომ ვეკითხები კომაში ვარდება…“ – 13 წლის ფეხმძიმე მოზარდის დედა მორიგ მძიმედ მოსასმენ კომენტარს აკეთებს

0
4434
25 Views

13 წლის გოგონას ოჯახმა გოგონას ორსულობის შესახებ კლინიკაში ბავშვის შეყვანის შემდეგ გაიგო. სკოლის მოსწავლე 14 კვირის ფეხმძიმეა და ის შვილს 45 წლამდე მამაკაცისგან ელოდება.

დედა ეჭვობს, რომ მოძალადე ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ემუქრებოდა და გოგონა სწორედ ამიტომ დუმდა. მსხვერპლმა დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებს თავად დაუსახელა. მოზარდი სპეციალური საჭიროების მქონე პირია.

„მე მგონი, რომ შეშინებული ჰყავს ამ პიროვნებას, არაფერს არ მეუბნება. რომ ვეკითხები კომაში ვარდება. ემოციური ბავშვია თვითონ. საავადმყოფოში რომ მივიყვანე, იქ პოლიცია მოვიდა,“ – ამბობს არასრულწლოვნის დედა.

კაცი, რომელსაც უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი, არასრულწლოვანი გოგონას მეზობელია. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, ახლა კი ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. მას მეუღლე და შვილები ჰყავს, ოჯახმა საცხოვრებელი ბინა დატოვა.

დაკავებულის ოჯახის ახლობლებს მომხდარის დაჯერება უჭირთ. “კურიერმა” გაარკვია, რომ მამაკაცი წარსულში ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი. ის ციხიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. ფაქტს დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს.

თავად მეზობელი, რომელსაც 13 წლის გოგო ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს. ის უკვე შეხვდა ადვოკატს, და ამტკიცებს რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

საქმე არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების მუხლით აღიძრა. გამოძიების პროცესში სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს საქმის ფიგურანტი პირები. როგორც ირკვევა დაზარალებულს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, ამიტომ მასთან სოციალურ მუშაკებთან ერთად ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს.

რუსთავი 2

Cesko