ნეოლიბერალები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა მათ სჭირდებათ არა როგორც ღირებულება, არამედ როგორც ინსტრუმენტი დესტაბილიზაციის, არეულობისა და საკუთარი ბატონობის დამკვიდრებისთვის

0
230
23 Views

შიდა და გარე ნეოლიბერალები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა მათ სჭირდებათ არა როგორც ღირებულება, არამედ როგორც ინსტრუმენტი დესტაბილიზაციის, არეულობისა და საკუთარი ბატონობის დამკვიდრებისათვის, სხვათა სუვერენიტეტის შელახვის, დამონებისა და დაპყრობისათვის, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.

„ნეოლიბერალების სიტყვა და საქმე პოლიტიკაში არავის უკვირს სიტყვისა და საქმის დაშორება, მაგრამ როდესაც ამ დაშორების სისტემატურობა და მასშტაბები ძალიან დიდია, მაშინ ამა თუ იმ მატყუარა პოლიტიკოსის, პოლიტიკური ჯგუფის თუ პარტიის რეპუტაცია ეწირება სიტყვისა და საქმის სისტემატურ დაშორებას და საბოლოო ჯამში მათი პოლიტიკური გარდაცვალების მომსწრენი ვხდებით.
როგორც ცნობილია, ნეოლიბერალიზმის მიმდევრები მუდმივად აცხადებენ, რომ არიან დემოკრატიის ერთგულები, რომ ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ყველა ადამიანი არის თანასწორი და თანაბარუფლებიანი და ა. შ.. თუმცა, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, მათი მხრიდან ვხედავთ ამ ლოზუნგების საპირისპირო ქმედებებს. მაგალითად, ვიცით, რომ ნეოლიბერალების მიერ ნაქადაგები დემოკრატია გულისხმობს უმცირესობების უფლებების დაცვას, მაგრამ ყველა საკითხში გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიურ უფლებას უმრავლესობის მიერ. შიდა და გარე ნეოლიბერალები საქართველოში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაარღვიონ ეს ფუნდამენტური პრინციპი და იგონებენ ისეთ უცნაურ და უნიკალურ მექანიზმებს (იგონებენ ახალ ველოსიპედს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს უმცირესობამ და ამით დაირღვეს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. ასე იყო 3/5-ით (ანუ 150 პარლამენტის წევრის უმრავლესობით, არამედ 90 ხმით) პროკურორის, ცესკოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ა.შ. დაკომპლექტების წესების მიღებისას, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკა არ იცნობს. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიგნით ე. წ. ორმაგი 2/3-ის და სხვა ანომალიური წესების დამკვიდრების მოთხოვნისას.

რეალურად ე. წ. შარლ მიშელის შეთანხმებაც, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და როგორც დოკუმენტიც, იყო აბსურდი, არ ჯდებოდა არც საერთაშორისო და არც საშინაო ხელშეკრულების ფორმატში, ვინაიდან ხელმომწერი მხოლოდ ხელისუფლება იყო და მხოლოდ უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებისკენ იყო მიმართული.

როდესაც ლგბტქ+ თემის ადამიანებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა (დაწყებული ათეისტებიდან, დამთავრებული ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფს მიკუთვნებულებისა) განიხილავს ან ცოდვად ან მიუღებლად, შიდა და გარე ნეოლიბერალები თავს ახვევენ საზოგადოებას, რომ ისინი არა ნორმიდან გადახრილ, არამედ ნორმალური სექსუალური ორიენტაციის ადამიანებად ჩათვალონ. მათი ერთადერთი არგუმენტი მხოლოდ მედიკოსთა გარკვეული დაინტერესებული ჯგუფის მიერ 30 წლის წინათ გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნაა.

ნეოლიბერალები გაჰკივიან, რომ კორუფცია მიუღებელიაო და აწესებენ „ლეგალურ“ კორუფციას, ლობისტური ჯგუფების კანონიერად ცნობით, ასევე არ ერიდებიან მათ მიერვე დაგმობილი კორუფციული წესით ცხოვრებას, რაც სულ ახლახან გამჟღავნდა ევროპარლამენტში.

შიდა და გარე ნეოლიბერალები სიტყვით ამტკიცებენ, დასავლური ღირებულებების მექა ვართო და საქართველოში, მხარს უჭერდნენ სისხლიან დიქტატურას, რომელიც იდგა, მოსმენებზე, პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟზე, წამებებზე და დღესაც აქტიურად ცდილობენ ამ რეჟიმის რეანიმაციას და რეაბილიტაციას.

ნეოლიბერალები სიტყვით ამტკიცებენ, ხალხის არჩევანს პატივს ვცემთო და რეალურად ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის ყველა არჩევანს, ტრადიციებს, რწმენას, რის გამოც „პატრიოტიზმი“, „დემოკრატია“, „ადამიანის უფლებები“, „რეფორმები“ და „პარტნიორობა“, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილისთვის გახადეს მიუღებელი ან გაუგებარი. სიტყვა „თანასწორობის“ გაგებაში კი მათ კომუნისტებსაც გადაასწრეს, რომლებიც ამ სიტყვაში მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ნათელი იდეების მიმდევრებს გულისხმობდნენ, თორემ ყველა დისიდენტი და ანტიკომუნისტი მათთვის კეთროვანი იყო. ნეოლიბერალები მათი იდეების არგამზიარებლებს საერთოდ არ მიიჩნევენ ადამიანებად და ბიოლოგიურ მასად თვლიან, ამიტომაც არ ცნობენ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რადგან მათი გაგებით, ასეთი ხელისუფლება მეორეხარისხოვანი და „ჩასარეცხი“ ხალხის მიერ არის არჩეული.

სიტყვით სამართლიანობისა და თანასწორობის მქადაგებლებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განხილვისას უსამართლოდ და პოლიტიკური მიკერძოებულობით მიიღეს გადაწყვეტილება და საქართველოს არ მიანიჭეს ეს სტატუსი. არც რეფორმების ან მისიებში ქართული ჯარის მონაწილეობის ხარისხი და არც არაფერი იქნა გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

სიტყვით გვეუბნებიან, ქართველ ხალხზე ვზრუნავთო, საქმით კი – არ გაბედოთ თქვენი ხალხის ეკონომიკური, სოციალური და სხვა ინტერესების დაცვა, ჩაეხსენით რუსულ ბაზარს, არ დაუშვათ რუსეთთან ფრენების განახლება და სხვა ნაბიჯების გადადგმა, მერე რა, რომ ეს ყველაფერი ჩამოაქცევს თქვენს ეკონომიკასო. სამაგიეროდ, აშშ-ში გამგზავრების ვიზების მოთხოვნის მხოლოდ 33%-ზე გავცემთ თანხმობას, თქვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან კი ასეთ მოთხოვნების 70-80%-ს დავაკმაყოფილებთო.

მოკლედ, შიდა და გარე ნეოლიბერალები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა მათ სჭირდებათ არა როგორც ღირებულება, არამედ როგორც ინსტრუმენტი დესტაბილიზაციის, არეულობისა და საკუთარი ბატონობის დამკვიდრებისათვის, სხვათა სუვერენიტეტის შელახვის, დამონებისა და დაპყრობისათვის. სწორედ სიტყვისა და საქმის სისტემატური და მასშტაბური დაშორების გამო ვხდებით ნეოლიბერალების პოლიტიკური გარდაცვალების მომსწრენი“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko