როგორ გავარჩიოთ ნატურალური ყველი რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტისგან?

0
405
22 Views

“იმერული”, “ჭყინტი”, “სახაჭაპურე”, – ეს ის დასახელებებია, რომლებსაც მეწარმეები რძის ფხვნილისგან დამზადებული „ყველის მსგავსი“ პროდუქტის აღსანიშნავად იყენებენ. 2017 წლის 1 ივლისიდან ყველის წარმოების წესები გამკაცრდა და რძის ფხვნილისგან ან მცენარეული ცხიმისგან წარმოებულ პროდუქტზე ტერმინ „ყველის“ დაწერა აკრძალულია.

შესაბამისად, სარეალიზაციო ობიექტებში გამოჩნდა პროდუქტები, რომლებსაც არ აწერია “ყველი”, თუმცა, იყიდება ყველის სექციაში, აქვს ყველის ფორმა და მასთან ასოცირებული სახელწოდება (“იმერული”, “ჭყინტი“, “სახაჭაპურე”).

პრობლემების შესახებ იციან სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც კანონის აღსრუსლებაზე მონიტორინგი ევალებათ. თუმცა, ყველის მსგავს პროდუქტზე განთავსებულ ეტიკეტებს, რომელიც ყველთან ასოციაციას იწვევს, პრობლემად ან მომხმარებელების შეცდომაში შეყვანად არ მიჩნევენ.

“მეწარმემ უნდა დააწეროს რაღაც სახელი. თუ ჩვენ ბიზნესოპერატორს არ მივცემთ საშუალებას, რომ მან რაიმე სახელი მოიგონოს და დააწეროს, სურსათზე რაიმე დასახელება ხომ უნდა იყოს მითითებული?! ხშირ შემთხვევაში ეს არის მარკეტინგული ხრიკი – “ჭყინტი“, “სახაჭაპურე” და ა.შ. ამას კანონი არ კრძალავს”,- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე.

ის მოუწოდებს მომხმარებელს, პროდუქციის შეძენისას ეტიკეტს დააკვირდნენ და ყურადღებით წაიკითხონ რას ყიდულობენ – ყველს თუ მცენარეული ცხიმისგან დამზადებულ პროდუქციას.

ნამდვილი ყველი – ეს არის პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ რძისგან ბაქტერიული დედოსა და ბუნებრივი ფერმენტების დამატებით. რეალურად ეს არის გაუმჯობესებული რძე, რომელშიც თითქმის აღარ არის დარჩენილი უსარგებლო რძის შაქარი – ლაქტოზა, მცირე რაოდენობით არის წყალი, სამაგიეროდ ბევრია ფასდაუდებელი ცილა და კალციუმი. მაგრამ ამ სასარგებლო პროდუქტს დღეს, ისევე, როგორც ყველა სხვა პროდუქტს, მარტივად აყალბებენ: რძის მაგივრად იყენებენ პალმის ზეთს, რძის ფხვნილს, სოიოს, სტაბილიზატორებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. შედეგად ვიღებთ პროდუქტს, რომელშიც არათუ არა არის სასარგებლო ნივთიერებები, არამედ ორგანიზმისთვის დამღუპველია. სამწუხაროდ ამგვარ ფალსიფიკატს არა მხოლოდ ბაზრობაზე ან მცირე მარკეტებში შეხვდებით, არამედ დიდ სუპერმარკეტებშიც. ამიტომ აუცილებელია ვოცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი და ყალბი პროდუქტი.

პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ფასს: შეუძლებელია ნამდვილი ყველი იაფი ღირდეს, რადგან 1 კგ. მაგარი სახეობის ყველის დამზადებას დაახლოებიტ 10 ლიტრი რძე სჭირდება!

ასევე უნდა დავაკვირდეთ ყველის ქერქს: მასზე არ უნდა იყოს არანაირი ნადები ან ბზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში არის საშიშროება იმისა, რომ ყველთან ერთად მავნე ბაქტერიებიც შევიძინოთ.

ერთგვაროვანი სტრუქტურა, თანაბარი სიმეტრიული ხვრელები – ეს ყველაფერი ხარისხიანი ყველის ნიშნებია. მაგრამ თუ ფალსიფიცირება საკმაოდ დახვეწილია, ყალბი ყველი გარეგნულადაც ნამდვილი ყველის მსგავსი იქნება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ გარეგული მონაცემებით ნამდვილი და ყალბი ყველის გარჩევა მაინც შეუძლებელია.

თუმცა არსებობს ერთი ხერხი, რომელიც ამ შემთხვევაში დაგვეხმარება.

აღნიშნული ხერხით შემოწმება უნდა ჩატარდეს მაცივრიდან წინასწარ გამოღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გამთბარ ყველზე. მოხარეთ ყველის ნაჭერი ისე, რომ მართი კუთხე მიიღოთ. ყველი არ უნდა გადატყდეს მოხრის ადგილზე! წინააღმდეგ შემთხვევაში ხელში ფალსიფიცირებული პროდუქტი გიჭირავთ!

უხარისხო ყველი ადვილად ტყდება და იფშვნება. ამგვარ ყველს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა და ფერი, თანაბარი და სიმეტრიული ნახვრეტები, მაგრამ ეს ყველაფერი მატყუარაა.
არის მეორე უკიდურესობაც – პალმის ზეთით გაჯერებული პროდუქტი ასევე შეიძლება პლასტილინივით იზილებოდეს ხელში – ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს სიყალბესთან.

Cesko