გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბოტკოველს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა

0
419
29 Views

გურჯაანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს გიორგი ბოტკოველსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიორგი ბოტკოველი ადგილზე განცხადების აკეთებდა, რა დროსაც მან ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გააკრიტიკა. აღნიშნულის გამო მას მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მათ ბოტკოველს კითხვით მიმართეს, სად იყო იგი, როდესაც ღამით გურჯაანში სტიქია მძვინვარებდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები, კორპუსებისა და კერძო სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დაზიანდა ათობით ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სახანძრო-სამაშველო სამსახური საცხოვრებელი სახლებიდან წყალს დილამდე ტუმბავდა. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ნავთისხევში წყლის დონის დაკლების შემდეგ მოიხსნა. სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ადგილზე იმყოფებოდა კახეთში სახელმწიფო რწმუნებული.

ამასთან, გურჯაანის მერიაში დღეს დილით საგანგებო სხდომა გაიმართა, შეფასდა სტიქიის შედეგები და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები. გურჯაანში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

Cesko