სააკაშვილის “ელიტარული პატიმრობა”: მიშა ერთობა, მედპერსონალი – სასჯელს იხდის!

0
3875
22 Views

მიშა ავანსცენაზე ერთობა, მედპერსონალი კი სასჯელს იხდის
სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ კი არა, დაუყოვნებლივ კარცერში უნდა იქნას გადაყვანილი.

გვესაუბრება პოლიტოლოგი, პროფესორი ლალი მოროშკინა:

_ ქალბატონო ლალი, ბოლო პერიოდია, პოლიტიკურ ავანსცენაზე ერთი და იგივე სპექტაკლი მეორდება, რომელიც დიდი ხმაურით იწყება და ფინალი უცვლელია. რა სპექტაკლია, როგორი თეატრალური დასი გვყავს და ამას როდემდე უნდა ვუყუროთ?
_ თამაშდება ძალიან უნიჭო სპექტაკლი, თავისი უნიჭო მსახიობით. სამწუხაროდ, მთავარ როლში კვლავ მიხეილ სააკაშვილია, რომლის უნიჭობას და უნამუსობას საზღვარი აღარ აქვს. შეიძლება, მსახიობი ძალიან ნიჭიერი იყოს, მაგრამ უნამუსო. ასევე, იყოს ძალიან წესიერი, მაგრამ უნიჭო. როცა უნიჭო და უნამუსო ერთად არის, ვიღებთ იმას, რაც სახეზე გვაქვს. მაყურებელი ამ სანახაობისგან შეწუხებული, დასტრესილია. ხალხი ითხოვს, ფარდა დაეშვას. ეს სპექტაკლი საზოგადოებას აღარ აინტერესებს. გამოცდილი თვალი ამჩნევს, რომ ყველაფერი დასრულდა, დეკორაციები დაზიანდა და აფიშები ჩამოიხა. ახლა უნდა ველოდოთ ახალ დასს, ახალ სიტუაციას და მაყურებელს, რომელიც ამასობაში საკმაოდ გამოიბრძმედა. დიდი ხელოვანი ადამიანები ამბობდნენ: შეიძლება სპექტაკლი ნებისმიერ ქვეყანაში ითამაშო, მაგრამ ქართული საზოგადოების ტაში სულ სხვააო. იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ყოველთვის იცის, ვის მქუხარე ტაში დაუკრას, ვინ ბისზე გამოიძახოს, ვინ აპლოდისმენტების გარეშე დატოვოს. ვფიქრობ, საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია და კარგად ხვდება, რომ გრანდიოზულად უნიჭო თამაში მიმდინარეობს. პრაქტიკულად, მისული ვართ იმ საინტერესო მომენტამდე, როცა დეკორაციიდან დაწყებული, ყველაფერი უნდა შეიცვალოს _ არათუ ამ დასის ჩანაცვლება მოხდეს, არამედ მას ყველა ის ადამიანი გაჰყვეს, ვინც საკუთარ ხალხს ასე უნიჭოდ, უნამუსოდ ეთამაშებოდა.
_ სასამართლოზე უცხოელი ექსპერტები სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
_ ერთი რამ ძალიან მაკვირვებს _ სააკაშვილის უსაქციელობის გამო, რატომ არ არიან ამ დრომდე სამედიცინო პერსონალი და პატიმრები გაფიცულნი. ციხეში პატიმრები სახელმწიფოს არ უპირისპირდებიან, თორემ მიშას ვიგინდარული ქცევის გამო ციხე აქამდე აბუნტდებოდა. ძალიან ბევრ პატიმარს სჭირდება დახმარება. ამ დროს ხედავენ, რომ 200 ათასზე მეტი ლარი სიმულაციაზეა დახარჯული. იცით, კიდევ რას ვერ ვხვდები _ რატომ არ არის სააკაშვილი კარცერში გადაყვანილი. დიახ, არა უბრალოდ საკანში, არამედ კარცერში. სააკაშვილი მედპერსონალს როგორც ექცევა, ეს სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მის მიმართ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. არ მესმის, რატომ არის მის მიმართ კანონი ასეთი ლოიალური?! მედპერსონალი ისეთ დღეშია, ტირის. არ ვიცი, ვინ იხდის სასჯელს _ სააკაშვილი თუ მედპერსონალი. მიშა ერთობა, მედპერსონალი _ სასჯელს იხდის. მთავარია, როგორ მოიქცევა სახელმწიფო აპარატი, პროკურატურა, ის ადამიანები, ვინც რეალურად დაზარალებულნი არიან. ვფიქრობ, სააკაშვილს ექვსი წელი კი არ უნდა ჰქონდეს მისჯილი, არამედ საზღვრის კვეთასთან ერთად უნდა დაემატოს ბევრი სხვა დანაშაული, მათ შორის, დაისაჯოს მედპერსონალის მიმართ ასეთი დამოკიდებულებისთვის. ყველამ ვიცით, როდესაც საუბარია ადმინისტრაციულ დარღვევებზე, რაც მიშას არაერთხელ ჩაუდენია, ვადამდელ გათავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მან ყველაფერი დაარღვია, რისი დარღვევაც შეიძლებოდა. სასჯელის გადავადება ხდება მძიმე ავადმყოფობის დროს. მძიმედ სნეული ადამიანი ვერ დაწერდა ამდენ წერილს _ ბაიდენიდან დაწყებული, ყველას მისწერა. რაც შეეხება დემენციას, ეს სულ სხვაგვარად გამოიხატება. შესაბამისად, ის უნდა ყოფილიყო უმეტყველო და არა ქადაგად დაცემული და აგრესიულად განწყობილი. სააკაშვილი 100%-ით ჯანმრთელი გახლავთ. უბრალოდ, ის ბაძავს თავის უკრაინელ მეგობარს, ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან ეტლით გამოაგორეს და მერე ქუჩაში დროშებით დარბოდა. ეს ჩვეულებრივი, ნაცადი სიმულაციაა. კიდევ ერთხელ ვამბობ: სანამ ციხეები აგვიფეთქდა, სანამ გაგიჟდა ხალხი, რომელიც თვეებია სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, გარკვეულ ოპერაციებს, ყურადღებას და ა.შ. ელოდება, სჯობს გონს მოეგონ. ამ დროს მთელი ყურადღება და ფინანსები ერთ ადამიანს ხმარდება. ამ საკითხზე საჭიროა სწორი რეაგირება, რათა ქვეყანაში უმძიმესი პროცესები არ დაიწყოს.
_ წეღან ახსენეთ, სააკაშვილისთვის ექვსწლიანი სასჯელი ცოტააო. თქვენი აზრით, რა არის მისი მთავარი დანაშაული?
_ სააკაშვილის კისერზე ბევრი დანაშაულია, მათ შორის, უმთავრესი _ ტერიტორიების დაკარგვა. დიახ, ექვსი წელი ძალიან ცოტაა. იურისპრუდენცია იცნობს შეკრებითობის კანონს. ვფიქრობ, ეს კანონი სწორედ სააკაშვილზეა ზედგამოჭრილი. ექვსი კი არა ოცდათექვსმეტი წელიც ეკუთვნის და ორმოციც. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ხალხი დაიღალა იმის ყურებით, როგორ აღვირახსნილად იქცევა სააკაშვილი და როგორ ექცევა თავად საზოგადოებას. ეს უნდა დასრულდეს. სასჯელაღსრულების სისტემამ, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ხმა უნდა აღიმაღლონ. სხვაგვარად ქაოტურ, ანარქიულ პროცესებამდე მივალთ. მე სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი და ვიცი, პატიმრებმა შეიძლება დიდხანს ითმინონ, მაგრამ ერთი თუ დაიხუვლეს, ყველაფერი თავზე გადმოგვემხობა. შერჩევითი სამართალი დაუშვებელია. მიშაც ჩვეულებრივი პატიმარია და ისევე უნდა მოექცნენ, როგორც სხვა პატიმრებს. ადმინისტრაციული დასჯაც აუცილებელია. ასე თუ არ მოხდა, მაშინ სხვა პატიმრებიც მიშასავით მოექცევიან მედპერსონალს, ციხის თანამშრომლებს და რას მივიღებთ ამით?!.
_ სანამ დემენციის დიაგნოზზე ისაუბრებდნენ, აპელირება სტრესზე იყო…
_ სააკაშვილისგან სტრესი აქვს მიღებული ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისი ციხე გამოიარა. ასევე, სტრესშია სრულიად საქართველო. არჩევანი მარტივია _ ან მთელმა საქართველომ სტრესში ცხოვრება უნდა განაგრძოს, ან სააკაშვილი ჯეროვნად დაისაჯოს. გაცილებით კარგი იქნებოდა, მისგან ერთი ბოდიში მოგვესმინა და მერე ღირსეულად მოეხადა სასჯელი. მე სასჯელაღსრულების სისტემის მრჩეველი გახლდით, როცა ბაჩო ახალაია დააკავეს. ციხე _ ეს არის ფილტრი, როგორ იქცევა ადამიანი გისოსებს მიღმა. ბაჩომ ძალიან კაცურად მოიხადა სასჯელი. ასევე, მოწიწებით ექცეოდა ციხის პერსონალს ვანო მერაბიშვილი. სააკაშვილი რასაც კადრულობს, ყოველგვარ მორალს, ზნეობას სცდება.
_ ნაცები აცხადებენ: მიშას პირდაპირ ეთერში აწამებენო. რეალურად, რა არის წამება, რა ხდებოდა თავად სააკაშვილის ციხეებში?
_ იმ ციხეებში, რომელიც ჩვენ დავხურეთ, საშინელება ხდებოდა. ამ ციხეებში წამებაც არ იყო საჭირო, იმ საკნებში ცხოვრება უკვე წამება იყო. ამ ციხეებიდან გამოსული ძალიან ბევრი პატიმარი დაიღუპა, რადგან სტრესს ვერ გაუძლო. ეს კიდევ წამოგორებულია ოროთახიან ვიპპალატაში და არაფერი აკლია. ამით სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებს თავისივე შექმნილ პენიტენციურ სისტემას. იმასაც კი არ ამბობს: მართალი არ ვიყავი, ასეთ დილეგებში რომ მყავდით შეყრილიო. ქალთა ციხეში პირადი პაემნების ოთახები 2012 წლის შემდეგ გაკეთდა. სააკაშვილს იმდენად არ ემეტებოდა ადამიანებისთვის სიკეთე, რომ მის ციხეში პირადი პაემნების ოთახებიც კი არ არსებობდა. ეს უბედურება იყო _ როდესაც ქალს იჭერდნენ, მას უფლებაც არ ჰქონდა, შვილი, ქმარი ენახა. მიშას ციხეებში არსებულ პირობებს ნორა კვიციანისა და სხვა პატიმრების ფსიქიკამ და ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო. ამ ადამიანების სულები სააკაშვილს დიდხანს შეაწუხებენ. არავის ვურჩევ, მიშას ბედი გაიზიაროს.
_ ადვოკატებმა სააკაშვილის სია შეადგინეს. როგორ შეაფასებთ ამას?
_ მაგნიტსკის საქმე აბსოლუტურად სხვა რამ იყო. მაგნიტსკის სიაზე, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მაშინ ვსაუბრობდი. დიახ, ვამბობდი: ოდესმე მაგნიტსკის სიის მსგავსი გაკეთდება-მეთქი. ასეთი სია კიდეც გავაკეთეთ და იმ ჯურღმულის შემოქმედები დაისაჯნენ. ასე რომ, პლაგიატობას შეეშვას, ეს სია ჩვენ უკვე შევადგინეთ. ვიცით, რომ ყველას სიებში შეყვანა, ვინც ნაცებსა და მის ბელადს აუგად მოიხსენიებს, მათი საყვარელი საქმიანობაა. მე და ჩემნაირები ვიყავით შავ სიაში შეყვანილი და ათი წელი არაფერი გვაღირსეს, ჩვენს შვილებს ქუჩებში დასდევდნენ და რას აღარ კადრულობდნენ. მხოლოდ მათთან დაახლოებული ხალხი იყო ავანსცენაზე. ეს მათი მართვის მეთოდია _ ადამიანები თავისიანებად და შავ სიაში მყოფებად დაჰყონ. შავი სიები მუდმივად არსებობდა, რაც მათ მიერ მართულ ყველა ტელევიზიას ჰქონდა. მიშას მმართველობის სტილი იგივე დარჩა _ ვისი დაშინებაც შეუძლია, აშინებს, პირველ რიგში კი, თავისიანებს. ვხედავთ, რომ მელია განუდგა. პრაქტიკულად, «ნაცმოძრაობა» დაიშალა. შემიძლია თამამად ვთქვა: ის ადამიანებიც, რომლებიც მის გუნდში მოიაზრებოდნენ, მისგან დაიღალნენ, რადგან ყველას ესმის, რომ ეს დამთავრებული თამაშია. დღეს ადამიანს ოდნავ გონება თუ უჭრის და სექტის წევრი არ არის, ხვდება, რომ მიშას თამაში დამთავრებულია.
_ კასრებში არსებობდა სიები, თუ ვინ უნდა დაეჭირათ, ფიზიკურად გაენადგურებინათ. ესეც ხომ არ გადავცეთ ბროუდერს?
_ ამ კასრების ვიდეოები როცა გვანახეს, ჟურნალისტებს გული ხელით გვეჭირა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ფაილები ბოლომდე განადგურებული არ არის და ალბათ, საჭიროების დროს გასაჯაროვდება.
_ ალბათ, ერთი ქართული ნიურნბერგის პროცესი აქაც უნდა მოეწყოს?
_ დაუსჯელობის სინდრომი ყველაზე ცუდი რამაა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორი ზეწოლა მიდის პირადად ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და ა.შ. ბევრს არ სჯეროდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანისთვის შვეიცარიის ბანკში ანგარიშები გაეყინათ. ვამბობდით: ამას როგორ იკადრებენო, მაგრამ ხომ იკადრეს. ამიტომ მესმის, თავის დროზე რატომ ვერ მიუჩინა თავისი ადგილი ივანიშვილმა ნაცებს _ არავინ იცის, ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებდნენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხომ ხედავთ, როგორ გვემუქრებიან: ტანკებით გადაგივლითო. ყოველთვის არსებობდა ისეთი სადამსჯელო რაზმები, რომლებიც მუდმივად მზად იყვნენ ქვეყნის ასაოხრებლად. ისედაც გადარჩენილები ვართ, უკრაინის მსგავსი პროცესები ჩვენთანაც რომ არ განვითარდა. საქართველოს 2008 წლის ომი ჟურნალი იყო და კინო უკრაინაში გაგრძელდა. ამიტომ აბსოლუტურად ვიაზრებ, რატომ ვერ მიუჩინა ადგილი ნაცებს «ქართულმა ოცნებამ». ეს მაშინ ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა ხალხიც დაბრძენდა, ყველამ დაინახა, სააკაშვილი რას წარმოადგენს და ვფიქრობ, დადგა დრო, ყველაფერს თავის სახელი დაერქვას.
_ თქვენ იყავით ერთ-ერთი ორგანიზატორი აქციისა: არა _ მიშას შეწყალებას! რა მოლოდინი გაქვთ პრეზიდენტისგან?
_ დიახ, ეს რამდენიმე საათში ორგანიზებული, სპონტანური აქცია იყო, რა დროსაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ხალხს არაფერი დავიწყებია, მუდმივად მზად არის, საკუთარი ღირსება კბილებით დაიცვას. იქ ვნახე ქალბატონები, რომელთაც ერთი კი არა ორ-ორი შვილი მოუკლეს. სხვათა შორის, ისინი სალომეს ამომრჩევლები არიან. კარგია, რომ პრეზიდენტმა თავის ამომრჩეველს თვალებში ჩახედა. თუმცა იგი აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. მე მართლა მეგონა, რომ ზურაბიშვილი ხალხთან გოზინაყით გამოვიდოდა და შობა-ახალ წელს მიულოცავდა, მაგრამ რაც მოხდა, თქვენც ნახეთ. ფაქტია, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა _ თურმე სტუმრად სანდრა რულოვსი ჰყავდა. აი, ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის სახე, რომელიც თავის ამომრჩეველს ეუბნება: რას მომივარდით აქო. ეს აქცია ძალიან კარგი გამაფრთხილებელი სიგნალი იყო _ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოდესმე ხალხის ნების წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას გაბედავს, აეროპორტამდეც ვერ მიასწრებს. ხალხის რისხვას ჯერ ვერავინ გაექცა. ამას ყველა უნდა უფრთხოდეს, მათ შორის, პრეზიდენტიც.
_ რას მოელით სასამართლო პროცესებისგან. თქვენი აზრით, მიშასთვის სასჯელის გადავადებას რა მოჰყვება?
_ სამოქალაქო დაპირისპირება. ამას ვერავინ აიტანს. ვფიქრობ, ასე არ მოხდება. სააკაშვილს სასჯელი უნდა გაუათმაგონ, მისი ადგილი კარცერშია.
_ ევროსაბჭოს რეზოლუციების აბსურდის თეატრზეც ვისაუბროთ. რას ფიქრობთ, მიშას ციხიდან დასახსნელად გაერთიანებულ აშშ-სა და ევროსტრუქტურების ჩართულობაზე?
_ მათ მიაღწიეს ერთ ძალიან ცუდს რამეს _ მსოფლიოს უთხრეს, რომ უკრაინა იჩაგრება და უნდა დავეხმაროთ. პრაქტიკულად, უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა დამარცხდა, რადგან სტრატეგიული წერტილები აღებულია. მეტიც, უკრაინელები, მილიონობით ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა, განადგურდა ხალხი, ქვეყანა, რომელიც ამ შეხმატკბილებულ პრორუსულ თამაშს გადაჰყვა. 2008 წელს მცირემასშტაბიანი გენერალური რეპეტიცია ჩატარდა, რასაც უკრაინის ომი მოჰყვა. დღეს ევროპა დაკნინებულია, ენერგოკრიზისი მძვინვარებს, ქუჩები არ ნათდება, საშინელი სიცივეა, კაფეებში გათბობა აკრძალულია. ეს მათი არასწორი გამონათქვამების, მიდგომების შედეგია. დღეს იქ უმძიმესი ვითარებაა. მაგრამ ეს სპექტაკლი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. სამწუხაროდ, ამ ლოგიკური დასასრულით ამერიკამ რუსეთი უფრო გააძლიერა. ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ილონ მასკისა და პუტინის გარიგებაზე. მარცხი, რომელიც ამ ბოლო დღეებში უკრაინის ჯარმა განიცადა, როგორც ამბობენ, დაკავშირებულია იმასთან, რომ ის სატელიტური მიმღებები გაეთიშათ, რომელიც ილონ მასკის დადგმული იყო. დიდი თამაში მიდის. ილონ მასკზე ამერიკაში გამოძიება უკვე დაწყებულია. მან არჩევანი თავად გააკეთა _ ბაიდენის მხარეს ყოფილიყო თუ პუტინის. ამ დროს, რეალურად, ეს ორი ზესახელმწიფო პროქსიომს აწარმოებს უკრაინაში და მას ორივე ერთნაირად ანადგურებს. არავის აინტერესებს, როგორ უნდა დადგეს ეს ქვეყანა ფეხზე. უკრაინა როგორც ქვეყანა, ძალიან მალე აღარ იარსებებს. საქართველოში უნდათ, ეს რეალობა თავს მოგვახვიონ. მეტიც, იმასაც კადრულობენ, რომ თავიანთი ძვირადმოყიდული უვარგისი იარაღის უკან დაბრუნებას გვთხოვენ. ამ სპექტაკლის რეჟისორი და შემოქმედი ოდესმე აუცილებლად დაისჯება, მაგრამ ლოკალურად ჩვენ შეგვიძლია, რომ იმ უნიჭო და გაყიდული მსახიობებისგან, რომლებიც ფარსში იღებენ მონაწილეობას, ბუნდღა აღარ დავტოვოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე ფრონტის თემა ისევ აქტუალურია. კასიანოვის განცხადებებიც ხომ ამის დასტურია. პირდაპირ დავალება აქვთ მიღებული, დააქციონ ჩვენი ქვეყანა.
_ რაც შეეხება ევროპის, ამერიკის განცხადებებს, რომ სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან და თუ მათ არ გავათავისუფლებთ, სტატუსს ვერ მივიღებთ. ეს რას ნიშნავს?
_ ეს არის შანტაჟი, რასაც ჩვენი ქვეყანა არ უნდა წამოეგოს. საქართველო მედგრად იდგება ღირსების დასაცავად და მას ვერავინ მოერევა. სხვაგვარად, ვერც სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით და მხოლოდ იმ ტერიტორიად დავრჩებით, რომელიც ავღანური წამლის ამერიკაში გადასაზიდი სატრანზიტო გზა იქნება.

წყარო: საერთო გაზეთი

Cesko