ანდერს ფოგ რასმუსენი – ნატო-ს წევრებმა, შესაძლოა, უკრაინაში ჯარები გაგზავნონ – სახიფათოა უკრაინის ნატო-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვებაც

0
257
22 Views

ნატო-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომელიც ამჟამად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

„თუ ნატო ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები. ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და მე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვეს ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების განთავსების ჩათვლით. ვფიქრობ, პოლონელები სერიოზულად განიხილავენ შესვლას და მსურველთა კოალიციის შეკრებას, თუ უკრაინა ვილნიუსში არაფერს მიიღებს. ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ პოლონეთის გრძნობები, პოლონელები გრძნობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპა არ უსმენდა მათ გაფრთხილებებს ჭეშმარიტი რუსული მენტალიტეტის შესახებ”, – აღნიშნა რასმუსენმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინამ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღოს, სასურველია სამიტამდე, მაგრამ ნატო-ს ჩარჩოს მიღმა. ეს უნდა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივ წვრთნებს, საბრძოლო მასალის გაძლიერებულ წარმოებას, ნატო-სთან თავსებადობას და შეიარაღების მიწოდებას, რომელიც საკმარისი იქნება რუსეთის შემდგომი თავდასხმისგან შეკავებისთვის.

ამასთან, რასმუსენი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება საკმარისი.

„ნატო-ს ზოგიერთი მოკავშირე შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიების მომხრე იყოს, რათა რეალურად თავიდან აიცილოს რეალური დისკუსია უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. ისინი იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებით, შეძლებენ თავიდან აიცილონ ეს კითხვა. არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, ნატო-ს საკითხი ვილნიუსის სამიტზე დადგება“, – აღნიშნა რასმუსენმა.

მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ სახიფათოა უკრაინის ნატო-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვება. რასმუსენი მიიჩნევს, რომ გაწევრიანების გზა უნდა გამორიცხავდეს ისეთი წინაპირობების დადგენას, როგორიცაა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, რაც არც შვედეთს და არც ფინეთს არ მოეთხოვათ.

ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე უარყო არგუმენტი, რომ არ არის შესაძლებელი უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გზის შეთავაზება მანამ, სანამ ომი არ დამთავრდება და ხაზი გაუსვა, რომ ეს პუტინს ვეტოს მიანიჭებს.

Cesko