„ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი – რა მნიშვნელობა აქვს კვებას | ინტერვიუ ექიმთან

0
635
24 Views

ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებული დონე გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის. გულის იშემიური დაავადების მესამედი გამოწვეულია მაღალი ქოლესტერინით – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. ჯანმოს შეფასებით, გლობალურად, მაღალი ქოლესტერინი იწვევს 2.6 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას ყოველწლიურად.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგი ბექა ვერძაძე ამბობს, რომ ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი ყველაზე ხშირად კვების ფაქტორით არის განპირობებული. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს კვებას და რას ნიშნავს „კარგი“ და „ცუდი“ ქოლესტერინი.

  • ბატონო ბექა, რას ნიშნავს „ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი?

ქოლესტერინი არის ცხიმოვანი მოლეკულები, რომლებიც ცირკულირებენ ორგანიზმში. არის ე.წ. მაღალი სიმკვრივის და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი. მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი ითვლება „კარგ“ ქოლესტერინად, რადგანაც მას აქვს უნარი, გამოიტანოს ორგანიზმიდან დაბალი სიმკვრივის, ანუ „ცუდი“ ქოლესტერინი.

  • რატომ არის საშიში ქოლესტერინის მაღალი დონე?

ქოლესტერინის მაღალ მაჩვენებელთან ასოცირდება ათეროსკლეროზული დაავადების ჩამოყალიბება, რომელიც თავის მხრივ აყალიბებს გულის იშემიურ დაავადებას და სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, რომლებიც ავიწროებენ სისხლძარღვებს, წარმოქმნიან თრომბს და ა.შ., რაც იწვევს ე.წ. იშემიას.

დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს უნარი აქვს არტერიის შიდა შრეში, ანუ ენდოთელიუმში ჩაჯდეს.

სამწუხაროდ, ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა დრო სჭირდება, მაგრამ ზოგან პირობითად ერთი წელში, ზოგან ათ წელში, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მოლეკულები, უხეშად რომ ვთქვათ, ეჭედებიან ენდოთელიუმში, შემდეგ კი აღწევენ მედიალურ შრესაც, ანუ შუა შრეს, რომელიც აქვს არტერიას და შესაბამისად, ამ შრეში ლიპიდების რაოდენობა იზრდება, რაც იწვევს ანთებითი პროცესის ჩამოყალიბებას და არტერიის სანათურის ანუ დიამეტრის შევიწროებას, დაპატარავებას.

  • რა როლი აქვს არაჯანსაღ კვებას ქოლესტერინის ზრდაში?

ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი მაინც უფრო ალიმენტურია, ანუ კვებითი. არაჯანსაღი კვება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.

ახლა დიდია ამ პრობლემის მქონე პაციენტების კონტინგენტი, რომლებიც ძალიან ახალგაზრდები არიან, შეიძლება 40 წლამდეც და პრობლემა, ძირითადად, განვითარებულია ალიმენტური ანუ არასწორი კვების ფონზე,  ნივთიერებათა ცვლის და არასათანადო ფიზიკური აქტივობის გამო.

  • სხვა რა მიზეზი განაპირობებს ქოლესტერინის მატებას?

ძირითადი მიზეზი მაინც ალიმენტურია, მაგრამ გარდა ამისა არსებობს მთელი კასკადი მექანიზმის, რაც განაპირობებს ქოლესტერინის მატებას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება.

მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც  ვითარდება ღვიძლის პათოლოგიები, რა დროსაც  ღვიძლი კარგავს თავის ფუნქციას, გამოიმუშაოს „კარგი“ თუ „ცუდი“ ქოლესტერინი.

ასევე, ყურადღება მინდა გავამახვილო არტერიულ ჰიპერტენზიაზე, ანუ მაღალ წნევებზე. მაღალი წნევის ფონზე  დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი ადვილად ეჭედება არტერიის კედელში და მეტი შანსია, რომ მალე ჩამოყალიბდეს ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, შესაბამისად, მალე შევიწროვდეს სისხლძარღვის სანათური და მივიღოთ შევიწროება.

ასევე, რისკ-ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

მიზეზებს შორის ერთ-ერთი წამყვანია ე.წ. ჩიყვი – ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, რომლითაც სამწუხაროდ ძალიან ბევრია დაავადებული, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ჰიპერქოლესტერმიის ჩამოყალიბება ხდება ჰორმონალურ ფონზე.

  • რა საკვებია საზიანო?

ეს არის საკვები გაჯერებული ცხიმითა და ტრანს ცხიმებით.

Mayoclinic: გაჯერებული ცხიმებია: ხორცი, კარაქი, ყველი და სხვა სრულცხიმოვანი რძის პროდუქტები. ტრანს ცხიმები, რომლებიც ზოგჯერ მითითებულია საკვების ეტიკეტზე, როგორც „ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი“, ხშირად გამოიყენება მარგარინებში და მაღაზიაში ნაყიდ ფუნთუშებში, კრეკერებსა და ნამცხვრებში.

ჩვენი სამზარეულო კი იცით როგორია, სამწუხაროდ, ძალიან ცხიმიანია, მეტი ცომეულით. აშშ-ში, ვიცით, რომ აქტიურად დგას სიმსუქნის პრობლემა, რაც ძირითადად ნახევარფაბრიკატებით არის გამოწვეული, ამ საკვებში კი ბევრი ქოლესტერინია.

ცხოველურ საკვებზე, მაგალითად ხორცზე თუა საუბარი, ისიც უნდა ითქვას, რომ არის ხორცეული, რომელშიც ქოლესტერინის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობაა.

მაგალითად, ქათმის ბარკალი, რომელსაც კანი ახვევია – ხორცში შეიძლება არა, მაგრამ კანში ძალიან დიდი რაოდენობით ქოლესტერინია; შემწვარი ხორცი მოხარშულზე საზიანოა;  ღორის ხორცში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ქოლესტერინია. 

აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული, განსაკუთრებით მძიმე საკვების მიღების შემდეგ, რათა მიღებული საკვები ადვილად მოინელოთ, ცხიმები არ შეინახოს ორგანიზმმა და გამოიყენოს ფიზიკური აქტივობის დროს.

  • როგორ ვიკვებოთ ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შესანარჩუნებლად?

საკვები ძირითადად უნდა იყოს ბოსტნეული, შეიძლება ზღვის პროდუქტებიც, მაგრამ ეს არა მხოლოდ ქოლესტერინის გამო, არამედ ზოგადადაც.

ზოგადად, არსებობს ცხიმების კატეგორია, რომელშიც უფრო მეტი რაოდენობითაა „კარგი“ ქოლესტერინი და არის ცხიმების კატეგორია, რომელშიც უფრო მეტია „ცუდი“ ქოლესტერინი, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.

„კარგი“ ქოლესტერინის გამომუშავებისთვის ძალიან კარგია ბოსტნეული. უნდა შევეცადოთ, რომ უფრო ბოსტნეულით დავტვირთოთ რაციონი, ვიდრე ცხოველური პროდუქტებით. ამასთანავე, დიეტა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ პაციენტმა არაფერი ჭამოს და საერთოდ გამოფიტოს ორგანიზმი.

Mayoclinic: საკვები, რომელსაც შეუძლია ქოლესტერინის დონის დაწევას დაეხმაროს:

შვრიის ფაფა, შვრიის ქატო და ბოჭკოვანი საკვები; შვრიის ფაფა შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელიც ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს. ხსნადი ბოჭკო ასევე გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა ლობიო, ბრიუსელის კომბოსტო, ვაშლი და მსხალი; ნუში და სხვა თხილი; ავოკადო; ზეითუნის ზეთი. 

Health.harvard.edu: ლობიო განსაკუთრებით მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით. ვაშლი, ყურძენი, მარწყვი, ციტრუსები – ეს ხილი მდიდარია პექტინით, ხსნადი ბოჭკოს ტიპით, რომელიც ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს; ასევე, ბადრიჯანი – ეს დაბალკალორიული ბოსტნეული ხსნადი ბოჭკოს კარგი წყაროა.

  • როგორია ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის მედიკამენტური მკურნალობა?

არსებობს პრეპარატების, ე.წ. სტატინების ჯგუფი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. სრულად აღკვეთა შეუძლებელია, მაგრამ ეს პრეპარატები ბლოკავენ ღვიძლში აცეტას, აცეტა კი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ ბიოქიმიურ ჯაჭვში, რომლის დაბლოკვის დროსაც ქოლესტერინის გამომუშავება აღარ ხდება. იმ რაოდენობის ელიმინაციას კი, რაც რჩება ორგანიზმში, თავად ორგანიზმი ახერხებს.

  •  ამ ჯგუფის პრეპარატები რა ხნით ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა?

პირველ რიგში პაციენტი იკეთებს ლიპიდოგრამას, რომელიც აჩვენებს, როგორც საერთო, ისე „კარგ“ და „ცუდ“ ქოლესტერინს და მოცემულია შესაბამისი ნორმები, რის მიხედვითაც განისაზღვრება მაღალ რისკის მაჩვენებელია თუ დაბალი რისკის. ამის მიხედვით პაციენტს ენიშნება შესაბამისი დოზა. მაქსიმალური დოზა არის 80 მილიგრამი, მინიმალური – 5 მილიგრამი. როგორც წესი, პაციენტთა უმრავლესობას ენიშნება 20 მილიგრამი.

იმის გამო, რომ სტატინების ჯგუფის მედიკამენტებს პირველი დარტყმა აქვთ ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, უფრო მეტად ღვიძლზე, მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს ვამოწმებინებთ ღვიძლის ფუნქციას, ე.წ. ALT და AST-ს, რაც აჩვენებს, თუ რა დონეზეა ღვიძლი დაზიანებული. თუ ღვიძლის მაჩვენებლები ნორმაშია, მკურნალობას ვიწყებთ საშუალოდ 20 მილიგრამით.

ერთი თვის შემდეგ პაციენტს ისევ ვაბარებინებთ ლიპიდოგრამას, ვამოწმებთ ლიპიდური სპექტრის კონტროლს, ჩამოიკლო თუ მოიმატა, ვუყურებთ „კარგი“ და „ცუდი“ ქოლესტერინის შეფარდებას და პასუხების შესაბამისად დოზას ვტოვებთ იმავეს ან ვეხმარებით სხვა პრეპარატით, რომელიც შეავსებს ორგანიზმში „კარგ“ ქოლესტერინს.

  • ვისთვის არის რეკომენდებული პროფილაქტიკის მიზნით შემოწმება?

პროტოკოლით, ქოლესტერინსა და გულის იშემიურ დაავადების ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორის გამო, ელექტროკარდიოგრამა და ლიპიდური ცვლის კონტროლი უკეთდება 40-45 წლის ადამიანს, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაავადება გაახალგაზრდავდა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რისკ-ფაქტორების მქონე უფრო ახალგაზრდა ადამიანებმა არ ჩაიტარონ შემოწმება.

მაგალითად, 25-27 წლის ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ჭარბი წონა, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ მაინც ლიპიდოგრამის გაკეთება.

ასევე, თუ ადამიანს აქვს კუჭ-ნაწლავთან, მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ღვიძლის პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებები – აუცილებელია, რომ ჩაიტაროს ელექტრო კარდიოგრამა და ლიპიდური ცვლის კონტროლი, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი [ენდოკრინული] დაავადებების დროს, ასაკის მიუხედავად შესაძლებელია იყოს მომატებული ქოლესტერინი, რომლის ელიმინაცია უჭირს ორგანიზმს.

batumelebi.netgazeti.ge

Cesko