„ალტ-ინფო“ შემომწირველთა რაოდენობით მეორე ადგილზეა – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

0
214
28 Views

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, 2022 წელთან შედარებით „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ოფიციალური შემოწირულებები შემცირებულია.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემომწირველებზე დაკვირვებას.

„2022 წლიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოსთვის“ შეწირული ოფიციალურად დეკლარირებული თანხა 586 563 ლარია.

2022 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფინანსება მკვეთრად შემცირებულია. თუ 2022 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, პოლიტიკურ დაჯგუფებას 216 244 ლარი შესწირეს, 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, შეწირული თანხის რაოდენობა 25 599 ლარამდეა შემცირებული.

2023 წლის იანვრიდან 14 მაისის ჩათვლით, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ შემომწირველთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. „კონსერვატიული მოძრაობა“ შემომწირველთა რაოდენობით უსწრებს „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს და მხოლოდ „ლეიბორისტულ პარტიას“ ჩამორჩება.

2022 წელთან შედარებით, შემომწირველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. თუ 2022 წლის 16 თებერვლიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, განხორციელებული შემოწირულების რაოდენობა 214 იყო, 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით, პოლიტიკურმა დაჯგუფებამ სულ 29 შემოწირულება მიიღო.

2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, პარტიას 102 შემომწირველი ჰყავდა. აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია. შემომწირველი 101 ფიზიკური პირიდან უძრავ ქონებას მხოლოდ 33 ფლობს“, – ვკითხულობთ „„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციაში.

Cesko