“ჩემმა დამ დედის თავშესაფარში მიბარება შემოგვთავაზა, ფულს მე გადავიხდიო… სხვა გამოსავალი არ იყო”

0
500
94 Views

“ჩემი ამბავი მინდა გაგიზიაროთ იმ მიზნითა და მოტივით, რომ გაჩვენოთ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გვიბრუნებს ცხოვრება უკან ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც.
მე და ჩემს მეუღლეს სკოლის მერხიდან გვიყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად ჩვენი ოჯახების სასტიკი წინააღმდეგობისა, ჩუმად გავიპარეთ და შევქმენით ოჯახი.
დედამთილმა თავიდანვე არ მიმიღო, ვაჟზე განაწყენებულმა, ჩემზე იყარა ჯავრი, რომ იტყვიან, ძაღლად არ მაგდებდა.
ცხონებული ჩემი მამამთილი ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა, ყოველთვის ვგრძნობდი მის თანადგომასა და მხარდაჭერას.
მეც და ჩემს მეუღლესაც ჩაგვჩიჩინებდა, რომ სწავლა არ მიგვეტოვებინა. ორსულად ვიყავი, რომ ვაბარებდი, ლექციებზე ჩვილით ვერ ვივლიდი, აქაც ჩემი მამთილი მედგა გვერდით, პირველი შვილიშვილიც მან გაზარდა. არ მახსოვს ჩემი დედამთილისგან რამეზე ხელის შეშველება, პირიქით გამწარებისა და ცუდის მეტი ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი მამამთილი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, ჯოჯოხეთად მიქცია ცხოვრება.
ვერც ბავშვებმა მოულბეს გული, ჩემი შვილიშვილები მხოლოდ ნონას (ჩემი მული) შვილები არიანო, იცოდა თქმა.
ჩემი მშობლების სახლში გამოვიქეცით მეც და ჩემი მეუღლეც. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, დიდი დრო გავიდა, ამ ხნის მანძილზე არც შვილი გახსენებია და არც შვილიშვილები, არ გვქონდა ურთერთობა.
ძალიან მეცოდებოდა ჩემი მეუღლე, რაც არ უნდა იყოს, დედაა, ყველა შვილისთვის დედა შეუცვლელია, მისგან კი ასეთ ცივ დამოკიდებულებას იღებდა.
რამდენიმე თვის წინ ერთმა ზარმა თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება. ჩემს მეუღლეს დაურეკეს, გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ კარგი ამბვი არ უნდა ყოფილიყო.
რეკავდა სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც ჩემი დედამთილი გონდაკარგული იპოვა შუა ქუჩაში მარტოდ. ბედის ირონიაა, მისი თქმით რამდენიმე ნომერზე დარეკა და მხოლოდ ჩემმა მეუღლემ უპასუხა.
თავქუდმოლეჯილი გავიქეცით, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ამ ღვთისნიერმა ახალგაზრდამ ჩემი დედამთილი მიიყვანა, უპატრონა და არ მიატოვა შუა ქუჩაში.
პალატაში შესვლამდე გული ხელით მეჭირა, მისგან კარგ დახვედრას არც ველოდი, მაგრამ მაინც განცდა მქონდა უცნაური…
ვერ გვიცნო, თავისი საკუთარი შვილი ვერ ამოიცნო…
კვლევების შემდეგ ექიმმა დიაგნოზი დაუსვა – დემენცია, დაავადება, რომელიც ხალხში „სკლეროზის“ სახელით არის ცობილი.
ექიმის თქმით, ერთბაშად არ იჩენს თავს სიპტომები, დაავადებას ახასიათებს თანდათანობით, შეპარვით დაწყება. იმდენად ამაყია, არც დახმარება ითხოვა, მალავდა და ამასობაში დაავადებაც გაურთულდა.
მაშინვე შევეხმიანეთ ჩემს მულს, რომელიც უკვე წლებია საზღვარგარეთ არის. დიდხანს ისაუბრეს და-ძმამ, საუბრის დასასრულს ჩემმა მეუღლემ მითხრა: „ნონამ დედას თავშესაფარში ჩაბარება შემოგვთავაზა, ფულს მე გამოგიგზავნითო“,- ცრემლებს ძლივს იკავებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ასე ვერ მოვექცეოდი ქალს, რომელმაც ამ ქვეყნად ჩემი მეორე ნახევარი მოავლინა.
რა თქმა უნდა, თავშესაფარზე უარი ვთქვით და სახლში წამოვიყვანეთ, ჩემი მეუღლეც პატარა ბავშვივით სიხარულით თავს ევლება დედამისს.
ახლა უფრო გართულდა მასთან ურთიერთობა, დაავადების გამო ხშირად აგრესიულად იქცევა, ვერ პოულობს თავის შენახულ ნივთებს და გვაბრალებს, რომ ჩვენ მოვპარეთ, იპარება სახლიდან, შემდეგ უჭირს ორიენტირება და შუაღამემდე ქუჩაში ვეძებთ გაქცეულს.
რამდენჯერმე გადავურჩით ხანძარს, გაზქურა აანთო და დატოვა ჩართული, ზემოდან ცარიელი ქვაბი შემოდგა… ვერ იხსენებს, ვინ ვართ, ამბობს, რომ ერთადერთი შვილი ჰყავს – ნონა, რომ ქმარმა მიატოვა…
ჩემი მული ყოველ დარეკვაზე ბოდიშს მიხდის, წუხს, იმის გამო რომ თვითონ ვერ მეხმარება, მე კიდევ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი დედასავით ვუვლი.
არ მინდა ნიშნისმოგებით, ან ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ ქალს, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, არაფრად გვაგდებდა და საახლობლო-სანათესაოში ჩვენი, საკუთარი სისხლისა და ხორცის, ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა, ცხოვრება ისე მოუბრუნდა, რომ ჩვენ გარდა წყლის მიმწოდებელი აღარავინ შემორჩა გარშემო…
ჩემი მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ პატივი ეცით ერთმანეთს, რძლებმაც და დედამთილებმაც. დააფასეთ და გაუფრთხილდით მათ, ვინც გყავთ და ვინც გარგუნათ განგებამ.
არავინ იცის, წინ რა გველოდება, რას გვიმზადებს ცხოვრება. უკვალოდ არაფერი იკარგება სამყაროში, ჩვენივე ნაკეთები კარგიც და ცუდიც წინ დაგვხვდება.”

ნათია, 37 წლის

წყარო: mshoblebi.ge

Cesko