რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს – პუტინი

0
353
41 Views

მოსკოვი და მინსკი ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა Rossiya 24-ის ეთერში ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.

„3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1-ელ ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელორუსის ტერიტორიაზე“, – განაცხადა პუტინმა. 

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელორუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი.

ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ბირთვული იარაღი განთავსდება START-ით ნაკისრი ვალდებულებების დაურღვევლად.

პუტინის თქმით, ამ ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.

ამავე დროს, პუტინმა აღნიშნა, რომ ბელორუსი დიდი ხანია ითხოვდა რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას თავის ტერიტორიაზე.

პუტინის განცხადებით, მოსკოვი იმავეს აკეთებს, რასაც ვაშინგტონი ათწლეულების განმავლობაში.

Cesko