ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.
უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს.
“3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ძალიან რთულია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ მხოლოდ ის მაძლიერებს, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ახლობლები, ყველანი დღემდე ჩემ გვერდით არიან და ჩემს უდანაშაულობაში ერთი წუთითაც არ შეუტანიათ ეჭვი. მამა ჩემთან პაემნებზე არ მოდის, არ ვიცი რატომ, ალბათ, მისთვის კიდევ უფრო რთულია მისი შვილის ასეთ დღეში ხილვა, თუმცა ტელეფონით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. დედა და ჩემი ძმა კი გამუდმებით მოდიან ჩემთან და მათი მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს“, – აცხადებს მსჯავრდებული.
“მე არ ვარ დამნაშავე და სიცოცხლის ბოლომდე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს ამ პოზიციას. ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ პოლიციის თანამშრომლებს თავიდანვე არ ვაცნობე იმის შესახებ, რომ ჩემთვის რაიან სმიტის მკვლელობის შესახებ ცნობილი იყო. მე უბრალოდ შემეშინდა, რომ ყველაფერს მე დამაბრალებდნენ და მთელი სისტემა ჩემზე შეიწმენდდა ხელებს. საბოლოოდ კი ასეც მოხდა“, – განაცხადა კობაურმა.
შეგახსენებთ, 2018 წელს, ხადას ხეობაში მკვლელობა მოხდა. რაიან და ლორა სმიტების, მათ შორის, მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.
წყარო: mix.metronome.ge