იტალიელ სამხედროს რუსეთისთვის ნატოს საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის გამო 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

0
281
26 Views

იტალიის საზღვაო ძალების ოფიცერს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის გამო 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რომის სამხედრო ტრიბუნალმა უოლტერ ბიოტს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, მათ შორის სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციის გადაცემაში დამნაშავედ ცნო.

სამხედრო პროკურატურა ბიოტისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. საქმის მასალების მიხედვით, ბიოტმა გადასცა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს მეხსიერების ბარათი, რომელზეც მის კომპიუტერში არსებული 181 დოკუმენტის ფოტოები იყო ჩაწერილი – მათგან 47-ს „ნატოს საიდუმლოს“, 57-ს კი „ნატოს კონფიდენციალური ინფორმაციის“ გრიფი ჰქონდა მინიჭებული. ამის სანაცვლოდ ბიოტმა 5000 ევრო მიიღო.

დაკავებამდე ბიოტი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობდა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და იტალიის მოკავშირეებთან ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი.

საზღვაო ძალების კაპიტანი უოლტერ ბიოტი 2021 წლის მარტში დააკავეს, როდესაც ის რომში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს ინფორმაციას გადასცემდა. მოგვიანებით ამ ინციდენტის გამო იტალიამ ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა.

Cesko