გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა არჩილ ადამიამ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის, ასევე გამოსწორდება კოდექსში არსებული ხარვეზები.
კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გადამეტებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები. კერძოდ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ იგივე ქმედებისთვის მძღოლი 300 ლარით, ხოლო პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, 600 ლარით დაჯარიმდება.
კომიტეტმა განხილულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.