“ჯობს, ბავშვს სახლში არ ეცვას ფეხსაცმელი… ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება” – გიორგი ღოღობერიძე

0
1017
22 Views

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” განმარტავს, რატომაა ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული სასარგებლო და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი მის იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზე:

– მთელი ბავშვობა მეუბნებოდნენ: “ფეხზე ჩაიცვი, გაცივდები”, “ფეხშიშველი ნუ დადიხარ, ფილტვების ანთება დაგემართება…” რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ თუ ბავშვს ფეხზე ჩააცმევთ, ეს მას უფრო წაადგება, ხოლო ფეხშიშველი სიარული ზიანს მოუტანს? – ეს აბსოლუტური სიცრუეა. პირიქით, ბავშვისთვის უკეთესიც კია, რომ ფეხზე არ ეცვას და სახლში, პირველი ნაბიჯებით დაწყებული, მომდევნოთი დამთავრებული, ფეხშიშველმა იაროს. 2018 წელს გერმანელი და აფრიკელი ბავშვების განვითარების ინდექსები შეადარეს. ნახეს, რომ გერმანიაში, სადაც ბავშვებს ფეხსაცმელები ეცვათ და ასე ვითარდებოდნენ და აფრიკაში, სადაც ბავშვებს არ ჰქონდათ ფეხსაცმელი, წარმატების მიღწევის შანსი ერთნაირი არ ყოფილა. აფრიკელი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გერმანელების. თუ თქვენ ბავშვს მუდმივად აიძულებთ, რომ ფეხზე ჩაიცვას, ის ფეხსაცმელი რიგიდულია და ტერფს რეცეპტორების განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. ტერფში რეცეპტორების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასს აღწევს. როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, 7 ათასიდან მხოლოდ ათასი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 6 ათასი უბრალოდ იძინებს. ჯობს, ბავშვს არ ეცვას ფეხსაცმელი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სწორედ ის 7 ათასი რეცეპტორი განავითაროს, რადგანაც ისინი იატაკიდან, ზედაპირიდან მიღებულ ინფორმაციას თავის ტვინს გადასცემენ. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება. ასეთ ბავშვებს ძალიან მყარი, ბალანსირებული სისტემა, კოორდინაციის უნარი აქვთ. მარტივი ბიძგებით არ წაიქცევიან და ტრავმებსაც მარტივად არ მიიღებენ. ხოლო, როცა ფეხსაცმელი აცვია, მისი ტერფი ისვენებს და ასეთი ბავშვებისთვის ტრავმების სიხშირე მეტი იქნება.

გარდა ამისა, როცა ბავშვს ფეხზე არ აცვია, მისი ტერფი უფრო განიერია. თუ ტერფი განიერი იქნება, უფრო დიდი ზედაპირის ფართობი ექნება და წონას უფრო კარგად დააბალანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხერხემალი, მენჯ-ბარძაყი, ჩონჩხოვანი სისტემა კარგად განვითარდება და უფრო მეტად დაცული იქნება.

ასევე, ამბობენ ხოლმე, რომ თუ ბავშვმა ფეხშიშველმა გაიარა, რაღაც ინფექციები დაემართება. როგორ შეიძლება ბავშვს ფეხშიშველი სიარულით ფილტვების ანთება დაემართოს? ფილტვების ანთებას მიკოპლაზმა, ვირუსები, სტრეპტოკოკი იწვევს, მაგრამ ამ ინფექციების გავრცელების გზა სასუნთქი სისტემიდანაა და არა ტერფიდან. ტერფზე კანის სისქე თითქმის 1 სანტიმეტრს აღწევს, ან შეიძლება მეტიც კი იყოს. ამიტომ, ამ სისქის კანის გავლა ბაქტერიისთვის, ვირუსისა და სოკოსთვის წარმოუდგენლად რთულია. პირიქით, როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია და მას დიდი ხნის განმავლობაში არ იხდის, ის დახუთული სივრცე, რაც ფეხსაცმელში იქმნება და ოფლი, სოკოს, ბაქტერიების განვითარებას ხელს უწყობს.

ასე, რომ როცა ბავშვი ფეხშიშველია, ეს მისი ჯანმრთელობისათვის უკეთესია, უფრო მომგებიანია როგორც იმუნური სისტემისთვის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემისთვის. ამ დროს აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება, დაწყებული უშუალოდ ტერფიდან, დამთავრებული თავის, ზურგის ტვინით, ხერხემლით. ჩვენ ხომ ტროპიკულ ქვეყნებში არ ვცხოვრობთ, სადაც კანის სხვადასხვა დაავადებაა გავრცელებული. აქ მსგავსი ინფექციები არ გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში ფეხშიშველი მოძრაობა ბავშვისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. უსაფრთხოა არა მარტო სახლში, ასევე გარეთაც. მაგრამ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი ფეხშიშველი გარეთ გადის, ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ, რომ სადმე მინის ნამსხვრევები არ იყოს და ფეხი არ გაიჭრას. გარდა ამისა, მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოვიყენოთ და ზედაპირის ტემპერატურას მივაქციოთ ყურადღება.

მარტივად რომ ვთქვათ, სახლის პირობებში ფეხშიშველი სიარული აბსოლუტურად უსაფრთხოა. ასევე, უსაფრთხო იქნება ეზოში სიარული, თუ ბავშვს ამის საშუალებას მივცემთ. ეს მის იმუნურ, საყრდენ-მამოძრავებელ და ნერვულ სისტემას განავითარებს.

წყარო: mshoblebi.ge

Cesko