შს მინისტრის განცხადებით, საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

0
787
22 Views

საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან სროლის შესახებ, რის შედეგადაც, გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე პირი, რომელიც ყოფილი სამხედროა, აღნიშნულ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში ქირით ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ის სახლში არ უნახავთ. ამასთან, ადგილზე გავრცელებული ცნობით, ყოფილი სამხედრო ავღანეთში იბრძოდა.

გარდა ამისა, ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილმა სამხედრომ თვითლიკვიდაციამდე ცოლ-შვილიც მოკლა, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მყოფმა შეიარაღებულმა პირმა, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, პირმა, რომლის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად არიან მოკლულები და დაჭრილები, თავი ადგილზე სპეცრაზმის მისვლისთანავე მოიკლა. რაც შეეხება მოკლულებისა და დაჭრილების რაოდენობას, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში კორპუსთან, საიდანაც პირმა გასროლა განახორციელა და რამდენიმე პირი მოკლა, სპეცოპერაცია დასრულებულია, გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.

შს მინისტრის თქმით, ტერიტორია ამ დროისთვის უსაფრთხოა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

Cesko