რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ასევე რუსთავში მცხოვრები სიძე-ცოლისძმას – გიორგი სუხიაშვილი და უშანგი ბერძენიშვილი დააკავეს. დადგინდა, რომ მოკლულს ბოლო კონტაქტი სწორედ მათთან ჰქონდა. მკვლელობის მოტივი 1 700 ლარია, რომელსაც ბრალდებულები გიორგი მირზაშვილისგან ითხოვდნენ. მათ მსხვერპლი ველისციხეში სუხიაშვილის აგარაკზე მოტყუებით ჩაიყვანეს, ჯერ სცემეს, შემდეგ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაგუდეს. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ შემზარავ დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის გიორგი სულხანიშვილი მოკლულის ნათესავია.
„როგორც ვიცი, სულხანიშვილის სახლში, ველისციხეში ჩავიდნენ, ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ და ამას ვერავინ წარმოიდგენდა. რით მოხიბლეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მათ გაჰყვა კახეთში, სულხანიშვილის სახლში. ეტყობა, მან უთხრა, მოდი წავიდეთ და სოფელში ვიყოთ რამდენიმე დღეო და გაიტყუეს, კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცი. გიორგი მარტო ცხოვრობდა რუსთავში. მას საქართველოში არავინ ჰყავდა, მისი მშობლები გაშორებულები არიან წლებია, ამიტომ გიორგის მამასთან არ ჰქონდა ურთიერთობა. ბებიასთან და დედასთან იზრდებოდა, ბებო გარდაცვლილია, დედამისი კი ისრაელშია სამუშაოდ წასული.
გიორგი ახალი გადასული იყო დედამისის ნაყიდ ბინაში, 30 დეკემბერს შევიდა და არც დააცადეს იქ ბედნიერად ცხოვრება. სულ რამდენიმე დღე იცხოვრა თავის ახალ სახლში, მერე იანვარში წაიყვანეს იქ და იმავე დღეს არის მოკლული.
გიორგი ფიზიკურად ძლიერი იყო, მას ერთი ადამიანი მარტო ვერ მოერეოდა, როგორც ვიცი, უკნიდან მიეპარნენ და თავში აქვთ ჩარტყმული ურო. ასე სადისტურად მოუკლავთ.
მრავალჯერ ნასამართლევია მეორე ბრალდებული, უშანგი (უშო) ბერძენიშვილი, ამბობენ, ჯერ ორჯერ ჩაარტყეს, მერე გაგუდეს და ბოლოს, ჭაში ჩააგდეს და ჩააბეტონესო, ჯერ ქვები დაუყრიათ და მერე, ზემოდან ბეტონი დაასხეს.
გიორგი დედისერთა იყო. დედამ ვერც კი მოასწრო ჩამოსვლა შვილის დაკრძალვაზე, რადგან ექსპერტიზის შემდეგ, მეორე დღეს დავკრძალეთ. რომც ჩამოსულიყო, დედა ვერც კი შეეხებოდა და მოეფერებოდა თავის მონატრებულ შვილს, ვერც ნახავდა.
როგორც ვიცი, გიორგის მამაც საზღვარგარეთ არის, ევროპაში, მაგრამ მას მამასთან ურთიერთობა არც ჰქონდა წლებია.მკვლელობაში ბრალდებული ნათესავი სულხანიშვილი და გიორგის დეიდა რუსთავში ერთ კორპუსში ცხოვრობენ. დეიდის მეზობელია, თურმე კითხულობდა მასთან, გიორგი სად არის, ხომ მშვიდობა არისო. წარმოუდგენელია, ამას აკეთებდა…
რადგან დედა არ არის საქართველოში, ამიტომ გიორგის ნათესავები ეძებდნენ, მაგრამ ოჯახს გზა-კვალი აურია დამნაშავეების მიერ დაწერილმა მესიჯმა. ეს ამბავი 18 იანვარს მოხდა, ხოლო 19 იანვარს გიორგის დედას მისწერეს მესენჯერში, თითქოს გიორგი წერდა, დედა, მე მივდივარ მონასტერში და არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება და გამოვალ სიტუაციიდანო. რა სიტუაციიდან უნდა გამოსულიყო, არ ვიცი. ვალები ჰქონდა, მაგრამ ელემენტარული და ამ ყველაფერს დედამისი უგვარებდა. მკვლელობის მოტივი იყო უთანხმოებაო, ამბობენ, მაგრამ კონკრეტულად რა, ეს არ ვიცი.
გიორგის მობილური ტელეფონი არ ჰქონდა და “ფეისბუქზე” შესასვლელად ხშირად სხვის ტელეფონს იყენებდა, გეტყოდა, მათხოვე ტელეფონი, “ფეისბუკში” შევალო. როგორც ჩანს, მათი ტელეფონითაც ისარგებლა, ალბათ და მათ დამახსოვრებული ჰქონდათ “ექაუნთის” პაროლი.
სახლიდან წაღებული იყო ტანსაცმელი და დამშვიდებული ვიყავით, გვეგონა, რომ მართლა მონასტერში იყო.
საბოლოოდ, მისი დაკარგვის ამბავი გახმაურდა და პოლიცია, სადღაც ერთ კვირაში, ინფორმირებული იყო ამაზე. თუმცა ყველას ეგონა, რომ 25 წლის ბიჭი მართლაც შეიძლებოდა მონასტერში ყოფილიყო, მაგრამ თვეები რომ გავიდა და არ გამოჩნდა, ამის მერე, სამართალდამცველებმა ძებნა დაიწყეს. განცხადება პოლიციაში უკვე ოფიციალურად დაწერა ნათესავმა და ერთ კვირაში გავიდნენ კვალზე, ორი პირი დააკავეს, ცხედარიც იპოვეს და ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ დღეს.
როგორც ვიცი, ის დამნაშავე თავისი ფეხით მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე და ამბობენ, დანაშაული აღიარაო. პოლიციამ გვითხრა ორი დღე დაგვჭირდა ამ დანაშაულის გასახსნელადო და ეს წარმოუდგენელი დეტალები გახდა ცნობილი. გიორგი არ იყო კონფლიქტური, მაგრამ უსამართლობას ვერ იტანდა. უსამართლოდ მოქცევაზე რეაგირებას ყოველთვის მოახდენდა. ისე, ადამიანების გვერდში დგომა უყვარდა ყოველთვის. სულხანიშვილს პრობლემები ჰქონდა და მასაც ეხმარებოდა ყველაფერში. მეორესაც, ბერძენიშვილსაც ძალიან კარგად იცნობდა, არ ვიცი, რატომ მოკლეს ასე სადისტურად.
საშინელი ამბავია, ძალიან საშინელი, ისე სასტიკად არის დაღუპული, რომ არ ვიცი, რა ვთქვა. იმედია, ყველა დეტალს გამოიძიებენ და სიცოცხლით სავსე გიორგის მკვლელები საკადრისად დაისჯებიან” – განუცხადა “კვირის პალიტრას” გიორგის მეგობარმა.