“არაფერს არ ითხოვდა, სამჯერ გვესროლა… ბოთლი გადმოაგდო და აფეთქდა… მაღაზიაშიც ისროდა და პოლიციელი მოკლა… ვინც ვერ შეასწრო, ყველა ჩაცხრილა” – ამის შესახებ ” თვითმხილველი საუბრობს და საგარეჯოში მომხდარის დეტალებს იხსენებს.
“არაფერს არ ითხოვდა. უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო… და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი. გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა… იქ იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მე მგონი იოლის მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელები მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა. ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა, – ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის კიდევ ერთმა თვითმხილველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მსროლელი ამ კორპუსში 5 წელია ცხოვრობდა.
„სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა. 4 ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დავინახე, დაჭრილია ერთი, რომელიც გადაიყვანეს. არაფერს ამბობდა. ორივე მხრიდან ისროდა, გზის მხარესაც, ფანჯრიდან. დაღუპულები ადგილობრივები არიან, ჩემი მეზობლები, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ და ეზოში იყვნენ. მსროლელიც ჩემი მეზობელი იყო. ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი, არავისგან ცუდი მასზე არ გამიგია. ერთი ხუთი წელია აქ ცხოვრობდა, მანავიდან გადმოვიდა. რამდენადაც ვიცი, მეუღლესთან გაშორებულია და მასთან გოგო და ბიჭი ჰყავს“,- განაცხადა ადგილობრივმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომლთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
წყარო პრაიმტაიმი