ირაკლი კობახიძე: თუ ჩვენთვის უნდათ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევა, ჩვენ ამას მკაფიოდ და ღიად გავემიჯნებით

0
248
20 Views

თუ ჩვენთვის უნდათ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევა, ჩვენ ამას მკაფიოდ და ღიად გავემიჯნებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბუდაპეშტში გამართული კონფერენციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ამ ფსევდოლიბერალურ ხაზის მთავარი გამტარებელი არის რადიკალური ოპოზიცია.

„ბუდაპეშტში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც ჰქონდა სახელწოდება – ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და თუ დააკვირდებით იგივე ჩვენი პრემიერის გამოსვლას, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. საუბარი იყო ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე, რომელიც დღემდე საბედნიეროდ მოჰყვება მსოფლიოს. როდესაც ასეთ კონფერენციაში მონაწილეობას აპროტესტებ, ეს ჩვენთვის რბილად რომ ვთქვათ არის გაუგებარი. სამწუხაროდ, ეს ჩვენ შეგვახსენებს იმას, რომ თანდათანობით მძლავრობს ცალკეულ ევროპულ ოჯახებში ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც კლასიკურ ლიბერალიზმთან არაფერი აქვს საერთო. ეს ძალიან სამწუხაროა. თუ ჩვენთვის უნდათ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევა, ჩვენ ამას მკაფიოდ და ღიად გავემიჯნებით. ჩვენ დაახლოებით ათი დღის წინ უკვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ გადავხედავდით გარკვეულ საკითხებს, მათ შორის თანამშრომლობას კონკრეტულ ევროპულ ოჯახებთან. ამაზე მსჯელობა მოგვიწევს, დაველოდოთ პროცესებს.

საქართველოში ამ ფსევდოლიბერალური ხაზის მთავარი გამტარებელი არის რადიკალური ოპოზიცია, რასაც აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან უცხოელი აგენტები. შესაბამისად, ჩვენთვის „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირება ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შელახვასთან დაპირისპირებას, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებასთან დაპირისპირებას, ეს ნიშნავს ასევე იმ იდეოლოგიასთან დაპირისპირებას, რომელსაც ეფუძნება ნაცმოძრაობა თავისი არსით. თქვენ ნახეთ გამოფენა, რომელიც გაიმართა ევროპარლამენტში, რაც უბრალოდ მიუღებელია და რატომ – არსებობს სხვადასხვა ტიპის უფლებები და ერთ-ერთია რწმენის თავისუფლებაა, საიდანაც გამომდინარეობს ნებისმიერი პირის ვალდებულება, რომ სხვის რელიგიურ გრძნობებს სცეს პატივი. აქ უხეში ფორმით შეილახა სწორედ ეს უფლება. ეს კეთდება ამ ე.წ. ლიბერალიზმის სახელით. ჩვენ არ გვინდა ეს საქართველოში ვიხილოთ. „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები განასახიერებენ სწორედ ამ იდეოლოგიას, რომელიც მიუღებელია ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის და ეს არის 90%-ზე მეტი. ჩვენ ვდგავართ საზოგადოების მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.

Cesko